“რობერტ სტურუას თხოვნით, კახა კალაძემ მსახიობი ბესო ზანგური სასაფლაოების ამზომველად გააფორმა“, – ამ სათაურით სტატიები და ფოტოები ორი დღეა რაც მედიაში ქვეყნდება.
მსახიობი ბესო ზანგური კი ამბობს, რომ იმ სამსახურების პოვნაში, სადაც ოდესმე დამატებით უმუშავია, არასოდეს ჩარეულა რობერტ სტურუა, პირიქით, მას (სტურუას) არ უყვარს, როცა მსახიობები დამატებით სხვაგანაც მუშაობენ. Ambebi.ge-სთან საუბრისას ზანგურმა აღნიშნა, რომ “მასზე ბულინგი შვილებსა და ოჯახზე ძალიან მოქმედებს.”
ბესო ზანგური:
– რობერტ სტურუა და კახა კალაძე არაფერ შუაში არ არიან. ვინაიდან მრავალშვილიანი მამა ვარ, ჩემთვის თავისუფალ დროს სადაც ვნახულობ ვაკანსიას, ყველგან ვცდილობ, მივიდე და დროებით ვიმუშავო. 2012 წელს ასე “დელტაშიც“ ვმუშაობდი, შემდეგ ანსამბლიც ჩამოვაყალიბეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე. ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია და საერთოდ, შრომა არ მეთაკილება. რით არ მობეზრდათ ჩემი ბულინგი?! ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ და ერთადერთი, რაც ჩემზე მოქმედებს, ეს არის.
– ნამდვილად მუშაობდით სასაფლაოების ამზომველის პოზიციაზე?
– დიახ, ვმუშაობდი. ვაკანსია ვნახე და დავრეკე, მითხრეს, რომ გასაუბრებაზე მივსულიყავი. გასაუბრების შემდეგ დამიკავშირდნენ და დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დაბალ ხელფასზე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი, როცა გამომიძახებდნენ ხოლმე. ვაკეთებდი იმას, რაც მევალებოდა. როგორც გითხარით, თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი, “ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგ ყველაფერი დაშლილი იყო და ამ ყველაფერს დაწყობა და დალაგება უნდოდა. მაშინ რამდენიმე ტანკი გარაჟებშიც კი იპოვნეს.
შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი “თარიკონი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, სადაც თანამშრომლების შვილებს უფასოდ ვასწავლიდით მხატვრულ კითხვას, ცეკვას. ამ ბავშვებმა ბათუმში ფესტივალზე გრან-პრიც კი აიღეს. ჩემი საქმე რომ მორჩა, აქედანაც წამოვედი. ბავშვებიც მომიმზადებია მეტყველებაში, არ მეთაკილება არანაირი სამუშაო.
როდესაც რუსთაველის თეატრში დაკავებული ვარ როლებზე, მაშინ არსად არ ვმუშაობ. ორი წელია პანდემიაა და რატომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში და ფული სხვისთვის გამომერთმია?!
– ბინის დაკარგვის შემდეგ ახლა სად ცხოვრობთ, დედა როგორ არის? (ცნობისთვის, წელიწადზე მეტია მას შემდეგ, რაც მსახიობის დედას ინსულტი დაემართა)
– სახლი მაქვს ნაქირავები, დედა ცუდად არის, ვერ საუბრობს, ვერ დადის.
– ყოფილ მეუღლესთან, ნინუცა მაყაშვილთან მომხდარი სკანდალის შემდეგ რუსთაველის თეატრმა დროებით როლებიდან მოგხსნათ, როდის აღგადგინეს?
– ეს იყო დროებითი ამბავი, სანამ სამართალდამცავები არ გაერკვნენ. ძალადობის ვერანაირი კვალი ვერ ნახეს… ვერც სამეზობლოდან, რომ მსგავს რამეს ჩავიდენდი. ერთ თვეში სპექტაკლებში აღმადგინეს. ჩვეულებრივად ვთამაშობ. დღესაც სპექტაკლი მქონდა.
არასოდეს დარეკავს რობერტ სტურუა სადმე რომ მე, ან რომელიმე მსახიობმა დამატებით ვიმუშაოთ. მისთვის მიუღებელია მსახიობი მუშაობდეს სხვაგან.
ამიტომ მეც ყოველთვის ვმალავდი. მე ბესო ვარ, ზანგური, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების კალთით არსად არაფერი გამიკეთებია. 16 წლის მამა ვიყავი, ბავშვი მეკავა ხელში, ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი ხოლმე. არასოდეს მიკადრია, რომ ვიღაცის ფული ამეღო. სადარბაზოში რომ შევდივარ, უკან არ ვიყურები, არ მეშინია.
როდესაც ხელფასს ვიღებ, “ფეისბუქზე” ვწერ ხოლმე ვინმეს ხომ არ გჭირდებათ თანხა, შემიძლია ისე მოგცეთ.














კომენტარები