„ალიას“ დაუკავშირდა ირმა ირიაული, რომელიც გვიყვება, რომ მისი 13 წლის ქალიშვილს ხელის ფუნქციის სრული დაკარგვა ემუქრებოდა, მდგომარეობა იმდენად სახიფათო იყო, რომ ოჯახი საზღვარგარეთ აპირებდა სამკურნალოდ შვილის წაყვანას, მაგრამ მეორე მხრივ, იმდენად სასწრაფოდ იყო ოპერაცია გასაკეთებელი, რომ არც ერთი საათის დაკარგვა შეიძლებოდა. როგორც ირმა გვიყვება, აღარ ჰქონდა იმედი, რომ საქართველოში იპოვიდა ექიმს, რომელიც შეძლებდა მათ დახმარებას და სწორედ ამ დროს გაიცნო ნიუ ჰოსპიტალსის ნეიროქირურგი, რუდიკო ჯიგანია.
ირმა ირიაული:
-ჩემი შვილი, ბარბარე შუბითიძე, 13 წლის იყო, როცა სპორტულ შეჯიბრზე ხელი მოიტეხა, დაფიქსირდა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც 8 საათი გაგრძელდა, ძვალი დააფიქსირეს ე.წ. რკინებით, მაგრამ როგორც მოგვიანებით გავიგე, რკინებით დაფიქსირებისას, დააზიანეს არტერია და სამგან გახდა საჭირო არტერიის გაკერვა. ძლივს გადაურჩა ჩემი შვილი ხელის ამპუტაციას. ვიფიქრეთ, რომ რაც მოხდა, მოხდა და ყველა პრობლემა უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ოპერაციიდან ყოველი დღის შემდეგ ნაოპერაციები ხელის მდგომარეობა უარესდებოდა, ხელმა განიცადა დეფორმაცია, დაიწყო განლევა, ყველა თითი სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა, მტევანში კარგავდა შეგრძნებას. დავიწყეთ კლინიკიდან კლინიკაში სიარული, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო ჩვენი ნდობის მოპოვება, ზოგი, პირდაპირ, კვლევების გარეშე მაძლევდა გარანტიას, ოღონდ ოპერაცია მასთან გამეკეთებინა და მათი ასეთი არაპროფესიონალური მიდგომა ძალიან მაშინებდა. გადავწყვიტე, შვილი საფრანგეთში წამეყვანა სამკურნალოდ. წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მირჩიეს, ნიუ ჰოსპიტალსშიც მეცადა ბედი და რაკი, არაფერს ვკარგავდი, მანდაც წავედით. ასე გავიცანი რუდიკო ექიმი, რომელმაც პირველ რიგში გამოკვლევებზე გაგვიშვა – ნერვის ნეირომიოგრაფია და ექოსკოპია გავიკეთეთ კლინიკაშივე და მინდა გითხრათ, ამდენი კლინიკა მოვიარე მანამდე და არც ერთგან შემოუთავაზებია ექოსკოპიის გადაღება. კვლევების პასუხების შემდეგ, ჩემთვისაც კი ნათელი იყო, რომ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო. ნერვი უკვე ძალიან იყო დაზიანებული და აღარ რეაგირებდა. როგორც აღმოჩნდა, პირველი ოპერაციისას, ნერვისთვის ადგილიც შეუცვლიათ და ნერვის არხი სრულიად იყო ამოვსებული. არადა, რუდიკო ექიმს, როგორც მერე გავიგე, ჯერ კიდევ როდის ჰქონდა განცხადება დაწერილი შვებულების თაობაზე და მეორე დღიდან შვებულებაში უნდა გასულიყო, მაგრამ როგორც კი კვლევის შედეგები ნახა, თქვა, ერთ წუთსაც ვერ დავკარგავთო. ბარბარე, ჩემი ქალიშვილი, რომელიც მანამდე ვერ ერთ ექიმს ვერ ენდო, უცებ მოუტრიალდა და უთხრა – გავიკეთებ ოპერაციას. ასე გადადო ჩვენ გამო რუდიკო ექიმმა შვებულება და ასე გადაგვარჩინე დროის გაწელვას, უცხოეთში წასვლას სამკურნალოდ და ვინ იცის, რომ არა მყისიერი ჩარევა, შევძლებდით თუ არა ბარბარესთვის ხელის შენარჩუნებას.
მე, როგორც მშობელი, მახსოვს, პირველი რითაც მოვიხიბლე იყო წინადადება, რომ ოპერაცია რეგიონალური ანესთეზიით ჩატარდებოდა. წინა ოპერაცია 8 საათი გაგრძელდა და რვავე საათი ნარკოზით, ჩემთვის, დედისთვის, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეორე ოპერაცია საერთო ნარკოზის გარეშე გაკეთდებოდა.
ოპერაციიდან გავიდა 1 წელი, ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც რუდიკო ექიმი გვეუბნებოდა, გვითხრა, რა შედეგი გვექნებოდა 1 თვის შემდეგ და ზუსტად ასევე მოხდა. გვითხრა, რას მივაღწევდით 3 თვეში და ესეც ზუსტად ასრულდა. 6 თვის შემდეგ ჩემი შვილი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. თუ სადმე, ვინმეს შემიძლია ხმა მივაწვდინო, ყველას მინდა მოვუყვე, რომ ქვეყანაში გვყავს ასეთი პროფესიონალი ექიმი, იქნებ, რამდენი ადამიანი გადავარჩინო დროის გაწელვას, საზღვარგარეთ წასვლას, რამდენ ადამიანს მიუსწროს ჩემმა წერილზე სულზე, რამდენ ადამიანს ვაჩვენო გზა, სანამ გვიანი არაა. გულწრფელად ვთვლი, რომ რუდიკო ექიმი მხოლოდ ჩვენი ოჯახის კი არა, ქვეყნის აღმოჩენაა. ჩემ შვილს მხოლოდ ხელის პრობლემა არ ჰქონდა, კიდურის განლევის და დეფორმაციის შემდგომ ისეთი კომპლექსები დაეწყო, ერიდებოდა ადამიანებს, თავშეყრის ადგილებს, არ სურდა სახლიდან გარეთ გასვლა, ონლაინ ესწრებოდა გაკვეთილებს. წარმოიდგინეთ, ცალი მტევანი მინიმუმ 3–ჯერ იყო ზომაში შემცირებული. არც კი ვიცი, რა მოუვიდოდა, ოპერაცია რომ დაგვიანებით ჩატარებულიყო და შედეგი არ გვქონოდა. რუდიკო ექიმმა ჩვენ შვილს და ჩვენ ოჯახს, ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი გვაჩუქა. რაც ყველაზე მთავარია, გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, გულისხმიერი ადამიანია, რაც, ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცოდნა. ვფიქრობ, ბარბარეც ამიტომ დაეთანხმა ოპერაციაზე ასე სწრაფად, ბავშვები გრძნობენ გულწრფელობას და კარგ ადამიანობას. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც სულ გვერდით გვედგა, ჩემსავით აკონტროლებდა ბარბარეს ხელს, ჩემსავით უხაროდა ყოველი წარმატებული დღე და უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ბარბარე უბედნიერესია, მის ემოციას ვერც კი გადმოვცემ და ცხადია, მეც უბედნიერესი ვარ, როცა შვილის სიხარულს და ცხოვრებით ტკბობას ვუყურებ.
აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ მთელი კლინიკის მადლიერი ვარ, სანიტარი, ექთანი, რადიოლოგი, ყველა, მთელი მედპერსონალი პროფესიონალი და გულისხმიერი იყო. მე ხავსსაც აღარ ვეჭიდებოდი საქართველოში, როცა ნიუ ჰოსპიტალსში მივედი და იქიდან დაბრუნებულებმა თავიდან დავიწყეთ ახალი, ჯანსაღი ცხოვრება.
ალია დაუკავშირდა ნეიროქირურგ რუდიკო ჯიგანიას და ვკითხეთ ბარბარეს ოპერაციაზე, რამდენად რთული შემთხვევა იყო და რა სამუშაო შესრულდა.
– ნებისმიერი პაციენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ როცა საქმე ბავშვს ეხება, მართლა ძალიან სენსიტიური ვხდები. მახსოვს მათი პირველი მოსვლა, პირველ რიგში ელექტრო ნეირომიოგრაფია და ექოსკოპია გაუკეთდათ, რათა მენახა სრული სურათი. ორი ნერვი იყო დაზიანებული, იდაყვის – სრულად, შუათანა ნერვი კი ნაწილობრივ თითები მოხრილ მდგომარეობაში იყო, ხელის მოძრაობა უკვე შეზღუდული, მგრძნობელობა დაქვეითებული, მოკლედ რომ ვთქვათ, მართლა ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ჩვენმა არაჩვეულებრივმა რადიოლოგმა ლელა ბაინდურაშვილმა, როგორც კი მომაწოდა კვლევის პასუხები, მივხვდი, რომ საჩქაროდ უნდა გვემოქმედა. ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ნერვი და შესაბამისად, კიდურის მოქმედება შემენარჩუნებინა, თუმცა, მართლა რთული იყო წინასწარ თქმა, მოვახერხებდი, თუ არა. რაც შეეხება ოპერაციას, პატარა პაციენტისთვის, მართლა ხალისიანად ჩაიარა. ერთ „საიდუმლოს“ გაგიმხელთ, როცა ოპერაციას ვაკეთებთ რეგიონალური ანესთეზიით, ბავშვებს ნებას ვრთავთ საოპერაციოში ტელეფონი შემოიტანონ, გაერთონ, საყვარელ ფილმებს უყურონ, თუ მუსიკას მოუსმინონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და პატარა პაციენტმა ჩვენთან საუბარში და ტელეფონში სახალისო ვიდეოების ყურებაში გაატარა ოპერაცია. ჩემდა გასახარად მოვახერხე იდაყვის ნერვის ტრანსპოზიცია, შუათანა ნერვის ნევროლიზი. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი აუცილებელი პროცესი – რეაბილიტაცია, რომელიც აუცილებელია, რომ ოპერაციამ საბოლოოდ გაამართლოს და ის შედეგი დადგას, რაც ასე გვინდა. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ, მე, ნიუ ჰოსპიტალსის გუნდმა, ბარბარემ, მისმა მშობლებმა და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ წარმატებას.
კომენტარები