განსაკუთრებულ დავალებათა დეპრატმენტის თანამშრომელი, რომელმაც ჩვენება გუშინ სინდისის 11 პატიმრის პროცესზე მისცა, პროკურატურამ, დღეს, გამოსაკითხად 8 პირის საქმეზეც მიიყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს.
გუშინდელის მსგავსად, ლაშა გელაშვილმა ხელი ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ დაადო, თქვა, რომ არ დაუნახავს ვის მიერ ნასროლი ქვა მოხდა, თუმცა განაცხადა, რომ პრეტენზია ამჯერადაც ყველა ბრალდებულის მიმართ აქვს.
გუშინ იგი აცხადებდა, რომ ხალხის შესაშინებლად გარბოდა ხოლმე, ფარებს ურტყამდა და გამორბოდა უკან, დღეს კი აცხადებს, რომ მიირბენდა ხალხთან, არაფერს აკეთებდა და მერე უკან მორბოდა. ასევე ამტკიცებს, რომ დავალებებს იღებდა უფროსისგან რაციით, და რატომ არბენინებდა უფროსი მათ ასე უაზროდ, ამას არ ამბობს. გუშინ, “მოწმემ” თქვა, რომ “ფეხიც აუცურდა”, – შესაძლებელია, თუ არა, რომ სწორედ წაქცევის გამო დაუზიანდა ფეხი და არა ქვის მოხვედრის გამო? – ამ კითხვაზე გამოძიებას პასუხი არ აქვს.
გდდ-ს თანამშრომელმა გუშინაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებოდათ, მათთან პრეტენზია ექნებოდა, თუმცა, დღეს უკვე კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
„თუ ნამდვილად დაუმტკიცდათ, რასაც ედავებიან, ერთადერთი პრეტენზია მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ვიცი, რომ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. არ დამინახავს, ვინ მესროლა, ისეთი სიბნელე იყო, სახეს ვერ დავინახავდი“, – განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა.
მოწმე: მომიტინგეები რომ გვიახლოვდებოდნენ ვაშინებდით ფარზე ხელკეტის რტყმით.
ერთ-ერთი მოახლოების დროს, როცა მომიტინგეები ერთმანეთს ანაცვლებდნენ.. ბიჭები ამას როცა ვხედავდით ფარს ვურტყავდით ხელკეტს და გავბრბოდით, რომ შეგვეშინებინა, ერთ-ერთმა ქვა მესროლა, მომხვდა, დამიზიანდაადვოკატი: რომ მიირბენდით, მერე რას აკეთებდით?
მოწმე: არაფერს.
ადვოკატი: მიდიოდით შეგაშინეო და უკან გარბოდით?…
მოწმე: არავინ დაგვიკავებია
ადვოკატი: მარტო გარბოდით თუ ყველა?
მოწმე: ყველა.
ადვოკატი: მიირბენდით შეაშინებდით და უკან გამორბოდით?
მოწმე: დიახ… მიდიოდნენ აქციის მონაწილეები.
ადვოკატი: დავალებას ვისგან იღებთ?
მოწმე: უფროსისგან.
ადვოკატი: ვინაა?
მოწმე: ბექა გოტიაშვილი.. რაციაზე გადმოგვცემდა დავალებას. ისეთი ხმაური იყო ერთმანეთს ვეუბნებოდით, ერთი რომ გაიგეს 10-მა იცის.
ადვოკატი: თქვენ დაზიანდით 30-ში, პირველ რიცხვში განხორციელებულ ქმედებებზე პრეტენზია ვერ გექნებათ ჰო?
მოწმე: დიახ, დიახ, ჩემს ზიანთან დაკავშირებით მაქვს.. ერთი წამით ერთს დავამატებ….
– პასუხი მივიღე
– მარტო ჩემს თავზე არ მაქვს ამ ყველაფერზე პრეტენზია, ჩემი თანამებრძოლები და თანამშრომლები დაზიანდნენ ჩემთან ერთად.მე ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. დღეს აქ მე ვარ და სხვა დროს შეიძლება სხვაც დაზიანდეს…
მას კითხვებით მიმართა შოთა თუთბერიძემაც. ადვოკატი დაინტერესდა, უნახავს თუ არა მას დაშავებული მოქალაქეები, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
მას ადვოკატმა ნაცემი დემონსტრანტები შეახსენა, რა დროსაც საქმის პროკურორი ჩაერთო ფრაზით, „ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს“, რასაც თუთბერიძემ რეპლიკით, „არ გრცხვენიათ?!“ მიმართა. ამ დიალოგს ხმაური და ბრალდებულების რეპლიკები მოჰყვა.
„თქვენივე ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება პოლიციელი დემონსტრანტს გაუპატიურებით და კითხულობთ, სად სცემეს დემონსტრანტებიო?“, – იკითხა ზვიად ცეცხლაძემ.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოწმის დაკითხვა განაგრძო. მის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რამე ამომცნობი ნიშანი, ან რამე რიცხვი ეწერა თუ არა, გდდ-ს თანამშრომელმა უპასუხა, რომ „შიგნიდან „რობოკოპზე“ აწერიათ, რაც გარეთ არ ჩანს“.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კომენტარები