პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“გამთენიისას ვარსკვლავური რეისით შემოვედი თბილისში. ვის არ აღმოაჩენდით თანამგზავრთა შორის … ელიტარული ინტელექტუალების, სახელგანთქმული სუპერმოდელების, ბერლინელი პროფესორებისა და დედაქალაქის მერის გარემოცვაში მომიწია საქართველოს საზღვრის გადმოლახვა. განსაკუთრებით გამაღიზიანა არასამთავრობო სექტორის ერთმა, თითქმის დავიწყებას მიცემულმა წარმომადგენელმა, რომელიც სკამში ვერ ეტეოდა და ბორტგამცილებელს ორსულებისთვის განკუთვნილ ზონარს თხოვდა ქამრის შემოსაჭდობად. შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ ყავარზე გადებული უამრავი კუდი წარმომიდგა თვალწინ.
ამ დროს სკამებს შორის შემოაბიჯა დიდმა კაცმა, სახეზე უდიდესი მოკრძალება, თავმდაბლობა, რიდი ჰქონდა აღბეჭდილი. მშვიდად, წყნარად ელოდებოდა ადგილის დაკავებას, შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდა ყველა მგზავრს, ცდილობდა, რომ არავის შეემჩნია და არავინ შეეწუხებინა. შემდეგ მოულოდნელად თავის მეგობარს გადააწყდა, რომელიც, რაც ხელში მოხვდა, იმ საჩუქრებით გულუხვად დააჯილდოვა. მალევე მივხვდი, რომ ლეგენდარული გენო პეტრიაშვილი იყო – ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი, ოლიმპიური ბრინჯაოსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი …
ჰოდა, გავბედე, შევაწუხე, ხელი ჩამოვართვი, ვუთხარი, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ის, ვამაყობთ მისით… და აქ უკვე ჩემმა ჭარტალმა დამღუპა :(((( მოვუყევი, როგორ ვიდექით ქუჩაში მე, ავტობუსის კონტროლიორი, “ჟუაჩკების”, მზესუმზირისა და “ვეჩერნი ტიფლისის” გამყიდველი, ბებიაჩემის კურსელი, უფლისწული და მათხოვარი პეკინისა და პავლოვის კუთხეში და როგორ ვუყურებდით ჩემს დანჯღრეულ ტელეფონში დენ სტივენსონთან მის ჭიდაობას … ერთი მოკლე წინადადებით დამადუმა: ” და ქუჩაში შეგარცხვინეთ …”
იმ წამს მინდოდა სასტუმროდან გამოზიდული შოკოლადების გამო დასაკითხად გავეყვანე ვინმეს :((( არადა, მხოლოდ იმის თქმის განზრახვა მქონდა, რომ ღირსეული დამარცხების მაგალითი საზოგადოებას გაცილებით მეტს ასწავლის, გაცილებით უფრო დიდ სამსახურს უწევს, ვიდრე გამარჯვების ეიფორია. მოკლედ, კაცს ვერ ვაგრძნობინე, რომ ხალხს მისი ბრძოლის, საერთო ეროვნული სიხარულის მოტანაში ჩადებული არაადამიანური ძალისხმევის, მისი პროფესიონალიზმის გამო უყვარს და არა მედალთა სინჯების გამო.”
კომენტარები