აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
“ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ამერიკის მოქალაქეებმა, ვინც ბელარუსშია ან იქ გამგზავრებას გეგმავენ, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია განუჭვრეტელია და რეგიონში მზარდი დაძაბულობაა. ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ვურჩევთ არ იმგზავრონ ბელარუსში.
აშშ-ის ხელისუფლების შესაძლებლობები, რომ ბელარუსში ამერიკის მოქალაქეებს მიაწოდოს სასწრაფო დახმარების პროდუქტები ბელარუსის ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოც თანამშრომლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ისედაც ძალიან დასაზღვრულია“ – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით ორშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მკაფიოდ საუბრობს, მათ შორის ბელარუსის ხელისუფლებასთან, რომ თუ ის რუსეთს უფლებას მისცემს მისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ბელარუსი აშშ-ისგან და მოკავშირეებისგან სწრაფი და მკაფიო პასუხის წინაშე აღმოჩნდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ზომების უპრეცედენტო ბუნებაზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. თუ ბელარუსი – რომელიც წესით სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს – მხარს დაუჭერს ამ შეჭრას, ჩვენი პასუხი სწრაფი და მკაფიო იქნება“ – განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.
ამერიკას ბელარუსში შეზღუდული წარმომადგენლობა ჰყავს, რაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგია. 2021 წლის ზაფხულს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მინსკში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა 5-მდე შემცირდა, ოქტომბერში გაუქმდა საჯარო დიპლომატიისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისები, ბელარუსში ამერიკის ელჩს ჯული ფიშერს კი მეზობელ ლიეტუვაში უწვეს მუშაობა.














კომენტარები