„ალიას“ ესაუბრება, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, ვალერიან ხაბურძანია.
გამომდინარე იქედან, რომ ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, სადაც ყველაზე დიდი ქართული სათვისტომოა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იქ არსებული სიტუაციით დავინტერესდით:
-აქ ოფიციალურად გამოცხადდა ერთკვირიანი დასვენება, სახელმწიფო და კერძო სექტორშიც და აიღეს ვალდებულება, ამ ერთ კვირაში ჩვეულებრივ გადაიხადოს ხელფასი. ამ მომენტში სიწყნარეა და რუსული ფრაზა მახსენდება – „ქარიშხლის წინ სიმშვიდე“.
ჩემს კორპუსში ოთხჯერ მოვიდნენ სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ექიმები, პოლიციასთან ერთად, რამდენიმე ადამიანს, რომლებიც იყვნენ საზღვარგარეთ და შესაბამისად თვითიზოლაციის წესებს იცავდნენ – აუღეს ანალიზი და წავიდნენ, ერთს აღმოაჩნდა ვირუსი, რომელიც ჩამოსული იყო ავსტრიიდან და გადაიყვანეს.
რამდენიმე საავადმყოფო დაცლილი აქვთ, თუ დასჭირდათ რომ გამოიყენონ. ხალხი დადის ჩვეულებრივად, სავაჭრო ცენტრები ბოლო დღემდე მუშაობდა, ახლა დაიკეტა ორი დღეა, მაგრამ სასურსათოები ღიაა, რა თქმა უნდა. ნელი სვლით შედიან კარანტინში. მოსკოვი დიდი ქალაქია და მე როგორც ვატყობ, აკვირდებიან, რა შეიძლება დასჭირდეთ კარანტინის დროს და როგორ იმოქმედებენ.
– საუბრობენ, რომ ათასობით ადამიანი იღუპება რუსეთში ვირუსით, მაგრამ მალავენ და დიაგნოზში გრიპს ან ფილტვის პნევმონიას წერენ.
-ჭორების გარდა, არავის მაგის დამამტკიცებელი მაგის ფაქტი არ მოუყვანია, ათასობით მოკვდეს და დამალო – 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია. გამორიცხულია. რაღაცა გამოჟონავდა ექიმებიდან მაინც, რამდენიმე შტერი ოპოზიციონერისა, არავის არაფერი მსგავსი არ უთქვამს.
-ჩვენთან მედია გადასულია კორონავირუსის გავრცელების რეჟიმში, რუსეთშიც ასეა?
-ჩვენი პატარა ქვეყანაა, ყველას საკუთარი ტელევიზია აქვს და აქ ასე არ არის, აქ საინფორმაციო სააგენტოებზე არის კორონავირუსის ცხელი ხაზი, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია, რამდენით მოიმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. ჯანდაცვის მინისტრი და სამი ინფექციონისტი, ყოველ დღე არ გამოდის ტელევიზიით.
-ბოლო დღეების მანძილზე, ყველა ამაზე საუბრობს და ვინ ააშენა ბოლოს და ბოლოს ლუგარი?
-ერთი პერიოდი შევარდნაძე იძახდა, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციაო, კონსტიტუცია მიიღო მაშინ თურქმენეთმაც, მოლდოვეთმაც, რუსეთმაც, აზერბაიჯანმაც და ბელორუსიამაც – ისე გამოსდით მაგათ – ჩვენ გვაქვს ლუგარი! აბა, სომხები როგორ ადგენენ? არა აქვთ ლუგარი – მაგრამ აქვთ სხვა ლაბორატორია, რომელიც იგივე ტიპისაა, მაგრამ რაღაც სხვა სახელი ჰქვია. ყველას არა აქვს ეს ლაბორატორია, მაგრამ აკეთებენ ხო ტესტირებას.
ლუგარი არის ჩვეულებრივი ლაბორატორია, რომელიც გააკეთეს ამერიკელებმა და რამდენიმე წლის განმავლობაში, რას აკეთებდნენ – არ იყო საჯარო.
შედეგი არის ის, რომ რაც აქამდე აკეთეს, ის ჩვენ არ გამოგვადგა. თავისთავად, რომ გვაქვს თანამედროვე ლაბორატორია, კარგია დიაგნოსტირებისთვის, მაგრამ პრევენციისთვის, შტამებისთვის არ გამოგვადგა – იყო სადმე ამაზე რამე ინფორმაცია? რამე თქვეს ამაზე?
მკითხავთან მივა კაცი და ეტყვის მკითხავი – 4 თვის წინ ბიზნესი დაკარგეთო, მერე ცოლი გაგექცათო, მერე შვილებმა მიგატოვესო. ეგ ხომ წარსულია და მომავალში რა მელოდებაო? – ჰკითხავს კაცი. – მომავალში რა უნდა მოხდეს, დედა გაქვს ნატირებიო. ასე მოხდა აქაც. ლუგარმა გვითხრა, დედა გაქვთ ნატირებიო, მეტი არაფერიო.
ლაბორატორიის ფუნქცია ეგ არის, მაგრამ მაგ ლაბორატორიას სხვა დანიშნულება უნდა ჰქონოდა, ალბათ. იმას ვერ განსაზღვრავდნენ, მსოფლიოს რომელ კუთხეში რა ვირუსი იფეთქებდა, მაგრამ საქართველოში რა ხდება, ან რა მოხდება – ამის დიაგნოსტიკა შეიძლებოდა. მე არ ვიცი, შეიძლება იციან კიდეც შედეგები. თავად შექმნეს ეს ჭორის საფუძველი.
ლუგარი არის ამერიკელების დამსახურება, ამერიკელებმა გადაწყვიტეს პოსტსაბჭოთა სივრცე მოეცვათ ამ ტიპის ლაბორატორიებით, ეს ჰქონდათ გეგმაში და ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში აქვთ გაკეთებული ლაბორატორიები, შუა აზიაშია კიდევ რამდენიმე – რა შუაშია სააკაშვილი აქ? ამერიკელებმა წრე დაარტყეს რუსეთს ამ ტიპის ლაბორატორიებით. სპეციალურად განალაგეს, თავიდან ვითომ ჰქონდა ის დანიშნულება, რომ შეესწავლათ გარემო ვირუსოლოგიის თვალსაზრისით, რუსეთი თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებდა. სომხეთშიც არის ამერიკული ლაბორატორია, მაგრამ არ ვიცი ვისი სახელობისაა.
გახსოვთ ფილმები გააკეთეს რუსებმა ლუგარზე და გიორგაძე საუბრობდა. მეც მთხოვეს რამდენჯერმე საუბარი და ერთში მეც მივიღე მონაწილეობა. ვთქვი მაშინ, ეს ლაბორატორია, რა თქმა უნდა არც ისე უწყინარი დაწესებულება და სასკოლო ლაბორატორიაა, მაგრამ არც ისე საშინელება და უბედურებაა, როგორც სახავენ.
არის ლაბორატორია, სადაც ამერიკელებეს თავისი ინტერესები აქვთ, ოღონდ რა არის ეს ინტერესი, არ ჩანს. მე არა მგონია, იქ ადამიანებზე ცდებს აწარმოებდნენ. ფაქტი ის არის, რომ ამ ლაბორატორიის მუშაობა უნდა იყოს ღია, დღევანდელმა მსოფლიომ დაადასტურა, რომ ლაბორატორიები არ არის დაცული ბოლომდე და იქ არ უნდა ტარდებოდეს ისეთი ცდები, რომლებიც გავრცელების შემთხვევაში შეიძლება იყოს საშიში. ჩვენ ვიცით რა ტარდება იქ? – არ ვიცით. ამიტომ უნდა იყოს საჯარო. ალბათ, მომავალში, ყველა ამ ტიპის ლაბორატორიის შემოწმება დაიწყება მსოფლიოში, რომ არ იყოს მერე იმაზე საუბარი, რომ აი, ღამურაზე ცდა იყო და ა. შ.
-კი, საუბარი იყო იმაზეც, რომ კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გამოჟონა.
-ფაქტი, დადასტურება ამისი ჯერ არ არსებობს. ერთადერთი ფაქტი არის ის, რომ უხანიდან გავრცელდა ვირუსი. ჩინელებმაც გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ვირუსი ჩაიტანა ჩინეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ოქტომბერში იყვნენ უხანში და ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე ჯარისკაცი გრიპით და ფილტვის პნევმონიით გარდაიცვალა. ეს ფაქტი დაადასტურეს კონგრესის სხდომაზე თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებმა. ჩინელები ამერიკელების ბრალდების პასუხად სვამენ კითხვას – აი, თქვენ რატომ არ თქვით რომ თქვენი ჯარისკაცები გარდაიცვალნენ? და ასე დებენ ერთმანეთს ბრალს.
-მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად ვირუსის შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გამოცდილება უკვე წინ ჰქონდათ. არადა, ჩინეთმა, სადაც პირველად იფეთქა ვირუსმა – მოახერხა მისი შეჩერება.
-დღეს ევროპის ქვეყნები არ არიან სამწუხაროდ, ამ ტიპის გამოწვევებისთვის მზად. აი, ჩინეთმა რატომ შეძლო ამ ვირუსის შეჩერება? ჩინეთში არის კომუნისტური სისტემის ქვეყანა, კაპიტალისტური დანამატით და მას შეუძლია სწრაფად მოახდინოს ადამიანთა რესურსების მობილიზება. თავად ჩინელებიც არიან კანონმორჩილი ხალხი. ჩინეთში ნაკლებად კომერციულია მედიცინა. როცა მედიცინა ხდება კომერციული და ტუჩების დამბერავს რომ ექიმი ქვია და უფრო მაღალი აქვს ხელფასი, ვიდრე ინფექციონისტს და ვირუსოლოგს, ეს ხომ სისულელეა? აღმოჩნდა, რომ ამ სამი მუშკეტერის, ამ სამი ინფექციონისტის ფუნქცია უფრო დიდია, ხო? არავის ეგონა, რომ დასჭირდებოდათ ვირუსოლოგები და რაც არ დასჭირდებათ, იმაში ფულს არ ჩადებენ. ეს მიმართულება არ ვითარდებოდა არსად. ნახეთ ექიმები ვინც არიან, ასაკს შეხედეთ – საბჭოთა კავშირის დროს ნასწავლი ხალხია. ახლა ვინ ისწავლის ვირუსოლოგიას და ეპიდემიოლოგიას? არავის არ აინტერესებს. არაშემოსავლიანია. თუმცა, აწი მსოფლიო დაინტერესდება, რომ ამ მიმართულებით ჩაიდოს დიდი ფული.
– მით უფრო გლობალური დათბობის ფონზე, გაჩნდა ვერსია, რომ ყინულის ფენის დნობისას, ბევრი ძველი და მივიწყებული ვირუსი შეიძლება გავრცელდეს.
-კი, ის ვირუსები, რომლის მიმართაც ადამიანს იმუნიტეტი აღარ აქვს და სანამ ამ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, გარკვეული პოპულაცია იღუპება.
-გეგონათ, რომ ამ მასშტაბს მიიღებდა?
-დეკემბერში პირველი ინფორმაცია რომ ვნახე ჩინეთიდან, ვიფიქრე, რომ ეს მორიგი ღორის და ქათმის გრიპის მსგავსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა უკვე იანვარში ჩინეთში ხალხმა დაიწყო ქუჩებში ჩვენა – ეს არ აღმოჩნდა იმ ტიპის დაავადება, რომ ადამიანი მიხვდა ცუდადაა, წაიყვანეს საავადმყოფოში, დაწვა და უმკურნალეს. ადამიანთა უმეტესობა, ვერც ხვდებოდა, ან ფიქრობდა, რომ მოდი, ამას მე გავუძლებ და უცებ უქმნიდა პრობლემას. ქუჩაში რომ დაიწყო ხალხმა დავარდნა – აი, მაშინ მიხვდნენ ჩინელები. როდესაც 8 მილიონიანი ქალაქი დაკეტეს და კარანტინი გამოაცხადეს, აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ვირუსი. მეორე ნიშანი იყო ებრაელები. როცა ისრაელმა დაკეტა სახელმწიფო – აი, მაშინ საბოლოოდ მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.
იტალიაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი, კომერციალიზებული სამედიცინო სისტემა, ფილტვის ვენტილაციის აპარატების არქონა, მოუმზადებელი დახვდა ქვეყანა, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა.
გარდა ამისა, ამ დროს მუშაობს ბოროტი ავადმყოფების სინდრომი, ნახავდით, რას შვრებოდნენ ჩინეთში დავირუსებული ადამიანები. ცდილობდნენ, გადაედოთ ხალხისთვის. ხანძრები რომ ჩნდება ხოლმე, თქვენ რა გგონიათ, ვინ აჩენს ხანძარს? არის ადამიანთა ჯგუფი რომელსაც ეს ახალისებს. ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს ვირუსი, შეიძლება დადის და სპეციალურად ავრცელებს. ერთმა გადასდო მეორეს, მეორემ მესამეს და მესამემ მეოთხეს – ამას უნდა დაახლოებით ერთი თვე – და სანამ ამას გაიგებენ, შეიძლება გაგეპაროს აფეთქება. ეს არის ზუსტად ის მეოთხეული გადაცემა.
– სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ვითარდება პროცესი. ზოგან მეტწილად ასაკოვანი ადამიანები ავადდება, ზოგან დაავადებულთა ასაკი 50 წლიდან იწყება, ამერიკაში – 20 წლიდან ზემოთ დაფიქსირდა, საქართველოში პროცენტულად დიდი მაჩვენებელია ინფიცირებული ბავშვების. საუბრობენ იმაზეც, რომ გენეტიკასთანაა დაკავშირებული.
-არის მოსაზრებები, თითქოს გენეტიკასთან მიმართებაში სხვადასხვანაირად მუტირებს ვირუსი, მაგრამ რაიმე ოფიციალური მონაცემი ჯერ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. სანამ არ იქნება საბოლოო სტატისტიკა და დასკვნები, ამის ანალიზი იქნება შეუძლებელი. ერთი პერიოდი ეგონათ, რომ მარტო მონღოლოიდურ რასაზე ვრცელდებოდა, მაგრამ აგერ ევროპა მოიცვა და აზიური ტიპის ქვეყანაა – ირანი, მაგალითად, იმათზეც იმოქმედა. ასე რომ, არავინ იცის. დავაკვირდეთ რუსეთში რა იქნება. საინტერესო ისაა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში, ჯერჯერობით არა აქვს მძლავრი შეტევები. აქაც უკვე თბება და მერე რა იქნება, ღმერთმა იცის. მოგეხსენებათ 7-დან 25 გრადუსამდე საუკეთესო პერიოდი აქვს. გაზაფხული და შემოდგომა ვირუსის გავრცელებისთვის საუკეთესო პირობებია.
-ჩინეთს ჰქონდა იმის ფუფუნება, დაეკეტა ქალაქები, ხალხი დაეტოვებინა კარანტინში, დაერიცხა მათთვის ხელფასები, დეზინფექცია ჩაეტარებინა სახლებისთვის და ქუჩებისთვის. კარანტინში მყოფთათვის რობოტებს მიეტანათ საკვები. სრულად ეფიქრათ ვირუსის შეჩერებაზე, ისე, რომ არ ეფიქრათ ეკონომიკაზე. ჩვენ არ გვაქვს ეს ფუფუნება, სამწუხაროდ.
-ძალიან მაშინებს, ყველაზე მთავარია არ გაგვექცეს სიტუაცია და მეორე – რა გვექნება ეკონომიკის კუთხით, რაზეც ახლავე უნდა ვიფიქროთ, სანამ ცუდი პროცესები არ დაიწყება. რაც მთავარია ეს უნდა იყოს ღია. უნდა გამოცხადდეს რაში იდება ფული და რამდენი. ძალიან მიკვირს, ბიძინა ივანიშვილი ამ თვალსაზრისით რომ არ არის აქტიური. თუ რაღაცას აკეთებს და ალბათ, აკეთებს კიდეც, ეს უნდა გამოცხადდეს. აქ პიარის თემა არ არის, აქ არის იმის თემა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, მარაგები კეთდება, მარაგები არის შეძენილი და იქნება. ეს ინფორმაცია თუ არ მიიღო მოსახლეობამ, ხვალ, ზეგ, რომ გაუთავდება ფული და სახლში საჭმელი არ ექნება – გამოვა გარეთ, ვირუსს აღარ მოერიდება, შევა მაღაზიაში – სულ მცირე და იქედან წაიღებს პროდუქტებს და მაღაზიაშიც რომ არ დარჩება, მერე უკვე სახლებში შევა.
თუ არსებობს საკვების მარაგი, მათ აქვთ შეჭირვებული ადამიანების სია და უნდა დაარიგონ პროდუქტები და მერე მეორე ტალღის დროს, უნდა დაურიგონ იმ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ისინიც შეჭირვებულნი გახდნენ.
– ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ფიქრობს კომუნალური გადასახადების გადახდაზე ან შეჩერებაზე, მაგრამ ასევე იცოდნენ, რომ რაღაც ტიპის დანაზოგი ხალხში არსებობდა, ამიტომ მარტში დაელოდნენ, რომ ხალხს ის დანაზოგი გამოეყენებინა და აიძულეს ადამიანები, დაეხარჯათ ბოლო ფული და გადაეხადათ კომუნალურები. იმაზე აღარ იფიქრეს, რომ საკვების ფულის გარეშე დატოვეს ადამიანები ამ გზით.
-რაც შეეხება კომუნალურს – ამ პერიოდში საერთოდ შეიძლება სახელმწიფომ იტვირთოს თავის თავზე და გახადოს უფასო. კომუნალურების გადახდის ვალდებულება არ აქვს სახელმწიფოს, მაგრამ როცა გვაქვს საგანგებო მდგომარეობა და ფორს-მაჟორია, ეს ხარჯები თავის თავზე უნდა აიღოს. ადამიანები არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ არა აქვთ კომუნალურების გადახდის საშუალება და როგორ უნდა მოთხოვო ის, რისი საშუალებაც არა აქვთ? სახელმწიფო ობლიგაციებს ყიდის და 30-40 წლის მერე ფიქრობს მის გადახდას.
ამ ტიპის მოქმედების განხორციელება შეიძლება, ამჯერად პირუკუ, ობლიგაციის სახით – მოქალაქე გადაიხდის წლების შემდეგ – დაგროვებდა – გააკეთებ მერე რესტრუქტურიზაციას და გადანაწილდება.
რაც შეეხება ეკონომიკას – ერთი „კარგი ამბავი“ ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა და რაც არ გვაქვს, ის ვერ განადგურდება. ჩვენ ჭამიდან ვიხდით გადასახადებს. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტში ჩახედეთ აბა, თუ არის საუბარი საწარმოების გაჩერებაზე – რატომ? საწარმო კლასიკური გაგებით, სადაც შეიძლება მუშაობდეს 2000-3000 კაცი – გვაქვს ასეთი? ქარხანა, რომელიც რაღაცას უშვებს – გვაქვს ასეთი? მარტო ჩემს ქალაქში, ქუთაისში იყო 10 ქარხანა.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ერთადერთი სტაბილური სამსახური – საჯარო სამსახურია. საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს, ესენი ეკონომიკას ეძახიან მთლიან შიდა პროდუქტს და ეს არის ზღაპრები. საქართველო პროდუქციას, გარდა სასოფლო-სამეურნეოსა, არაფერს უშვებს.
– რა პრინციპით უტარებენ ტესტირებას რუსეთში ადამიანებს?
– უნდა ჰქონდათ სიმპტომები და ასევე უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, ან შემხებლობა რომელიმე ინფიცირებულთან. რამდენიმე ჩემს ნაცნობსაც ჰქონდა სიცხე, მაგრამ არ იყო უცხოეთში, ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ იყო. ტესტი არ ჩაუტარეს. ერთი კვირის მერე ყველას გაუარა, მაგრამ რა გადაიტანეს, კაცმა არ იცის.
როგორც ჩანს, თვითმფრინავი არის ამ დაავადების გავრცელების საუკეთესო საშუალება, თვითმფრინავის ჰაერი ასწრებს ყველას ფილტვებში ყოფნას, ამიტომ მომავალში ვფიქრობ დიდი ყურადღება დაეთმობა ჰაერის ვენტილაციას. ბიზნეს ცენტრებიც ასევე, სადაც საერთო ვენტილაციის სისტემაა. თვითმფრინავი იაფი რომ ღირდა – ღირდა ბევრი რამის ხარჯზე და ახლა, ალბათ, დაემატება ჰაერის გაწმენდის მოთხოვნა.
– სასტუმროები?
-სასტუმროშიც თუ არის შიდა ვენტილაცია – კი. ვინ იფიქრებდა, რომ კარანტინისთვის ამდენი ფართი დასჭირდებოდათ? აი, კომუნისტების დროს, ამაზე ჰქონდათ ნაფიქრალი, იმიტომ რომ რამდენიმე ამ ტიპის ეპიდემია და პანდემია იყო. მერე დაინგრა ყველაფერი და დაშალა და ხომ ხედავთ ინფექციური საავადმყოფო აღმოჩნდა მდგმურის როლში.
– რას ურჩევდით სახელმწიფოს?
-პირველ რიგში სურსათის მომარაგება და სამედიცინო აპარატურის შემოტანა. მაქსიმალურად თანხების მიმართვა ამ კუთხით.
-იძახიან, გვაქვს სამედიცინო აპარატურაო.
თუ აქვთ, მაშინ არ უნდა დაემართოთ იგივე, რაც დაემართა იტალიას და მოიმარაგონ სურსათი. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე – რამდენი აქვთ აპარატურა, როგორია წამლის მარაგი – ეს ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს ისე, როგორც ქვეყნდება დასნებოვნებულთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. პუტინის მიმართვის ძირითადი ნაწილი სწორედ ამას შეეხეო. მე არ ვიძახი, რომ სასწაულები გააკეთეს, მაგრამ დახმარებებზე ისაუბრა და ამ ტიპის საუბრები ხალხს ამშვიდებს. ივანიშვილის ადგილზე, მე მაგალითად გამოვჩნდებოდი და ვიტყოდი ღიად, რა კეთდება. ნებისმიერი პიარი, საზოგადოებისთვის არის შვების მომგვრელი. ბრიფინგები კი აქვთ, მაგრამ უნდა კეთდებოდეს ერთი სახელმწიფო რელიზი, ციფრები, პროგნოზი, მარაგზე – უნდა კეთდებოდეს ყოველ დღე.
ასეთ დროს, რა თქმა უნდა შეცდომები შეიძლება იქნეს დაშვებული, არავინ იყო მზად ამისთვის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობა მოქნილია და პრემიერს ყოველ საღამოს შეუძლია, სადაც დაინახავს სუსტ წერტილს, იმის აღმოსაფხვრელად ახალი დადგენილება გამოსცეს, თორემ, ზოგადი კანონი ყველამ კარგად ვიცით.
რომ შევაჯამოთ – 1. უნდა მოხდეს პროდუქტების მომარაგება, 2. სამედიცინო აპარატურის მომარაგება, 3. ამ თვეების კომუნალურების გადასახადის გადადება მაინც მინიმუმ ერთი წლით, 4. მთავრობის ყოველდღიური რელიზი, სადაც ყველა მონაცემი იქნება ღიად და ერთი დოკუმენტის სახით გამოქვეყნებული.
ყველაფერს რასაც ხალხი მოითხოვს, პატარა ქვეყანა ხარ და ვერ გააკეთებ, განა არ გააკეთებ, ფიზიკურად ვერ გააკეთებ, მაგრამ რაც შეგიძლია, ის, რომ იმედი შექმნა, ის, რომ კომუნალური გადაავადო დავუშვათ სამი წლით, ან ერთი წლით, ის რომ პროდუქტების მარაგი იქონიო და შეჭირვებულებს დაურიგო, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს – ეს ადამიანისთვის დიდი შეღავათია, ხო? ფიქრობენ, ალბათ, ამის გაკეთებას. მე პირადად, უკვე დავაყენებდი ამ რეკომენდაციებს. უკვე ვისაუბრებდი ამაზე. სახელმწიფო დაკარგავს რაღაც ტიპის შემოსავალს და გარკვეული ინფრასტრუქტურები გაჩერდება, მაგრამ როცა ადამიანების სიცოცხლეზე და ერის გადარჩენაზეა საუბარი, რა დროს ინფრასტრუქტურაა.
ალია №12, თამო კეშელავა
კომენტარები