საქართველოში პატარა ბინას, მაგალითად, ერთოთახიანს თითქმის იგივე ფასი აქვს, რაც ოროთახიანს, ეს იმიტომაც, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა პატარა, სტუდიოს ტიპის ბინაზე. შესაბამისად, მოთხოვნაა პატარა ბინის ინტერიერის დიზაინზეც. როცა ამბობენ, პატარა ბინის მოწყობა ბევრად რთულიაო, რაღა დაგიმალოთ და კი არის ახლოს სიმართლესთან. მით უფრო, როცა, პროფესიონალის მიერ, გონივრულად დაგეგმილი დიზაინი ინტერიერის, ბინას ვიზუალურად ბევრად ზრდის. მთავარია თითოეული კუთხე გამოიყენო, უფრო სწორედ, მთავარია იცოდე, თითოეული კუთხე როგორ გამოიყენო.
ფერები
პატარა ბინაში ფერი არის მთავარი იარაღი. გამოიყენე ღია, ნეიტრალური ტონები, თეთრი, კრემისფერი, პასტელის ფერები – მოკლედ, მაქსიმალურად ნათელი ფერები და აუცილებლად დაამატე გამოკვეთილი დეტალები, მაგალითად, ლურჯი ბალიში, ან მწვანე ქოთანი, ან სარკის ჩარჩო მკვეთრად ოქროსფერი, მზინვარე. ან ხის ტექსტურის დეკორატიული ნივთი. ნათელი ფერები ცოტათი სიცივის შეგრძნებასაც ტოვებს და მკვეთრი ფერის დეკორაციები – ინტერიერს სიცივის ეფექტს მოაშორებს.
შავი და მუქი ფერები თუ გიყვარს, არც არავის აუკრძალავს, გამოიყენე, ოღონდ მცირე დოზით, მაგალითად, სარკის, ან სურათით ჩარჩოს სახით, სანათში, ავეჯის ფეხები თუ იქნება შავი, ან მუქი ფერის, – სულაც საუკეთესოა, ეს სივრცეს დახვეწილ იერს შესძენს.
განათება – საუკეთესო მოკავშირე
სინათლე პატარა სივრცეში ან ყველაფერს აფუჭებს, ან ყველაფერს უკეთესი მხრიდან გიჩვენებს, მთავარია, როგორ განათავსებთ. ჭერზე დაკიდებული ნათურა საკმარისი სულაც არაა, კი, ბატონო, ადრე ეგაც არ იყოო, იტყვით, სანთელი და “ლამფაც” სანატრელი იყოო, მაგრამ იმ წლებში, არც ინტერიერის დიზაინზე იყო ამდენი ბლოგი და იმ დროს რომ მეცხოვრა, დავწერდი, როგორ გავრეცხოთ მტკვარზე სარეცხი ისე, რომ იდეალურად იგრძნობოდეს სისუფთავე. მოკლედ, არაა ჭერში დაკიდებული ერთი ნათურა საკმარისი პატარა სივრცისთვის, იდეალურია, რამდენიმეშრიანი განათება, ჭერზე საერთო განათება, კუთხეებში მაღალი ან მაგიდის სანათები, ეს ხელს უწყობს სივრცის „ჩათბობას“.
მოძრავი, კომპაქტური, დასაკეცი ავეჯი
პატარა ბინაში, წესით, კარგი იქნება თუ ავეჯი იქნება მობილური და მრავალფუნქციურია. მაგალითად, მაგიდა, რომელიც იკეცება ყავის მაგიდად და იშლება ვახშმისა და სადილისთვის. დივანი, რომელიც იშლება და იკეცება, სავარძლებს გასაშლელს არ გირჩევთ. აი, სკამები კი შესაძლებელია შეიძინოთ ისეთი, ერთმანეთში რომ თავსდება და საჭიროებისას აცალკევებთ მხოლოდ.
ძალიან კომფორტულია ავეჯი, რომელსაც ქვედა მხარეს, ან გვერდიდან აქვს შესანახი სივრცე, მაგალითად, საწოლი უჯრებით, ან პუფი, სადაც პლედები შეგიძლია შეინახო.
სარკეები – სივრცის ილუზია
ერთი შეხედვით სარკეები ბინაში უკვე კლასიკაა და ალბათ ყველამ იცის, რომ საჭიროა, მაგრამ არ იცის როგორი. მაგალითად, მე ვიყიდე მაღალი, დასადგამი სარკე, დავდგი ისეთ ადგილას, სადაც პრაქტიკულად არ ჩანს, სპეციალურად უნდა მიხვიდე, რომ დაინახო – შესაბამისად, ჩემს სარკეს ბინის ვიზუალთან არც არაფერი შემხებლობა აქვს, მაგრამ იმდენად მომწონს თავისი ადგილი რომ აქვს, ვიზუალურად ორჯერაც რომ შემიმციროს ბინა, თანახმა ვარ. დიდი სარკე კედელზე, რომელიც ბუნებრივ სინათლეზეა ორიენტირებული, ორიგინალურად აფართოებს სივრცეს. გამოიყენე სარკის დეტალები ავეჯზე – ესეც ძალიან ეფექტურია პატარა ფართის ბინებისთვის.
გაეცი ის, რასაც არ იყენებ
მცირე ბინაში გაფუჭებული ნივთების „დამალვა“ არ გამოგდის, დამალავ ერთს, მეორე ჩანს, მიაწვები და შეაკვეხებ მეორეს და პირველი გამოყოფს ფეხს. რაც არ გჭირდება, რაც არ გამოგიყენებია და არც გამოიყენებ, რაც უკვე უვარგისი გახდა და ბოლო ათი წელია კი ფიქრობ, რომ შეარემონტებ, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხე – გადააგდე, ან გაეცი. მე ის თეფშებიც კი გავეცი და ჭიქები, რომლებსაც არ ვიყენებდი და მართლა, შეგრძნება გამიჩნდა, რომ სახლი გალამაზდა, გასუფთავდა. ყველა ნივთს რომ თავისი ადგილი აქვს სახლში, ამაზე სასიამოვნო რთულად მოიძებნება რამე, დამიჯერეთ. თან, როგორც ამბობენ, თუ გინდა ახალი რამ შეიძინო, ადგილი უნდა გამოუთავისუფლოო, მაგალითად, ახალი სამსახური გინდა? – არსებულიდან უნდა წამოხვიდე, ახალი კაბა გინდა, ძველი გაეცი – თუ მთელია და თუ არ ვარგა, სულაც გადააგდე, აუცილებლად მოგცემს სამყარო საშუალებას, ახალი კაბა გქონდეს კარადაში, იმ ძველის ადგილას. ასე რომ, არ შეგეშინდეს და თამამად გაათავისუფლე და დაცალე სახლი არასაჭირო ნივთებისგან.
მრავალფუნქცირი სივრცეები
პატარა ბინაში ერთ ოთახს ვერ ექნება, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ფუნქცია, მაგალითად, სამუშაო კუთხე რომ გქონდეთ, შეიძლება არ იყოს მაგის ფუფუნება, მაგრამ შეგიძლიათ სასადილო კუთხე ისე მოაწყოთ ფუნქციურად, რომ სამუშაო კუთხედაც გამოიყენებოდეს. მაგალითად, ოდნავ მაღალი თარო უკვე მაგიდაა პრაქტიკულად და დივანი თუ იშლება, შეიძლება სასტუმრო ოთახი და საძინებელი ერთ სივრცეში გქონდეს. თუმცა, ჩემი პირადი რჩევაა, თუნდაც მცირე ფართში, ისე, რომ მხოლოდ საწოლი იდგმებოდეს, საძინებელი ცალკე გქონდეთ, მიუხედავად იმისა, სავარძელიც რომ საწოლად იშლებოდეს, დივანიც, სკამიც და მაგიდაც კი, საძინებელი, მაინც უნდა მოახერხოთ და მცირე ზომის, გადატიხრულ ფართში მაინც გქონდეთ.
სიდიდე დეტალებშია
კი, როგორც ეშაკია დეტალებში, ასევეა პატარა ბინაში, სიდიდე დეტალებში, მცირე წვრილმანიც კი გავლენას ახდენს.
მაგალითად, ავეჯი გამჭვირვალე ელემენტებით, აკრილი, მინა, – არ ფარავს სივრცეს,
კედლის განათებას ძალიან დიდი ეფექტი აქვს.
ფერადი აქცენტებით თუ გამოყოფ კონკრეტულ სივრცეებს, ასე ვთქვათ, ზონებად, ვიზუალურად სივრცე იზრდება.
ბრწყინავი და მეტალის აქსესუარები სინათლეს და შესაბამისად, ვიზუალურ სიდიდეს ავრცელებენ.
მცენარეები
პაწუა ბალიშები, პლედები, მცენარეები და ყვავილები, არა მხოლოდ ატმოსფეროს ხდის სასიამოვნოს, სივრცესაც ვიზუალურად აფართოებს. მცენარეები სახლს სისუფთავის და სასიამოვნო სუნს სძენენ. გამოიყენე კედლებზე დასაკიდებელი ქოთნები ყვავილებისთვის, ან ფანჯრის დეკორი.
სტილი
თუ დიდ სახლში შეგიძლია, სხვადასხვა ოთახები სხვადასხვა სტილში მორთო, პატარა ბინაში ამის ფუფუნება არ გაქვს. მცირე ფართის სახლში მნიშვნელოვანია ერთიანი სტილი. ბევრი ფერი, სხვადასხვა ტექსტურა და ავეჯის სხვადასხვა სტილი ზოგადად ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, მაგრამ აქ მთავარი ბალანსია, რომელსაც პატარა ბინაში ვერ იცავ, ან ძალიან რთულია მისი დაცვა. ამიტომ, ერთ სტილში სჯობს მისი მოწყონა. აირჩიე ძირითადი ფერი და სტილი და შემდეგ მცირე ზომის დეკორებით და ფერებით გამოყავი, როგორც ზემოთ ვთქვი, მაგალითად, ერთი სურათით, ან ერთი პატარა ბალიშით.
გახსოვდეს ერთიანი სტილი პატარა ბინაში ქმნის ჰარმონიას.
მთავარია, პატარა ბინის მეპატრონემ სახლი ისე მოაწყოს, რომ ყველა კუთხე იყოს მისი სივრცე, ყველა კუთხეში იგრძნოს კომფორტი, სიმყუდროვე, სიმშვიდე – თუ ეს გამოგივათ, ესე იგი, ინტერიერის დიზაინი შედგა!
ცხადია, ჩემი რჩევები ზოგადი სახისაა და სრულად ვერ დაგეხმარებათ, მაგალითად, როგორ მოვიქცეთ აივნის შემთხვევაში, ან აბაზანა როგორ უნდა მოვაწყოთ პატარა ბინის, ვერ მოვასწარი მეთქვა. იმასაც მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს აქვს ფანჯრები, როგორაა ბინის ფართობი განლაგებული, რა ფორმით. ამიტომ, დაგჭირდებათ პროფესიონალის დახმარება.
სამაგიეროდ, არ იწვალებთ პროფესიონალის პოვნაზე, რადგან მეათე რჩევა სწორედ ესაა:
სად და როგორ იპოვოთ პროფესიონალი კადრი, რათა ინტერიერის დიზაინი იყოს სრულფასოვანი.
აქ სია და საკონტაქტო მონაცემებია პროფესიონალი კადრების, უწერიათ გამოცდილებაზე, გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრების ფოტოები და პირად შეტყობინებადაც გიგზავნიან, რაც გამოქვეყნებული არ აქვთ. წაიკითხეთ კომენტარები, სადაც ადამიანები „ცოცხალ“ რეკომენდაციებს ტოვებენ. წინასწარ სრულ დიზაინს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ის მაინც შეიძლება თქვას, რა სტილში ხედავს ფართს. შერჩეულ კანდიდატს შეხვდით, ისაუბრეთ, ყავა დალიეთ, დაათვალიერებინეთ ბინა, მან მხოლოდ ფართი არა, მისი მეპატრონეც უნდა გაიგოს დაახლოებით როგორია, ვინაა, „რით სუნთქავს“, რათა სახლი მის საჭიროებებს და გემოვნებას მოარგოს, ისე რომ პროფესიონალურად დაგეგმოს ინტერიერის დიზაინი და ვიზუალურად არ შეამციროს ბინა.
რა ღირს? – ერთხელ, ერთ ქარხანაში დანადგარი გაფუჭდება და სამი დღე ცდილობენ მის გაკეთებას, ბოლოს მეპატრონემ პროფესიონალი დაიქირავა და ერთ წუთში გააკეთა კაცმა. მეპატრონემ, ერთ წუთში რაკი შეასრულე სამუშაო, ალბათ, ძალიან, ძალიან, ძალიან იაფი უნდა გადაგიხადოო, კაცმა, ერთ წუთში ერთი დოლარი და დანარჩენი კი იმ ცოდნასა და გამოცდილებაში, რომელმაც საშუალება მომცა ერთ წუთში მეპოვნა პრობლემაო. ასეა ყველა სფეროში, ფასი ცოდნის, გამოცდილების, ფართის, მოთხოვნის ადეკვატურია, მაგრამ იმაზე ძვირი ნამდვილად არ ღირს, სამჯერ შეცვლა რაც დაგიჯდებათ, ხომ იცით, არაპროფესიონალი ორჯერ და მეტჯერ იხდის.
(R)














კომენტარები