• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები თვითონ არიან ფაშისტები, ოღონდ მართლა” – ლევან ლოტრთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:53 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

 

“რუსული პროპაგანდის შეუზღუდავი ფანტაზიის შესახებ მთელ მსოფლიოში კარგად იციან. კრემლი არ ერიდება ნებისმიერი აბსურდის ჭეშმარიტებად გამოცხადებას. ბოლო წლებში იმპერიის პროპაგანდისტული მანქანა ყველაზე მეტს „დენაციფიკაციის“ აუცილებლობაზე საუბრობს, რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლები უკრაინას „ნაცისტურ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებენ და მოსკოვში დაბადებული მითის არგუმენტებით გამყარებასაც ცდილობენ.
მოდით, მოვისხამ პოლიტოლოგის მანტიას და მათი არგუმენტების აწონ-დაწონვის გზას დავადგები.
? არგუმენტი #1 – უკრაინის პარტიულ ლანდშაფტში ულტრანაციონალისტური და რადიკალური მემარჯვენე ძალები დომინირებენ.
აბსოლუტური ტყუილი! უკრაინაში „პერესტროიკის“ პერიოდში არაერთ პარტიას ჩაეყარა საფუძველი, ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე, პოლიტიკურ ველზე ათობით პარტია ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას, მათ შორის ულტრანაციონალისტური და ულტრამემარჯვენე ძალებიც. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ასეთმა ერთობებმა სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადიკალური ორგანიზაციების მხარდაჭერა ყოველთვის მიზერული გახლდათ, ისინი თითქმის ვერასდროს ვერ ახერხებდნენ საპარლამენტო საარჩევნო ბარიერის გადალახვას, 450 წევრიან პარლამენტში თითო-ოროლა ნაციონალისტი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში წარმატების წყალობით თუ შეჰყოფდა ცხვირის.
ერთადერთი გამონაკლისი 2012 წლის არჩევნები იყო, როდესაც გაერთიანება „სვობოდამ“ ხმათა 10%-ის მოგროვება შეძლო. მაშინ პოლიტიკურ ბრძოლებში პრეზიდენტ იანუკოვიჩის, ექს-პრემიერ ტიმოშენკოს, რეტროგრადი კომუნისტი სიმონენკოს გუნდები იყვნენ ჩართულნი. დამკვირვებლები „სვობოდას“ წარმატებას ულტრანაციონალისტური იდეების პოპულარობით კი არ ხსნიან, პარტიის გამარჯვებას პოლიტიკური კლასის მიმართ არსებულ ზიზღსა და იმედგაცრუებას უკავშირებენ („გავაკეთოთ არაპროგნოზირებადი, მოულოდნელი არჩევანი, რათა დისკომფორტი შევუქმნათ პოლიტიკურ ელიტას“).
2012 წლის მოწვევის რადას ვადის ამოწურვის შემდეგ ულტრანაციონალისტები და რადიკალები თავიანთ ჩვეულ, მარგინალურ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 2014 წლის რადას კენჭისყრაზე ვერც „სვობოდამ“ და ვერც „მემარჯვენე სექტორმა“ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სვობოდას“ ლიდერმა ოლეჰ ტიგნიბოკმა 1.16% მოიპოვა, „მემარჯვენე სექტორის“ რჩეულმა დმიტრი იაროშმა 0,7%. ტენდენცია შენარჩუნდა 2019 წლის კენჭისყრებზეც. დონეცკსა და ლუგანსკსაც რომ ჰქონოდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა მათი შედეგები კიდევ უფრო მოკრძალებული იქნებოდა. კვლავ მაჟორიტარული ოლქიდან ერთი-ორი დეპუტატის გაყვანა იქცა ნაციონალისტთა ერთადერთ ნუგეშად.
მოკლედ, საერთო ეროვნულ დონეზე დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში მრავალჯერ უფრო გავლენიანნი არიან ულტრამემარჯვენეები, ვიდრე უკრაინაში.
ამასთანავე, რუსეთი არის ქვეყანა, სადაც წლებია ნაცისტები ქუჩაში დგანან, აწყობენ მარშებს, ემუქრებიან სხვა ეთნოსის ემიგრანტებსა თუ თანამოქალაქეებს. 30 წელია პარლამენტში შეუცვლელად არის წარმოდგენილი ყველა კრიტერიუმით ულტრანაციონალისტური პარტია ლდპრ-ი, ერთ-ერთი გავლენიანი და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწეა დიმიტრი რაგოზინი, რომელსაც თავისუფლად, შესაბამისი პარამეტრების მოხმობით შეგვიძლია ვუწოდოთ ფაშისტი. ახალი ტალღის პოლიტიკოსთა შორისაც მოწინავეები ნაციონალისტ-ბოლშევიკები არიან – მაგალითად შეგვიძლია ზახარ პრილეპინი დავასახელოთ, რომელიც 2021 წლიდან დუმის დეპუტატია მირონოვის „კიდობნის“ გავლით. მოკლედ, თავის თავში დირეს ვერ ხედავენ და სხვის ბეწვზე მოთქვამენ.
? არგუმენტი #2 – უკრაინის ქუჩებში ბანდერას სურათებითა და ჩირაღდნებით ხელში მსვლელობებს აწყობენ.
მართალია! უკრაინაში ულტრანაციონალისტები მხოლოდ პარტიებს არ ქმნიან, ისინი პატარ-პატარა, პარტიათა პარალელურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებსაც აყალიბებენ. დიახ, ხანდახან ისინი ჩირაღდნებით ხელში მსვლელობებს აწყობენ! დიახ, მათ სტეფან ბანდერა და რომან შუხევიჩი ბოლშევიკური რუსეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ მებრძოლებად მიაჩნიათ! დიახ, მათ ახსოვთ თუ როგორ გამოამწყვდიეს ნაცისტებმა ბანდერა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში! (აქამდე, რაც დავწერე 100%-იანი სიმართლეა!) სამწუხაროდ, ამ პატარ-პატარა ჯგუფების წარმომადგენლებს არ სურთ მედლის მეორე მხარის დანახვა, სტეფან ბანდერა სასტიკი ტერორისტი იყო, ხოცავდა ხალხს, ხელს უწყობდა ეთნიკურ წმენდებს, ბევრი ებრაელის, პოლონელისა და რუსის სისხლით არის შეღებილი მისი სახელი.
მაგრამ აქ არ მთავრდება სიმართლე! მთავარი ის არის, რომ ბანდერა პოპულარული ძირითადად დასავლეთ უკრაინაშია, დასავლეთ უკრაინაშიც კი აბსოლუტური და უპირობო აღიარება დასახელებულ ისტორიულ ფიგურას არ აქვს. ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ულტრანაციონალისტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. ბანდერა ყველაფერია, გარდა კონსენსუალური, საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული ფიგურისა… (ყირიმის ანექსიამდე კიდევ უფრო ნაკლებად მიღებული პერსონა გახლდათ). რუსები კი ამბობენ, რომ მთელი უკრაინა ნაძირალა მკვლელი ბანდერას მიმდევარიაო. საქართველოშიც უყვართ ბერია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ბერიათი აღფრთოვანებულნი ვართ და მას ერეკლე მეფის რანგის მოვლენად ვაცხადებთ.
? არგუმენტი #3 – უკრაინის ჯარში ნაცისტები მსახურობენ.
დონბასში დაწყებულმა ომმა უკრაინაში გზა გაუხსნა მოხალისეთა პარამილიტარისტული დაჯგუფებების ჩამოყალიბებას. ბოლო რვა წელია პროფესიული არმიისა და სპეცდანაყოფების გვერდით მოხალისეთა პოლკებიც იბრძვიან. დროთა განმავლობაში არაფორმალური სამხედრო შეიარაღებული ბატალიონები უკრაინის ოფიციალური სამთავრობო უწყებებისა და გვარდიის კონტროლს დაექვემდებარნენ.
დიახ, ზოგიერთი (და არა ყველა) მოხალისეთა რაზმი გამოკვეთილად ულტრამემარჯვენე, ულტრანაციონალისტური იდეოლოგიისაა, მისი წევრები ომში თავიანთი ღირებულებებიდან გამომდინარე წავიდნენ.
ერთი და ორი მოხალისეთა რაზმის პოლიტიკური შეხედულებების მთელს ერსა და სახელმწიფოზე განზოგადება არასწორია, არასერიოზულია, არ არის სამართლიანი და რეალობის დამახინჯებას ემსახურება.
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ გერმანულ პრესაში ხშირად ვაწყდები ხოლმე სტატიებს ბუნდესვერსა და პოლიციაში ექსტრემისტული იდეების მომძლავრებასთან დაკავშირებით. მოკლედ, ძალოვან უწყებაში ძალადობის მხარდამჭერი ღირებულებების ფეხის მოკიდება ჩვეულებრივი, მაგრამ საყურადღებო ამბავია ყველგან და არამხოლოდ უკრაინაში!.
? არგუმენტი #4 – უკრაინა გენოციდს უწყობს დონბასის რუსულ მოსახლეობას.
უკრაინა არის ქვეყანა, სადაც რუსულენოვან უკრაინელებსა და რუსებს შორის ზღვარის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია, უკრაინულენოვან რუსებსა და უკრაინელებს შორის მქრქალი კონტურის გავლებას თივის ზვინში ნემსის ძებნა სჯობს.
როდესაც ასეთი რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად მთავრდება ერთი ეთნოსი და იწყება მეორე, როგორ შეიძლება გენოციდზე საუბარი? (გენოციდი – /ბერძ. γένος — ჯიში, თემი და ლათ. caedo — ვკლავ/ — რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს.)
თან დონბასში ომი უკრაინელებს არ დაუწყიათ, გაურკვეველმა, მეზობელი ქვეყნიდან გადმოსროლილმა დივერსანტებმა წამოიწყეს. ტერიტორიული მთლიანობისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მოტივით გამოვლენილ საპასუხო რეაქციას გენოციდი კვალიფიკაცია როგორ უნდა მისცე! თან გენოციდის მსხვერპლ მოსახლეობას ანუ რუსებს, პრორუსებს პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია აქვთ („სიცოცხლისთვის“) და არაერთი რეგიონის ადგილობრივ მმართველობაში არიან წარმოდგენილნი.
გენოციდი და უმსხვილესი საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის შექმნა ერთად როგორ გამოდის? მხოლოდ ომის 25-ე დღეს დროებით შეუჩერეს მუშაობის უფლება კოლაბორაციონისტულ პარტიებს.
სულ ალექსეი ვენედიქტოვის მიერ მოყვანილი რიცხვი მიტრიალებს თავში. ცნობილმა ჟურნალისტმა (ამ სიტყვის არაქართული გაგებით) ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ დონეცკის კვაზირესპუბლიკის სახალხო დამცველის მსგავსი სტრუქტურის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში დონბასის კონფლიქტს 8 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. რვა ადამიანის სიკვდილი რვა სამყაროს მოსპობაა, მაგრამ გენოციდი არ არის.
? არგუმენტი #5 – უკრაინის ენობრივი და ნაციონალური პოლიტიკის პრობლემები.
იანუკოვიჩის დროს უკრაინაში მოქმედებდა კანონი, რომელიც ცალკეულ ენებს რეგიონალურ სტატუსს ანიჭებდა. თუ ოფიციალური აღწერის მიხედვით რომელიმე ოლქში მოსახლეობის 10%-ზე მეტი მშობლიურ ენად რუსულს, ბულგარულს, მოლდოვურს, რუთენიულს ან რომელიმე სხვა ენას ასახელებდა, მაშინ აღნიშნული ლინგვისტური ერთეულის ოფიციალურ უწყებებში გამოყენება უკრაინულის პარალელურად თავისუფლად შესაძლებელი ხდებოდა.
უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, კანონის მიღებას დიდი აყალმაყალი მოჰყვა, ზოგიერთი რეგიონი დაემორჩილა კანონს, ზოგიერთი არა. მის შესახებ დისკუსია ერთი წამით არ შეჩერებულა. ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ კანონის გაუქმება სცადეს, ერთბაშად არ გამოუვიდათ მისი ანულირება, ბოლოს მაინც შეწყდა ამ კანონის მოქმედება.
პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი დაიწყო ჰიპერაქტიური პოლიტიკა უკრაინული ენის ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოკვეთის მიმართულებით. 2014 წლის შემდეგ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინული ენის მონოპოლიის უზრუნველყოფისა და სხვა ენებისთვის სტატუსის შემცირების მიმართულებით. უკრაინული ენის მონოპოლიის დამყარებას შეეცადნენ საშუალო და უმაღლესი განათლების, მაუწყებლობისა და სხვა სფეროებში. დეტალები ენის პოლიტიკის სპეციალისტებს ვკითხოთ. ფაქტია, ამგვარმა გადაწყვეტილებებმა მხოლოდ რუსეთის კი არა, დასავლელი მეზობლებისა და ევროკავშირის გაღიზიანებაც გამოიწვია.
ზელენსკის მმართველობისას მიიღეს „კანონი მკვიდრი ხალხების შესახებ“. უკრაინელების გარდა ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობად გამოცხადნენ ყირიმელი თათრები, კრიმჩაკები (თიურქულენოვანი ებრაელების მცირერიცხოვანი ჯგუფი), კარაიმები (თიურქულენოვანი ეთნორელიგიური ჯგუფი). დაწესდა მათი უფლებების დაცვისათვის დამატებითი მექანიზმები. აღნიშნულ კანონში არაფერია ნათქვამი რუსების შესახებ, რამაც რუსულენოვანი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.
მოკლედ, უკრაინის ენობრივ და ნაციონალურ პოლიტიკას ნამდვილად აქვს ხარვეზები, შეიძლება მათ დებულებებს არ დავეთანხმოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტის გათვალისწინებაც. რუსეთი რუსული ენისა და კულტურის გამოყენებას ცდილობს თავისი იმპერიალისტური მიზნებისთვის, ახალგაზრდა დემოკრატიას კი ხანდახან არ ჰყოფნის ძალა მათ გაუმკლავდეს, ამიტომ უწევს ხარვეზების შემცველი კანონების მიღება.
ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი დაშვებულია და მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნები პერიოდულად ტარდება, კანონმდებლობის ხარვეზების ნაციზმად გამოცხადება აბსურდია.
რუსები თვითონ არიან ფაშისტები, ოღონდ მართლა, ამაზე სხვა დროს, კონკრეტული საზომებით!
___
P.S. ჩასისხლიანებული თვალები, ჩახლეჩილი ხმა რომ მქონდეს ან ბატი ტასიკოსავით ნაივური რომ ვიყო, ან ტყავის ბიუზჰალტერიანი ზედატანი რომ მქონდეს, ნამდვილი ექსპერტი ვიქნებოდი”
თეგები: ლევან ლორთქიფანიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved