• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

ალია ავტორი - ალია
15:05 10-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

12.05.2020 – ბათუმელები

„ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში უკანონოდ ისე დასრულდა, რომ სასამართლოში მოგებულმა საქმემაც ვერაფერი შეცვალა“, – ამბობს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის #3-ში მცხოვრები მამუკა დავითაძე და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ გაბათილებულია. მამუკა დავითაძე კერძო სახლში ცხოვრობს, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აივნები კი, მისი სახლის ფანჯრებიდან ხელის გაწვდენაზეა.

„შეხედეთ, ხელის ჩამორთმევაც კი შეიძლება, პანდემია რომ არ იყოს,“ – ირონიას არ მალავს მამუკა, ვიდრე საქმის მასალებს გაგვაცნობს და ფანჯრიდან მეზობლად აშენებულ კორპუსს გასცქერის.

ხედი მამუკა დავითაძის სახლიდან

მამუკა მიიჩნევს, რომ უკანონო მშენებლობას ბაგრატ მანველიძე მფარველობდა, რომელიც კორპუსის აშენებამდე აქ მიწის ნაკვეთს ფლობდა და ბათუმის ვიცე-მერი იყო, როცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა 2015 წელს. მშენებლები ახვლედიანის ქუჩაზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ. მაშინ ყველა ტელევიზია და მედიასაშუალება აშუქებდა ერთკაციან აქციას – ქალი, რომელიც შუა ქუჩაზე ქოლგით სკამზე დაჯდა და სატვირთო ავტომანქანებს აღარ ატარებდა. ქალი ამბობდა, რომ მაღალსართულიანი სახლის აშენების უფლებას არავის მისცემდა. ეს ქალი მამუკა დავითაძის დედაა – იზოლდა რუსიძე, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ სასამართლოსთვის მიუმართავს.

„…ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი იყო ის, რომ კორპუსი პირდაპირ მოგვადგეს და ჩაგვაბნელეს, მზის სხივი აღარ აღწევს, კორპუსის ფანჯრებიდანაც პირდაპირ გვიყურებენ… გარდა ამისა, პრობლემა იყო ბზარების გაჩენა  სახლში, რომელიც მშენებლობის დროს გაჩნდა, ზარალიც არავინ აგვინაზღაურა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც, მშენებლობის რეგულაციები დარღვეული იყო,“ – გვიყვება მამუკა დავითაძე და სახლის მეორე სართულზე გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს. ამ სახლში 1969 წლიდან ცხოვრობს იზოლდა რუსიძე.

„პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება“ – ეს სიტყვები გამოიყენა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან ბათუმის მერიის მშენებლობის ნებართვა სამართლებრივად  2016 წელს შეაფასა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად…“ – წერს მოსამართლე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ „მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იქნა შეთანხმებული შპს „ელიტჰაუსის“ სამშენებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი სახის ღია ნაწილებს, როგორიც არის მოწყობილი შპს „ელიტჰაუსის“ შენობის ფასადზე, იზოლდა რუსიძის სამეზობლო საზღვრის მხარეს, მაშინ როცა მათი მოწყობა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ წესს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება,“ – ვკითხულობთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იზოლდა რუსიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააბათილა მერიის მიერ მშენებლობის ნებართვისთვის გამოცემული ბრძანება. მოსამართლემ მოსარჩელის აზრი არ გაიზიარა მხოლოდ მშენებლობის სიმაღლის კუთხით და არ მიიჩნია, რომ შენობის სიმაღლე არღვევდა მოქალაქის უფლებას რაიმე კუთხით. მოსამართლემ ბათუმის მერიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

ბათუმის მერიამ, სადაც ვიცე-მერი ისევ ბაგრატ მანველიძე იყო, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაცვლად აღსრულებისა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რითაც ისარგებლა მშენებელმა და ახვლედიანის #3-ში აქტიურ რეჟიმში დაიწყო მშენებლობა.

რა შუაშია ბაგრატ მანველიძე?

ბაგრატ მანველიძემ საკუთარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შპს „ელიტჰაუსს“, რომელმაც ახვლედიანის #3-ში საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამ კორპუსში ახლა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ბაგრატ მანველიძის შვილი – ბექა მანველიძე რამდენიმე საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს.

„აქ ყველამ იცის, რომ მშენებლობას მფარველობდა ბაგრატ მანველიძე… თავის დროზე დედაჩემსაც უთხრეს, ირბინე შენ შენი საბუთებით რამდენიც გინდა, ვერაფერს გახდებიო…“ – აღნიშნავს მამუკა დავითაძე „ბათუმელებთან“. მას სჯერა, რომ მანველიძის აქტიური ჩართულობის გარეშე უკანონო მშენებლობა ვერ დასრულდებოდა.

2016 წელს ბათუმის მერიამ მოქალაქე იზოლდა რუსიძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს სამივე ინსტანცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაეთანხმა და არაფერი შეცვალა, თუმცა ამასობაში ბათუმის მერიის და სასამართლოს შუაში, ქალაქის ცენტრში, უკანონო მშენებლობა დასრულდა კიდეც. 2018 წელს უკვე ახალმა მერმა – ლაშა კომახიძემ ახალი შენობა ექსპლუატაციაშიც მიიღო.

ახლა „ელიტჰაუსი“ დავობს სასამართლოში ბათუმის მერიის წინააღმდეგ, რადგან სასამართლოს სამივე ინსტანციაში დროის გაყვანის შემდეგ, ლაშა კომახიძე იძულებული გახდა უკანონოდ აგებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილება გაეუქმებინა. გარდა ამისა, მშენებელი კომპანია დააჯარიმეს, რადგან მან პროექტი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეცვალა.

„მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ბათუმის მერიამ გააუქმა გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ… გრძელდება ორი დავა ცალ-ცალკე. კომპანია ასაჩივრებს ჯარიმას და ექსპლუატაციაში მიღების გაუქმებას,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე.

„ეს ყველაფერი თამაშია, შეთანხმებულად მოქმედებენ, თორე ჩვენთვის რა იცვლება?“ – კითხულობს მოქალაქე მამუკა დავითაძე, რომელმაც უკვე ყველა ინსტანცია მოიარა საკუთარი უფლების დასაცავად.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და რამდენად შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა ახლა, როცა მშენებლობა დასრულებულია, ხოლო ახალ კორპუსში ხალხი ცხოვრობს?- ბათუმის მერიის იურისტი ამბობს, რომ დადგენილება აღსრულების ბიუროს ჯერ არ ჩაჰბარებია, რადგან იგი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავა გრძელდება.

„ცალკე საკითხია,  რამდენად აქვს აღსრულებას იმის რესურსი, რომ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს მშენებლობა…“ – დასძინა მერიის იურისტმა „ბათუმელებთან“.

მოქალაქე მამუკა დავითაძეს კი ახსოვს ბაგრატ მანველიძის სასამართლო პროცესიც, როცა მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები 2019 წელს დააკავეს. მაშინ ბაგრატ მანველიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. საუბარია „იაფი სახლის“ საქმეზე – ბაგრატ მანველიძე სადავო შესყიდვის დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და მას ჯარიმის სახით 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევებში ამ დრომდე არიან დარჩენილნი ადამიანები.

წლებია მედია წერს უკანონო მშენებლობებზე, თუმცა, რეაგირების რა გითხრათ.

„გარკვეული გადახვევები“ – რიჟვაძე ბულვარში ამბასადორის უკანონო მშენებლობაზე
თეგები: ბათუმიბათუმის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved