ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
უფალმა აცხონა ჩვენი სათნო პატრიარქი!
– – – – – – – – – – – – – – – – – –
ილია მეორის მრავალწლიანი მოღვაწეობის საკვანძო ისტორიული ეპიზოდი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის უმთავრესი ეპოქალური მოვლენა – 1989 წლის 9 აპრილის ღამე, როდესაც ყველაზე მკაფიოდ წარმოჩინდა ეროვნული უკულტურობაც და, ამ უკუტურობიდან გამომდინარე, ეკლესიის წინამძღოლის სისუსტეც.
გთავაზობთ ფრაგმენტს ჩემი წიგნიდან „ჟამი ჭეშმარიტი. დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა“
– – – – – – – – – – – – – – – – – –
დაახლოებით 4 საათისათვის ილია მეორე მომიტინგეებთან მივიდა. ეს ეპიზოდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ვგულისხმობ კათალიკოს-პატრიარქის გამოსვლას მიტინგზე და მის მოწოდებას.
დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, კათალიკოს-პატრიარქი მივიდა მიტინგზე, მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლილიყვნენ, მაგრამ ირაკლი წერეთელმა მიკროფონი გამოჰგლიჯა ხელიდან და ხალხს პირიქით, დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა. ამ სტერეოტიპს იმეორებდა და იმეორებს ყველა, იგორ როდიონოვიდან – ჩვენი «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლებამდე.
არადა, ეს სრული სიყალბეა. ჯერ ერთი, ილია მეორეს მიკროფონი, რა თქმა უნდა, ხელში არ სჭერია და ვერც ვერავინ «გამოჰგლეჯდა».
მაგრამ ესეც არ არის მთავარი. ყველაზე მეტად საგულისხმო ის გახლავთ, რომ რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ილია მეორეს……. არ მოუწოდებია მომიტინგეებისათვის დაშლილიყვნენ!!!აბა კარგად გავიხსენოთ რა თქვა კათალიკოს-პატრიარქმა მიტინგზე გამოსვლისას. თუ ყურადღებით მოვისმენთ, დავრწმუნდებით: ეს იყო ძალიან ბუნდოვანი, არაერთაზროვანი სიტყვა: «. . .ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ მოსალოდნელია საშიშროება. . . ამ საშიშროებამდე დარჩა რამოდენიმე წუთი. . . რათა ავიცილო საშიშროება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ვილოცოთ ქაშუეთის ეკლესიაში. . .»
ვიმეორებ: თუ ეს იყო მოწოდება, მასში აუცილებლად უნდა გაეჟღერა იმპერატიულ ტონს.ერის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ჟამი, როდესაც ნებისმიერი «ზეპური» ვალდებულია, კატეგორიულად მოითხოვოს ყურად იღონ და გაიზიარონ მისი პოზიცია. მით უმეტეს ამის უფლება აქვს 16 საუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს.
«მოწოდება» იქნებოდა, ვთქვათ, ასეთი ტექსტი:
«მე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მოგიწოდებთ, ქვეყანას ავაცილოთ უდიდესი უბედურება. შეიარაღებული ძალა მოადგა უმწეო ადამიანების მიტინგს, თავყრილობის ორგანიზატორებმა გაითვალისწინონ ისტორიული პასუხისმგებლობის გარდაუვალობა, დაუყოვნებლივ გავემართოთ ჩემთან ერთად სიონის ეკლესიისაკენ (დააკვირდით – და არა ქაშუეთის, რომელიც იქვეა და რომელთან მისასვლელად მომიტინგეებს არსად წასვლა არ სჭირდებოდათ-დ.) და ვილოცოთ საქართველოს გადასარჩენად».
შემდგომ კათალიკოს-პატრიარქს ხალხი უნდა გაერღვია (არა უკან, შენობაში შეტრიალებულიყო) ანუ საკუთარი მაგალითით დაედასტურებინა, რომ ერი ვალდებული იყო მას გაჰყოლოდა და არა ირაკლი წერეთელს.ვიმეორებ კითხვას: ვის, თუ არა კათალიკოს-პატრიარქს ჰქონდა უფლება ასე მოქცეულიყო? მაგრამ პატრიარქი ასე არ მოიქცა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ილია შიოლაშვილს შეეშინდა, ვაითუ ხალხი არ გაჰყოლოდა (და ალბათ ასეც იქნებოდა)! იგი არა მხოლოდ თავისი არამედ ეკლესიის ავტორიტეტის სასწორზე შეგდებას მოერიდა!!!
აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის.ერთმნიშვნელოვანი მოწოდების შემთხვევაში თუ ხალხი არ გაჰყვებოდა პატრიარქს, ეს შელახავდა როგორც პირადად მის, ასევე ქართული მართლამადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს. ამიტომ მან არჩია ორაზროვანი, ბუნდოვანი გამოსვლა, რომელიც თითქოს იყო კიდეც მოწოდება, მაგრამ არც იყო.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ კათალიკოს პატრიარქი შეტრიალდა და მთავრობის სასახლეში შევიდა მილიციელთა კორდონის გავლით.
აღწერილ ეპიზოდში პირველად აშკარად წარმოჩინდა ეროვნული უკულტურობა.
მე, მაგალითად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ერევანში, «თეატრალურ მოედანზე», ანალოგიური მიტინგი რომ გამართულიყო ასეთივე ფორმით და ასეთივე შინაარსით (რაც ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც), თუ მომიტინგეებთან მივიდოდა ეჩმიაძინის ტახტის მპყრობელი და მოუწოდებდა დაშლილიყვნენ, ასი ათასი (იქ ასი ათასიანი მიტინგები ტარდებოდა!) სომეხი «როგორც ერთი კაცი» (ბიბლ.) შეტრიალდებოდა და წავიდოდა, საითაც უბრძანებდა პატრიარქი.
მით უმეტეს, იქ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მარაზმი, რომ პატრიარქის თანდასწრებით(!) ვინმე საერო პირს ხალხისათვის მამაოჩვენო ეთქმევინებინა საჯარო ლოცვის სახით!!!














კომენტარები