• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – მეხვეწებოდა -„გთხოვ, ბებო, დამაძინე“… მე ამ ომში დავმარცხდი – ექიმი, რომელიც კოვიდგანყოფილებაში ვეღარ მუშაობს

ალია ავტორი - ალია
13:47 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ფოტო – ბათუმელები

„ძალიან გთხოვ, დამაძინე“ – ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში და არასდროს დამავიწყდება“ – 31 წლის რეანიმატოლოგმა შავლეგ კუტალაძემ ორთვენახევარი გაატარა კოვიდით დაავადებული ადამიანების გარემოცვაში. ამ ხნის მანძილზე არ გასულა გარეთ, არ უნახავს ოჯახის წევრები. ექიმი, რომელიც ამბობს, რომ დამარცხდა ფსიქოლოგიურ ომში, პაციენტების და საკუთარი განცდების შესახებ “ბათუმელებთან” საუბრობს.

იგი ახლა კოვიდგანყოფილებაში აღარ მუშაობს. 

პანდემიაში

იმ დროს, როცა უხილავ სენთან ბრძოლაში ჩავერთე, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ასევე, კოვიდსივრცის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმაციულ განყოფილებაში. რეალურად, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ შრომამ, ემოციურმა თუ ფიზიკურმა დატვირთვამ და განლევამ, რაც მე განვიცადე პანდემიის მეორე ტალღის დროს.

ყოველი დღე იწყებოდა სასტუმროს იზოლაციიდან და გადიოდა რეანიმაციის ოთახში. ამ პერიოდში დაახლოებით 127-მა პაციენტმა გამოიარა ეს საშინელი სივრცე.

შავლეგ კუტალაძე

პირველი, რაც ამ სივრცეში გვხვდებოდა, იყო ძლიერი ხმაური, რომელმაც ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამ ხმას ჟანგბადის გამფანტველი აპარატები გამოსცემდნენ. ამ ადამიანებს სჭირდებოდათ 6-ჯერ მეტი ჟანგბადი, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, 22-25 პაციენტზე თითქმის სრული დატვირთვით მომუშავე ჟანგბადის გამფანტველები, რომლებიც გამაყრუებელ ხმებს გამოსცემენ.

ამასთან, სასუნთქი აპარატები, რომლებიც პაციენტებს ეხმარებოდა, ხშირად გამოსცემდნენ განგაშის სიგნალს, რადგან პაციენტის სუნთქვის რეჟიმი და აპარატის პარამეტრები ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. და ეს მანქანები შეუჩერებლად, მთელი სიმძლავრით მუშაობდა მთელი დღე.

ეს ხმები განსაკუთრებით ჩარჩა ჩემს ცნობიერებაში. ხანდახან ისეთი აუტანელია, რომ ვცდილობ განვერიდო იმ გარემოს. წარმოიდგინეთ, რვა-ათი საათი შეუწყვეტლივ გესმის ეს ხმები.

ზოგჯერ მინდოდა ხუთი წუთი, რომელსაც კვებას ვუთმობდით, არ დასრულებულიყო.

როცა გარეთ გავდიოდი, ვხედავდი, რომ ამ ხმების გარეშეც არსებობს სამყარო. ახლა ვცდილობ, რომ სიჩუმეში უფრო მეტი დრო გავატარო, რადგან ვფიქრობ, რომ რეაბილიტაცია სრულყოფილად ვერ გავიარე.

ყველა პაციენტის სახე მახსოვს

ამ სახეების დავიწყება შეუძლებელია. მათ სახეზე იყო შიში.

წარმოიდგინეთ, ხარ სივრცეში, სადაც დამოუკიდებლად წყლის დალევაც კი არ შეგიძლია, რადგან ეს 10 წამი, რაც წყლის დალევას სჭირდება, გიჯდება რამდენიმე საათი, რომ აინაზღაურო პირვანდელი, წყლის დალევამდე მდგომარეობა, ისეთი მძაფრი სუნთქვის უკმარისობა ეწყებოდათ ამ ათი წამით ნიღბის მოხსნის დროს.

ამ ყველაფერს ცნობიერად უყურებ და ხედავ, რომ შენ გარშემო ყოველდღიურად ვიღაცისთვის ცხოვრება მთავრდება.

ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, საწოლს ჩაჭიდებული, როგორი ემოციურები ხდებოდნენ ყოველი ახალი პაციენტის შემოსვლისას თუ ცუდად დამთავრებულ ისტორიაზე.

შავლეგ კუტალაძე კლინიკაში

ერთი მოხუცი ბებოს სიტყვები ძალიან დამამახსოვრდა. 20-25 დღე მკურნალობდა ჩვენთან, სანამ კრიტიკულად დამძიმდებოდა, იმდენად ვერ გაუძლო ამ გარემოს და ჩარევებს, ორი დღე მეხვეწებოდა -„ძალიან გთხოვ ბებო, დამაძინე“. ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში გაუთავებლად, არასდროს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

ასევე თხოვნა ერთ-ერთი პაციენტის, რომ ოჯახის წევრებს დამშვიდობებოდა. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ვიდეოთვალი ჩაგვერთო. იყო ძალიან, ძალიან ცუდი მომენტები.

ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის ერთი ახალგაზრდა ქალის ამბავი. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 24-საათიანი შეუჩერებელი ბრძოლა მიდიოდა ჩვენი, მისი ოჯახის წევრების, მთელი კლინიკის. ჩემი ხელით გადავიყვანე სასუნთქ აპარატზე, დავპირდი, რომ აუცილებლად გავიღვიძებდით… თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა.

ვერ დავუშვებდი, რომ ამის უფლება არ მიმეცა

იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტის ოჯახის წევრებს მივეცი რეანიმაციაში შემოსვლის უფლება. ბუნებრივია, მათი უსაფრთხოების დაცვით. უბრალოდ ვერ დავუშვებდი, რომ ამის შესაძლებლობა არ მიმეცა, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრები იყო.

ყველაზე რთულია, როცა გინდა ადამიანს აუხსნა, რომ თუ ეს შვებას მისცემს, შეუძლია ბოლო წუთები გაატაროს ოჯახის წევრთან.

წარმოიდგინეთ, კარგავთ ახლობელს და იცით, რომ მის ცხედარს ვერ ნახავთ. რაღაც საშინელ შავ პარკშია შეფუთული, რომლის გახსნის უფლებაც არ გაქვთ.

ჩვენთან არსებობს ტრადიცია, როცა მიცვალებულს რამდენიმე დღით აჩერებენ სახლში და ეს არის პერიოდი, როცა ვემშვიდობებით და რაღაცნაირად ვხარჯავთ ემოციას. ბევრ ადამიანს ეს ალბათ შვებას ჰგვრის. და წარმოიდგინეთ, ამ საშინელი დაავადების დროს, ჩვენ ეს განცდაც კი მოგვესპო.

ჩვენვე გვიწევდა მიცვალებულების მოწესრიგება, ზოგის მართლმადიდებლური წესით, ზოგის მუსლიმური წესით, სხვადასხვა თხოვნით, რომ „გეხვეწები, იქნებ ეს კაბა ჩააცვათ და ასე ჩაასვენოთ ამ საშინელ ტომარაში“ … ვერ აღგიწერთ, რა განცდაა ეს.

სოლიდარობა, რომელიც პანდემიამ გააჩინა

იყო პოზიტიური შემთხვევებიც და ეს იყო საოცარი სოლიდარობა კოვიდით დაავადებული ადამიანების ახლობლების, საოცარი თანაგრძნობის განცდა.

როცა პაციენტი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავდა, ზოგი ახერხებდა, რომ ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად შეეძინა ეს საკვები მეზობელ ქვეყანაში და გადმოეტანა. როცა პაციენტის ისტორია ცუდად სრულდებოდა, ახლობლებს მეორე დღესვე მოჰქონდათ ეს საკვები და უსასყიდლოდ ტოვებდნენ კლინიკაში.

ასევე მოჰქონდათ მედიკამენტები. უნდა გენახათ, როგორ უნაწილებდნენ ერთმანეთს ყველაფერს, როგორ უცვლიდნენ კონტაქტებს და ეხმარებოდნენ.

საყვედურები

არ დაგიმალავთ ჩემს ემოციას, როდესაც ერთი ქალი გარდაიცვალა ღამით, მომიწია ეს ამბავი მისი ოჯახის წევრებისთვის მეცნობებინა. ესეც ერთ-ერთი მძიმე მომენტი იყო ამ ამბავში.

როცა დავურეკე და შევატყობინე, ტელეფონში მესმის რეპლიკა – „ჰო, რა თქმა უნდა, აბა მოხუცებულს ვინ მიხედავდა“.

სამი დღე ვიყავი სრულად განადგურებული, არ დამიწყია მაშინ არაფრის ახსნა, უბრალოდ მორალურად გავნადგურდი.

თუ ის ადამიანი ამას წაიკითხავს, მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი წამი არც ერთ პაციენტს არ მოჰკლებია ყურადღება. 

თუ ექთანმა 10 წუთით პალატაში შესვლა დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ 10 წუთში 20-25 პაციენტისთვის უნდა მიეცა ანტიბიოტიკი და ეს არ არის უყურადღებობა.

იზოლაციაში – ოჯახისგან შორს

ორთვენახევარი სახლში არ ვყოფილვარ. არ მინახავს ოჯახის წევრები, არ გავსულვარ გარეთ. ვცდილობდით კომბინიზონიც არ გაგვეხადა 4 საათი მაინც, ვერიდებოდით წყლის დალევას, რომ არ გვქონოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.

ყოველი მეორე ღამე იყო 24-საათიანი ფხიზელი მდგომარეობა. ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრი წელი ვიმუშავე ემერჯენსში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაუდებელი მედიცინის ბრიგადებშიც ვმუშაობდი. მეგონა, ამაზე ექსტრემალური არაფერი იქნებოდა, მაგრამ ვერც კი მოვა იმ დაღლასთან, იმ ფსიქოლოგიურ სტრესთან და მორალურ განადგურებასთან, შიშთან, რასაც უამრავი ადამიანის თვალებში ვხედავდი, რაც ამ პერიოდში განვიცადე.

თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, ამ გამოცდას მეორედ ვერ ჩავაბარებ. ახლაც კი, როცა მიწევს იმ სივრცესთან შეხება, ვცდილობ ზღურბლს არ გადავაბიჯო. მე უარი ვთქვი იქ დაბრუნებაზე.

ბოლოს, როცა აუტანელი გახდა ეს ყველაფერი, ვითხოვე, რომ როცა კომენდანტის საათი დაიწყებოდა, იქნებ ერთი საათი გარეთ გასვლის უფლება მოეცათ. დიდი თხოვნის შემდეგ, რამდენჯერმე მივაღწიე ამას და ამ ერთი საათის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და თავისუფლება… და, რა თქმა უნდა – სიცოცხლე.

„არ არსებობს კოვიდი, მოგონილია (?)“

არ ვიცი რა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ასე ფიქრობენ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა, შეუძლია მონახოს ვიდეოები ინტერნეტში, ზოგი ლეგალურია, ზოგი – არალეგალური და ნახოს, როგორ იხრჩობიან ადამიანები უჟანგბადობისგან. ამაზე საშინელი განცდა თუ რამე არსებობს, შემიძლია უკან წავიღო ჩემი ემოციები და განცდა.

ეს არ არის მარტო დაავადება, ეს არ არის მარტო გარდაცვალება, ეს არის ძალიან დიდი ტანჯვით… ვერ აღგიწერთ იმ განცდას, რასაც ამ ადამიანების თვალებში ვკითხულობდით.

არ ვიცი როგორ გადავრჩი, მაგრამ კოვიდი არ გადამიტანია. ვაქცინაც ორჯერ გავიკეთე. ქორი რომ წიწილას წაიღებს, ასეთი განცდა მქონდა. სულ მესმოდა, რომ დღეს ამას დაუდასტურდა, დღეს იმას და გადაიყვანეს.

საკუთარი თავის რეაბილიტაციას იმით ვცდილობ, რომ გადარჩენილ პაციენტებზე ვფიქრობ და ეს ცოტათი, მაგრამ მაძლევს შვებას, რომ ბოლომდე არ დავმარცხებულვართ.

ბათუმელები

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved