საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბოლო სამი დღეა, აშშ-მა და ისრაელმა ტაქტიკა შეცვალეს: ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ იერიშები უკვე არა მხოლოდ მსხვილ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სარაკეტო გამშვებებზე, არამედ სახელდახელოდ მოწყობილ საგუშაგოებსა და ცოცხალ ძალაზე მიაქვთ. ეს უკიდურესად ეფექტური სტრატეგიაა, რადგან მსხვილი სამხედრო ბაზების დიდი ნაწილი რეჟიმის შეიარაღებული ძალებისგან პირველი დღეების შემდეგ დაცარიელდა, სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურა კი – ომის პირველივე კვირას განადგურდა.
ახლა ისლამისტების რიგებში სერიოზული შიში და დაბნეულობაა. აშშ და ისრაელი მასობრივად იყენებენ დამრტყმელ დრონებს, რომლებიც ბასიჯისა და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (IRGC) თავშეყრის ადგილებს წერტილოვნად ანადგურებენ. დარტყმები ზოგჯერ 3 სამხედროსაგან შემდგარ ირანულ პოლიციურ დანაყოფებზეც კი მიაქვთ.
ეს მიდგომა რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის მოქმედებას აადვილებს, იქნება ეს სახალხო აჯანყება, სამხედრო გადატრიალება თუ საგარეო ინტერვენცია. თუმცა, ნათელია, რომ ომის აქტიურ ფაზაში ფართომასშტაბიანი სახალხო აჯანყების ორგანიზება საკმაოდ რთული იქნება, ხოლო მისი თვითნებური განხორციელება – კიდევ უფრო რთული.
რაც შეეხება პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას: ახლა აშშ-ის ნომერ პირველი ამოცანა ჰორმუზის სრუტის განბლოკვა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარება უნდა იყოს. ამიტომ, შესაძლებელია ვიხილოთ ის, რასაც ვაშინგტონში უკვე ერთი კვირაა განიხილავენ – ჰორმუზის სრუტის ჩამკეტი ქეშმის კუნძულისა და სპარსეთის ყურეში მდებარე ხარკის კუნძულის დაკავების ოპერაცია. წმინდად სამხედრო თვალსაზრისით, ჰორმუზის უსაფრთხო ფუნქციონირება ქეშმისა და შემოგარენი კუნძულებისა და ტერიტორიის ირიბი თუ პირდაპირი კონტროლის გარეშე გარეშე, საკმაოდ რთული იქნება.
ქეშმის გარდა, არც ეკონომიკურად საინტერესო ქიშის კუნძულზე იერიშია გამორიცხული. ამასთან, რაც შეეხება ხარკის კუნძულს: როგორც ადრეც აღვნიშნე, ირანის ნავთობის 80-90 პროცენტი სწორედ ხარკის ტერმინალიდან გაედინება. მისი დაკავება ან იქ ინფრასტრუქტირის განადგურება რეჟიმს კრიტიკულ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს და, ამასთანავე, მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესი სამხედრო პლაცდარმი გახდება. თუმცა ამ ყველაფრის განხორციელებას პოლიტიკური ნება დასჭირდება.
ამ კუნძულებზე განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ტერიტორიის გარკვეულწილად მოსუფთავება წუხელ განხორციელდა.
მაგრამ მთავარი სტრატეგიული პრობლემა უცვლელია: რეჟიმის საბოლოო ჩამოსაშლელად ხმელეთზე რაღაც უნდა მოხდეს. მხოლოდ ციდან მოწინააღმდეგის დაჩოქება რთულად წარმოსადგენია. კოლაბორაციის იძულებისთვისაც კი IRGC-ის ოფიცრობის დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურება იქნება საჭირო, ხოლო რეჟიმის სრული დემონტაჟისთვის – გაცილებით მეტი. მართალია, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ შედარებით დიდი დრო დასჭირდება მას.
გლობალურ ჭრილში, ამ ყველაფერს რუსეთზე მეტად ჩინეთი აკვირდება. პეკინმა იცის, რომ სასწორზე არა მხოლოდ ირანული ნავთობია (რომელიც მის ეკონომიკას კვებავს), არამედ ამ ომის შედეგი პირდაპირ განსაზღვრავს ტაივანის ბედს. თუკი აშშ-მა ირანში სტრატეგიულ-პოლიტიკური ამოცანები ვერ შეასრულა და რეჟიმის ჩამოშლა ან იძულება სწრაფად ვერ უზრუნველყო, ჩინეთის მხრიდან ტაივანზე მოქმედების შანსი გაიზრდება. თუმცა ჩინეთისათვის აშშ-ს მხრიდან ტოტალური საჰაერო და საზღვაო დომინაცია, გარკვეულწილად, ფრთხილი დასკვნების გამოტანის და საკუთარი ძალების გადაფასების საფუძველი გახდება.
ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი მოთამაშე რუსეთია: ძალიან ცუდი იქნება, თუ აშშ ირანში ხანგრძლივ, გამომფიტავ ომში ჩაეფლობა. ეს სცენარი უკვე მოსკოვს აძლევს ხელს. ამერიკული რესურსების ბოლომდე ახლო აღმოსავლეთზე გადასვლა და ნავთობის ფასის ხანგრძლივი დროით ზრდა, კრემლში გაუხარდებათ მხოლოდ.
ირანის რეჟიმს წინ ურთულესი დღეები ელის. ფიზიკურად რომც გადარჩეს (და ეს ცუდი შედეგი იქნება), ქვეყნის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, ძალაუფლების შენარჩუნების გარანტია მაინც აღარ ექნებათ. ეს მით უფრო ცხადი გახდება თუკი ნავთობის კუნძული ამერიკელებმა დაიკავეს ან იქ მდებარე ნავთობობიექტები გაანადგურეს. აიათოლებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: ან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების დაწყება და ჩრდილოკორეიზაცია (თავის ბირთვულ იარაღზე მუშაობის ჩათვლით), ან სასიცოცხლო დათმობებზე წასვლა, რაც მათი იდეოლოგიური კრიზისის ტოლფასი იქნება. ან ერთი ან მეორე გამოუვათ თუ არა – საკითხავია.
წინ საინტერესო პერიოდი გველოდება.














კომენტარები