2020 წლის 15 მაისს, სატენდერო კომისიამ, გორში რეგისტრირებული კომპანია „ფიფქია“ ნაყინის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.
433,600 ლარის 870,000 ერთეული ნაყინი ვაფლის ჭიქაში, ვანილის არომატით – ეს არის პროდუქტი, რომელითაც „ფიფქიამ“ სახელმწიფო უნდა მოამარაგოს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ 870,000 ცალი ნაყინი ძალოვნებისთვისაა განკუთვნილი.
ლევან რაზმაძე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ზურაბ ძნელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ეკატერინე მიქაბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ირაკლი ლექვინაძე – სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი – ამ ჩინოვნიკებმა, სხდომის მდივან ქეთევან ქადაგიძის მონაწილეობით ერთხმად და შენიშვნის გარეშე გადაწყვიტეს რომ საქართველოს ძალოვნებს 870,000 ერთეული ნაყინი სჭირდებათ, რაშიც საქართველოს ბიუჯეტიდან 433,600 ლარი უნდა გამოიყოს პანდემიისა და სოციალური პრობლემების ფონზე.
დოკუმენტაციიდან ირკვევა რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა, ხოლო წინადადებების მიღება 13 მაისს დასრულდა.
2020 წლის 15 მაისს კი, კომისიამ შპს „ფიფქია“ გამარჯვებულად გამოაცხადა. ეს კომპანია ერთადერთი იყო, რომელიც ამ ტენდერში მონაწილეობას იღებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შპს „ფიფქიას“ შორის ხელშეკრულება ამ წუთებში მზადდება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ფიფქიას“ დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის ფლობელი, ალექსანდრე ჩუტკერაშვილია. თუმცა, გორში ამბობენ რომ სანაყინე, რომელიც მასზეა გაფორმებული, რეალურად მის სიძეს, რუსეთში მცხოვრებ ლევან იონათამიშვილს ეკუთვნის.
პრესა.ჯი
კომენტარები