Reuters/Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 45% უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს 41%.
ივლისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ჰარისის უპირატესობამ რეგისტრირებულ ამომრჩეველში დამატებით 3%-ით მოიმატა. კვლევის შედეგების მიხედვით, ჰარისის პოპულარობა ქალებსა და ლათინოამერიკელებს შორის გაიზარდა. კვლევის ცდომილების ზღვარია 2%.
გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისს ქალებისა და ლათინოამერიკელების 49% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს 36%. მეორე მხრივ, ივლისში ჩატარებული კვლევის მსგავსად, ტრამპს უფრო მეტი თეთრკანიანი და კაცი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ჰარისს.
შვიდ შტატში, რომელშიც რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატს შორის 2020 წელს ყველაზე მცირე განსხვავება იყო – ვისკონსინში, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, არიზონაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მიჩიგანსა და ნევადაში, კვლევის მიხედვით, ტრამპს 45%, ხოლო ჰარისს 42% აქვს.
კიდევ ერთი, Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამ შვიდი შტატიდან ყველაში ან კამალა ჰარისს ჰქონდა უპირატესობა, ან ორივე კანდიდატს თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდა.
კომენტარები