საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ გვიან ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა ახალი შემთხვევის შესახებ. ინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა იტალიიდან, ჩამოსვლისას მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა გუშინ მიმართა მაღალი ტემპერატურით ექიმებს და მასზე დაიწყო დაკვირვება. რამდენიმე ტესტმა დაადასტურა, რომ პაციენტი ახალი კორონავირუსის მატარებელია.
“ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აქამდე კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, ის 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
კომენტარები