სიცილიაში ვულკან ეტნიდან ფერფლის უზარმაზარი სვეტი ამოიფრქვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA.
სააგენტოს ცნობით, ეტნა ამოფრქვევის ახალ ინტენსიურ ფაზას აჩვენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან, თავიდან სტრომბოლური აქტივობით, შემდეგ კი – ლავის შადრევნით.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (IGNV) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 3:50 საათზე დაიწყო ვულკანური ბიძგების შემდეგ, რომლებიც შუაღამისას დაფიქსირდა.
ვულკანური ფერფლის, გაზისა და გავარვარებული ქანების უზარმაზარი სვეტის სიმაღლემ 6,5 კილომეტრს მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერის ჩრდილოეთ ნაწილის ჩამონგრევის გამო. გავარვარებული პიროკლასტური ნაკადი არ გასცდენია ეტნის გაუდაბნოებულ ზონას, ე. წ. ლომის ველს (Valle del Leone) რომელიც ვულკანის ფერდობებზე მდებარეობს. რაც მთავარია, მას ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია.
მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები გაქცევით შველიან თავს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
კომენტარები