საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს, მათგან ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუა“.
ამ პროცესის შუამავალი კი ეროვნული ბანკი იქნება. სისტემა CIPS-ი საერთაშორისო SWIFT-ის ჩინურ ანალოგად არის მიჩნეული.
ნათია თურნავა “ქართუს“ პოდკასტში ამბობს:
ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად, როგორც ცენტრალურმა ბანკმა, ხელი შევუწყოთ ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს საგადახდო თვალსაზრისით, ჩინურ საფინანსო სისტემასთან, იმიტომ რომ, ერთი რომ იზრდება ვაჭრობა, მეორე რომ იზრდება ტურიზმი, პირდაპირი ფრენების რაოდენობაც იზრდება და საგადახდო სისტემა განაპირობებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა, ჩვენგანაც წავა და მოკლედ, ეს არის მხარდასაჭერი. ამისთვის არსებობს ცნობილი საგადახდო სისტემა CIPS-ი, რომელიც ზოგჯერ არასწორად აღიქმება და ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ, ის როგორც SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად არამც და არამც არ არის, იმიტომ რომ, დაახლოებით 180 ქვეყნის 5 ათასზე მეტი წამყვანი ბანკია გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც SWIFT-ით, ასევე CIPS-ით. ანუ ეს ორი ურთიერთშემვსები მესიჯინგის სისტემაა, რომელიც გადახდებს ემსახურება.
CIPS — ანუ China’s Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).
CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.














კომენტარები