4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები, ისევე, როგორც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დროს დაკავებული, ბრალდებული, თუ მსჯავრდებული ყველა პირი პოლიტიკური დევნის ობიექტია და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალო – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი, სახელწოდებით – “პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმის ანალიზი: წინასწარ დაგებული მახე?”
როგორც TI წერს, “რეჟიმის ძალისხმევა, რომ ეს მოვლენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ შეფასებულიყო, როგორც ე.წ. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა და, აქედან გამომდინარე, გამოყენებულიყო ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად, ისევე ჩავარდა, როგორც ყველა უწინდელი ანალოგიური ძალისხმევა”
ჩავარდნის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული საფუძვლიანი ეჭვია, რომ სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი „დამხობის“ გეგმა ან თუნდაც განზრახვა და, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების ნაწილის მახეში გაბმის და, მაშასადამე, დანაშაულის პროვოკაციის შედეგია. ამას ემატება ბრალად შერაცხული დანაშაულების კვალიფიკაციის უსაფუძვლობა, რაც ქართულ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში მავნე ტრადიციად არის ჩამოყალიბებული.
ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები, ისევე, როგორც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დროს დაკავებული, ბრალდებული, თუ მსჯავრდებული ყველა პირი პოლიტიკური დევნის ობიექტია და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია.
TI-ის თანახმად, ქვეყანაში, რომლის 230-ზე მეტი ოფიციალური პირი, მათ შორის, 47 მოსამართლე და 17 პროკურორი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივ მოვლენად არის გადაქცეული.
რაში ედებათ ბრალი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულებს – ამ ჭრილში “საერთაშორისო გამჭვივრალო -საქართველოს განხილული აქვს მხოლოდ ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას. ესენი არიან მსოფლიოში განთქმული ბანი – პაატა ბურჭულაძე, აგრეთვე პოლიტიკოსები – მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე – (სრულად ნახეთ აქ)
- 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს 66 პირის მიმართ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიზში ასევე საუბარია სასახლის ღობეზე, რომელიც ერთი მიწოლით ჩამოიშალა.
პრეზიდენტის სასახლესთან მისული მოქალაქეების ნაწილმა სასახლის ღობის შენჯღრევა დაიწყო. სულ ოთხიოდე მიწოლის შემდეგ კი ღობის ერთი სექცია ჩამოიშალა და პროტესტის რამდენიმე მონაწილემ სასახლის ეზოში შეაღწია.
ამ დროს სასახლის ეზოში სასახლის დაცვის სულ 8 თანამშრომელი იმყოფებოდა. თუმცა, პროტესტის მონაწილეების ეზოში შესვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ სასახლის შენობიდან გამოვიდა სრული აღჭურვილობით – ფარებით, მუზარადებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით შეიარაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ათეულობით პოლიციელი, რომლებმაც აქციის მონაწილეები ჯერ პრეზიდენტის სასახლის ეზოდან, ხოლო, შემდეგ დამატებითი საპოლიციო ძალების დახმარებით, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანის მეშვეობით სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან განდევნეს და რამდენიმე ათეული პროტესტის მონაწილე დააკავეს.
TI ასევე სამართლებრივ ანალიზს აკეთებს 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების საჯარო განცხადებებზეც.
4 ოქტომბრამდე გაკეთებული განცხადებები „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ მხედველობაში საერთოდ არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან ისინი თავსდება „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ადვოკატირების ფარგლებში და კონკრეტული მოქმედების წაქეზებად ვერაფრით იქნება მიჩნეული, რადგან ისინი ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ აბსტრაქტული იდეის შემცველი იყო და კონკრეტული მოქმედების გეგმას არ შეიცავდა. შესაბამისად, ეს განცხადებები დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით. ცალკე საკითხია, შეიძლება თუ არა „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის“ ან „ხელისუფლების დამხობის“ წაქეზებად იქნეს მიჩნეული 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე ბრალდებულების მიერ გაკეთებული რომელიმე განცხადება.
პაატა ბურჭულაძის მიერ წაკითხული ეროვნული ყრილობის დეკლარაცია, რომელიც ზემოთ არის ციტირებული, სიმბოლურ-ცერემონიული ხასიათის დოკუმენტი იყო, რომელსაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის იურიდიული კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. ასევე შეუძლებელია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გაკეთებული მოწოდება ივანიშვილის და მისი თანამზრახველების დაკავების შესახებ უკანონოდ იქნეს მიჩნეული.
ჩვენი აზრით, ასევე სიმბოლური ხასიათის იყო მურთაზ ზოდელავას განცხადებაც პრეზიდენტის სასახლის „გასაღების ჩაბარების“ თაობაზე. ძალადობის შესახებ პირდაპირი განცხადება მას არ გაუკეთებია. საბოლოო ჯამში, წარმოადგენდა თუ არა ასეთი განცხადება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებას, ეს ცხადია დამოუკიდებელი სასამართლოს შესაფასებელია, თუმცა, არა ისეთი პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლოსი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბდა.
მაგრამ როგორადაც არ უნდა იქნეს შეფასებული 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები სსკ-ის რომელიმე სხვა მუხლის ჭრილში, „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლად“ ან „ხელისუფლების დამხობად“ ისინი მაინც ვერ შეფასდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე პრეზიდენტი არ წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრს და მისი რეზიდენციის „ბლოკირება“ ან „ხელში ჩაგდება“, თუნდაც ასეთი მოქმედება სისრულეში ყოფილიყო მოყვანილი, ვერ მოახდენდა გავლენას კონსტიტუციური წყობილების ან ხელისუფლების მდგრადობაზე.
TI პირდაპირ ამბპბს, რომ სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის, რომ ქმედების შემადგენლობა სახეზე იყოს.
კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აუცილებელია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ჯგუფური ძალადობრივი ქმედების მონაწილეები:
საერთაშორისო გამჭვივრალობის ტანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდა კიდეც ჯგუფი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ადვოკატირებას ახორციელებდა, 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ ჯგუფის რომელიმე წევრის მხრიდან ძალადობრივი აქტების ორგანიზებაზე მიუთითებდა.
TI-ის ცალკე თავად აქვს გამოყოფილი – “იყო თუ არა სასახლის ღობის ნაწილი წინასწარ გადაჭრილი?”
იმის მიუხედავად, იკვეთება თუ არა რომელიმე ბრალდებულის ქმედებაში ზემოთ აღწერილი რომელიმე დანაშაულის ნიშნები, არსებობს გარემოებები, რომლებიც წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულები „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პროვოცირებულ იქნა.
„ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ 2025 წლის 11 ოქტომბრის გამოშვებაში ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის ნაწილი, რომელიც სულ რამდენიმე მიწოლის შედეგად წაიქცა, წინასწარ იყო გადაჭრილი და მავთულებით მიმაგრებული ღობის დანარჩენ კონსტრუქციასთან. ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები, რომლებიც ოფიციალური ვერსიით მომიტინგეებმა შეანგრიეს, დეფორმირებულიც კი არ არის.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მურთაზ ზოდელავას მიერ საჯაროდ გაკეთებული და ტელევიზიების მიერ ტრანსლირებული განცხადების მიუხედავად, რომ პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან უნდა მისულიყვნენ „გასაღების ჩასაბარებლად“, სასახლის ეზოში მხოლოდ დაცვის 8 თანამშრომელი იმყოფებოდა, გდდ-ის რაზმი კი სასახლის შენობაში იყო ჩასაფრებული და გარეთ მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, როდესაც ღობის ნაწილი წაიქცა.
ამ კონტექსტში ნიშანდობლივია ე.წ. პრემიერ-მინისტრის – ირაკლი კობახიძის განცხადება 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიმართ, რომელიც მან აქციის წინა დღეს – 3 ოქტომბერს გააკეთა და, რომლის თანახმად, აქციის ორგანიზატორების მცირე სიურპრიზს დახვდებოდა „დიდი სიურპრიზი“. ბრალდებულების დაცვის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, რომლის მიზანიც ის იყო, რომ სასამართლოს დაედგინა, თუ რა „დიდ სიურპრიზს“ გულისხმობდა კობახიძე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ეს ყოველივე წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ რეჟიმმა წინასწარ დაუგო მახე პროტესტის მონაწილეებს, რათა პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების იმიტაცია განხორციელებულიყო და ამის საფუძველზე პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი ზომების გამართლება გამხდარიყო შესაძლებელი. როგორც ქვემოთ არის აღწერილი, ბრალდების მხარემ ვერაფრით გააქარწყლა სატელევიზიო სიუჟეტში გამოთქმული ეჭვი.
ღობის ამოღება და ჯეროვანი საპროცესო დამაგრება არ განხორციელებულა, იგი დადგენილი წესითაც კი არ შენახულა
ღობის მთლიანობის წინასწარ დაზიანების თაობაზე ზემოთ მითითებული საფუძვლიანი ეჭვის გაქარწყლება შეეძლო თავად რეჟიმის სამართალდამცავ სისტემას, თუ ის დაამტკიცებდა, რომ ღობე არ იყო წინასწარ გადაჭრილი. თუმცა, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ღობის დადგენილი წესით ამოღება, საპროცესო დამაგრება და შენახვაც კი არ მომხდარა.საქმის მასალების თანახმად, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დათვალიერება 4 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ღამეს, 03:10 საათსა და 08:10 საათს შორის პერიოდში ჩატარდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა და შესაბამისი დათვალიერების ოქმიც შეადგინა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ კუპრავამ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ მოწმე ირაკლი ზაალიშვილი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი; უფროსი გამომძიებელი გიორგი ხელაშვილი; უფროსი ექსპერტები თამაზ ლაცაბიძე, ზურაბ ჯამასპიშვილი და ექსპერტი მარიამ თამაზაშვილი. რომელიმე სხვა პირი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში არ მონაწილეობდა.[4]
დათვალიერების შედეგად ამოღებულ და დალუქულ იქნა რამდენიმე საგანი, მათ შორის, ღობის ჭიშკრის წინ, ტროტუარიდან ამოგლეჯილი 2 ბოძკინტი, კიდევ ერთი ბოძკინტი სასახლის ეზოდან, ფილაქნის ფრაგმენტები და სხვ.[5] რაც შეეხება ღობის დაზიანებულ სექციებს, მათ ქვეშ არსებულ ქვის ფილებთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ისინი არ იქნა დალუქული, არ იქნა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დამაგრებული, და დაუბრუნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს – ირაკლი ზაალიშვილს,[6] რასაც აღნიშნული პირი ხელწერილით ადასტურებს კიდეც.[7] ამასთან, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და არც ხელწერილში, არ არის მითითებული, რომ ირაკლი ზაალიშვილი გაფრთხილებული იყო მისთვის შესანახად გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების – ღობის დაზიანებისა ან განადგურებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
საქმის მასალების მიხედვით, ღობე დალუქვის გარეშე „დასაწყობებული“ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთ-ერთი შენობის (ყოფილი ცერემონიების სასახლის) ტერიტორიაზე. საინტერესო ის არის, რომ ორგანომ, რომელიც ამ საქმეზე გამოძიებას ატარებდა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ღობის შენახვის ადგილი არც კი იცოდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან გაარკვია.[8]
ღობის შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი განადგურებულ იქნა ან აღდგენილ იქნა თავის უწინდელ ადგილას.
ღობესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნების დარღვევა
ის, რომ ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება – ღობე არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო საპროცესო წესით შენახული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) შესაბამისი ნორმების უხეშ დარღვევას.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ანალიზის თანახმად, გარემოებები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის მთლიანობა შესაძლოა, მართლაც წინასწარ იქნა დარღვეული სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმისათვის, რომ პროტესტის მონაწილეებს შეძლებოდათ სასახლის ღობის ნაწილის წაქცევა და ეზოში შეღწევა, რაც სსკ-ის 222-ე მუხლის შემადგენლობას დასრულებულ სახეს მისცემდა. ამ ეჭვის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელი გახადა იმ გარემოებამ, რომ ღობე, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, შესაძლოა განადგურებულ იქნა. ყოველ შემთხვევაში, დაცვის მხარეს მოესპო მისი დათვალიერების და მასზე საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
„აღნიშნული რკინის ღობის სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ: განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან, დეფორმირებულია, ალაგ-ალაგ აღენიშნება ნაკაწრების და ნაჭდევების კვლები. აღნიშნული ნიშნები მოწმობს მასზედ, რომ ღობის სექციების დაზიანებები წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალით, ასევე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.“[12]
რაიმე სხვა დეტალები, მათ შორის, ღობის მთლიანობის შესაძლო წინასწარ დარღვევასთან დაკავშირებით, დასკვნაში აღწერილი არ არის. მაშასადამე, ე.წ. ექსპერტებმა ღიად დატოვეს კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ღობის მთლიანობა წინასწარ დარღვეული; რა სახის „ფიზიკური ძალა“ იქნა გამოყებული ღობის წასაქცევად; რა სახის “მკვრივ საგანთან” კონტაქტის შედეგად მოხდა ღობის მთლიანობის დარღვევა; შეუძლია თუ არა საერთოდ რამდენიმე ადამიანს, სულ რაღაც 3-4 მიწოლის შედეგად, ბეტონის საყრდენში მყარად ჩამონტაჟებული რკინის ღობის წაქცევა; რით შეიძლება აიხსნას, რომ ღობის ერთი სექცია წაიქცა, მაგრამ სხვა სექციებმა გაუძლო მიწოლას და არ წაქცეულა; რა სახის მოწყობილობები იქნა გამოყენებული, თუ საერთოდ იქნა გამოყენებული, რომლებმაც ღობეზე „ნაკაწრების და ნაჭდევების“ კვალი დატოვა და სხვ. “ექსპერტის დასკვნა”, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს არ სცემს, პროფესიულ და კომპეტენტურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნად ვერ გამოდგება.
მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, რის საფუძველზე შეადგინა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპაარტამენტის ოთხმა მთავარმა ექსპერტმა „ექსპერტის დასკვნა“, როდესაც საქმის მასალებში არც ის არის მითითებული, რომ ღობის დაზიანებული ნაწილები მათთვის ვინმეს მიეტანა საექსპერტო დაწესებულებაში და არც ის, რომ ისინი თავად ყოფილიყვნენ მისულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ადგილზე დაეთვალიერებინათ ღობე, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გამომძიებელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს ირაკლი ზაალიშვილს დაუტოვა.
“ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გასვლის შემდეგ, 2025 წლის 15 ოქტომბერს, როგორც ჩანს, ღობის წინასწარ გადაჭრის შესახებ საზოგადოებაში არსებული კითხვების “გასაქარწყლებლად”, გამომძიებელმა ესაკიამ დანიშნა კიდევ ერთი ტრასოლოგიური ექსპერტიზა, კითხვით – აღენიშნებოდა თუ არა ღობეს “ჭრის კვალი”. ექსპერტიზის ჩატარება ისევ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს დაევალა.[13] ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გაეგზავნათ.[14]
ახალი “ტრასოლოგიური ექსპერტიზა” ისევ წინა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ორმა “ექსპერტმა” – ოთარ ხაბურძანიამ და ლაშა სულამანიძემ ჩაატარა. ამჯერადაც, თვითონ ღობე მათ არ უნახავთ, თუმცა შეეძლოთ მისულიყვნენ ღობის “დასაწყობების” ადგილას და საკუთარი თვალით დაეთვალიერებინათ იგი, რაც მათ, როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც არ გააკეთეს. ფოტოსურათების დათვალიერების შედეგად კი თავიანთ 2025 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებულ დასკვნაში მათ დაასკვნეს:
“აღნიშნული ღობის ხუთი ცალი ორნამენტური სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ: განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან. ასევე ლითონის ღობის სექციები დეფორმირებულია. აღნიშნული განცალკევება წარმოქმნილია ტეხის შედეგად, რაზეც მოწმობს განცალკევებული კიდეების ზედაპირის ხორკლიანობა და არათანაბარი განლაგება. ლითონის ღობის ხუთ ცალ ორნამენტული სექციების დეფორმაცია და განცალკევება დამაგრების ადგილებიდან წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. (მაგ. მიწოლით).
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე ჭრის კვალი არ აღინიშნება.”[15]
ამ ე.წ. “ექსპერტის დასკვნის” მიმართ არსებობს იგივე კითხვები, რაც ზემოთ პირველ დასკვნასთან დაკავშირებით იქნა მითითებული. საბოლოო ჯამში, ეს “დასკვნა” ღობის წინასწარ გადაჭრის თაობაზე არსებულ ეჭვს, ცხადია, ვერ აქარწყლებს.
ზემოთ მითითებული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს, როგორც ე.წ. „ექსპერტების“ კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს, ისე მათ მიერ შედეგენილი „ექსპერტის დასკვნების“ სანდოობას.
TI-ის დასკვნა:
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ხელისუფლების მცდელობა, ეს მოვლენები წარმოედგინა როგორც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს წარუმატებლობა განპირობებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბებული სკეპტიციზმით, რომ მოვლენებს რეალურად არ ახლდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ან განზრახვა.
საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში დამკვიდრდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა პროტესტის მონაწილეთა ნაწილის მახეში გაბმა და დანაშაულის პროვოცირება, რათა ეს საქმეები გამოყენებულიყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად და საზოგადოების დაშინების ეფექტის მისაღწევად.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია აშკარად პრობლემურია. სსკ-ის 317-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც მუხლის შინაარსს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან არ იკვეთება ძალადობის ან შეიარაღებისკენ მოწოდების აუცილებელი ელემენტები.
„მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ განცხადებები შინაარსობრივად წარმოადგენს პოლიტიკური იდეის გავრცელებას (ადვოკატირებას) და არა კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების წაქეზებას. შესაბამისად, ასეთი განცხადებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა წინასწარ ორგანიზებული, შეთანხმებული და ძალადობრივი ჯგუფური მოქმედებების არსებობას, როგორც ამას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მოითხოვს.
ანალოგიურად, სსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა ხელოვნურად არის დამძიმებული „ჯგუფური ელემენტის“ იმიტირებით. არ იკვეთება არც წინასწარი შეთანხმება და არც კონკრეტული ბრალდებულების ინდივიდუალური ქმედებები, რომლებიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზანზე მიუთითებდა.
პრეზიდენტის სასახლის ღობის წაქცევის გარემოებები წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ღობის წაქცეული სექცია შესაძლოა წინასწარ იყო დაზიანებული. ამას ამყარებს როგორც ვიდეომასალა, ისე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სამართალდამცავი ძალების წინასწარ მზადყოფნას და მოვლენების კონტროლირებულ განვითარებაზე.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ღობე, როგორც ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება, არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო წესით შენახული. ამით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური მოთხოვნები და დაცვის მხარეს წაერთვა საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
ღობის „ექსპერტიზები“ ჩატარებულია სერიოზული საპროცესო და პროფესიული ხარვეზებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ექსპერტების კეთილსინდისიერებას, ისე დასკვნის სანდოობას. ღობის ორი ტრასოლოგიური ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ თავად ღობე ექსპერტებს თვალით არ უნახავთ.
მთლიანობაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ქმნის ძლიერ საფუძველს დასკვნისთვის, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულის პროვოკაციის შედეგს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს.
სრულად ნახეთ აქ:














კომენტარები