ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა:
„ყოველი ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველამ უნდა ისაუბროს. გულწრფელად, მშვიდად, ვარაუდების, ჭორებისა და მითქმა-მოთქმის გარეშე, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. ისე, როგორც არის, ისე, როგორც მე ყოველთვის ვცდილობ თქვენთან საუბარს.
ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია. ახლა ზეწოლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ახლა უკრაინა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე — ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი. ყველაზე მძიმე. და შემდგომი რისკები.
ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე. და იმის მოთხოვნა, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ თავს დაგვესხა.
ჩვენგან პასუხს ელიან. თუმცა სინამდვილეში მე ის უკვე გავეცი 2019 წლის 20 მაისს, როცა უკრაინისადმი ერთგულების ფიცის დადებისას ვთქვი: „მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვალდებულებას ვიღებ ყველა ჩემი საქმით დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, დავიცვა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, დავიცვა უკრაინის კონსტიტუცია და კანონები, შევასრულო ჩემი მოვალეობები ყველა თანამემამულის ინტერესებისათვის, ავამაღლო უკრაინის ავტორიტეტი მსოფლიოში“.
ჩემთვის ეს არ არის პროტოკოლური ფორმალობა, ეს ფიცია. და ყოველდღიურად, მის თითოეულ სიტყვას მე ერთგულად ვიცავ. და მე მას არასდროს ვუღალატებ. უკრაინის ეროვნული ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება ჩვენს მთავარ პარტნიორთან.
მე მოვიყვან არგუმენტებს, მე დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის შლის პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის. ასე არ მოხდება.
უკრაინა იმუშავებს სწრაფად. დღეს, შაბათს და კვირას. მთელი მომდევნო კვირა. და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, 24/7 რეჟიმში ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გეგმის ყველა პუნქტს შორის არ იყოს გამოტოვებული სულ მცირე ორი. ეს არის უკრაინელების ღირსება და თავისუფლება, რადგან სწორედ ამაზეა დაფუძნებული ყველაფერი დანარჩენი: ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი და უკრაინული მომავალი.
ჩვენ გავაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შედეგად მივიღოთ ომის დასრულება და არა უკრაინის დასრულება, ევროპისა და გლობალური მშვიდობის დასრულება.
ახლახან ვესაუბრე ევროპელებს, ჩვენ ევროპელი მეგობრების იმედი გვაქვს, რომლებსაც ზუსტად ესმით, რომ რუსეთი სადღაც შორს კი არ არის, არამედ ის ევროკავშირის საზღვრებთანაა. რომ უკრაინა ახლა არის ერთადერთი ფარი, რომელიც ყოფს კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას პუტინის გეგმებისგან.
ჩვენ გვახსოვს: ევროპა ჩვენთან იყო. ჩვენ გვჯერა: ევროპა ჩვენთან იქნება. უკრაინას არ უნდა დაუდგეს 24 თებერვლის დეჟავიუ, როცა იყო განცდა, რომ მარტო ვართ; როცა ვერავინ შეძლო რუსეთის შეჩერება, გარდა ჩვენი გმირი ხალხისა, რომლებიც კედლად აღუდგნენ პუტინის არმიას. და ჩვენ უდავოდ ძალიან გვსიამოვნებდა, როცა მსოფლიო ამბობდა: უკრაინელები – ისინი საოცრები არიან, ღმერთო, როგორია ეს უკრაინელები, როგორ იბრძვიან, როგორ იღვწიან უკრაინელები, როგორი ტიტანები არიან. და ეს აბსოლუტური სიმართლეა.
მაგრამ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც უნდა ესმოდეთ სხვა სიმართლეც: უკრაინელები, უპირველეს ყოვლისა, – ადამიანები არიან. და ჩვენ თითქმის 4 წელია, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში, ვაკავებთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას. და ჩვენ გვიჭირავს რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი. და ჩვენი ხალხი ყოველ ღამით განიცდის დაბომბვებს, სარაკეტო შეტევებს, ბალისტიკურ დარტყმებს, „შაჰიდების“ დარტყმებს. და ჩვენი ხალხი ყოველდღე კარგავს ვიღაცას თავისი ახლობლებიდან. და ჩვენს ხალხს ძალიან, ძალიან უნდა, რომ ომი, ეს ომი დასრულდეს.
ჩვენ რკინის ვართ, მაგრამ ნებისმიერმა, თუნდაც ყველაზე მტკიცე ლითონმა კი შეიძლება ვერ გაუძლოს. არ დაგავიწყდეთ ეს. იყავით უკრაინასთან, იყავით ჩვენს ხალხთან, და შესაბამისად, იყავით ღირსებასთან და თავისუფლებასთან.
ძვირფასო უკრაინელებო, გაიხსენეთ ომის ის პირველი დღე. უმრავლესობამ ჩვენგან გააკეთა არჩევანი. არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ. გაიხსენეთ ჩვენი გრძნობები მაშინ. როგორ იყო ეს. იყო ბნელი, ხმაურიანი, მძიმე, მტკივნეული, ბევრისთვის საშიში, მაგრამ მტერმა ვერ დაინახა ჩვენი ზურგი, ვერ დაინახა, რომ გავრბოდით. მან დაინახა ჩვენი თვალები, სავსე მზადყოფნით, გვებრძოლა ჩვენი თავისთვის. და ეს არის ღირსება, ეს არის თავისუფლება. და ეს სინამდვილეში ყველაზე საშინელია, რაც შეიძლება იყოს რუსეთისთვის – უკრაინელების ერთიანობის ხილვა.
მაშინ ჩვენი ერთიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეცვა მტრისგან ჩვენი სახლი. და ახლა ერთიანობა ასევე გვჭირდება, როგორც არასდროს, რათა ჩვენს სახლში იყოს ღირსეული მშვიდობა.
მე მივმართავ ახლა ყველა უკრაინელს. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები, პოლიტიკოსები – ყველა უნდა შევიკრიბოთ, გონს მოვიდეთ, შევწყვიტოთ კინკლაობა. შევწყვიტოთ პოლიტიკური თამაშები. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, მეომარი ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმუშაოს ერთიანი ძალებით, მეომარი ქვეყნის მთავრობამ უნდა იმუშაოს ეფექტურად. და ჩვენ ყველას, ყველას ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა აგვერიოს, თუ ვინ არის დღეს უკრაინის მტერი.
მახსოვს, ომის პირველ დღეს როგორ გადმომცემდნენ სხვადასხვა „შუამავლები“ სხვადასხვა გეგმებს, პუნქტებს, იყო ულტიმატუმები ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამბობდნენ: ან ასე, ან არანაირად. ან თქვენ ამას ხელს მოაწერთ, ან თქვენ უბრალოდ მოგიშორებენ (ლიკვიდაციით). და ამას თქვენ ნაცვლად უკვე ხელს მოაწერს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. რით დასრულდა ეს, ცნობილია. ბევრი ამ „შუამავალთაგანი“ გახდა გაცვლითი ფონდის ნაწილი და გაემგზავრა თავის წინადადებებთან და პუნქტებთან ერთად „მშობლიურ ნავსაყუდელში“.
მე არ მიღალატია უკრაინისთვის მაშინ, მე ზუსტად ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან თითოეულის მხარდაჭერას. თითოეული თქვენგანის, თითოეული უკრაინელი კაცისა და ქალის, თითოეული ჯარისკაცის, თითოეული მოხალისის, თითოეული მედიკოსის, დიპლომატის, ჟურნალისტის – მთელი, მთელი ჩვენი ხალხის. ჩვენ არ გვიღალატია უკრაინისთვის მაშინ, ჩვენ არ გავაკეთებთ ამას ახლა.
და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ, მართლაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს მომენტში, მე მარტო არ ვარ. რომ უკრაინელებს სჯერათ თავიანთი სახელმწიფოსი, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. და ყველა ფორმატის მომავალ შეხვედრებზე, დისკუსიებზე, პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე, მე ბევრად, ბევრად გამიადვილდება ჩვენთვის ღირსეული მშვიდობის მოპოვება და მათი 100%-ით დარწმუნება, რადგან ვიცი, რომ ჩემს უკან დგას უკრაინელი ხალხი. მილიონობით ჩვენი ადამიანი, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და რომლებმაც დაიმსახურეს მშვიდობა.
ყველა ჩვენი დაღუპული გმირი, რომლებმაც უკრაინას სიცოცხლე შესწირეს, რომლებიც ახლა ზეცაში არიან და დაიმსახურეს იქიდან დაინახონ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ღირსეულ მშვიდობაში. და ეს მშვიდობა იქნება ღირსეული, ქმედითი, ხანგრძლივი.
ძვირფასო უკრაინელებო, მომდევნო კვირა იქნება ძალიან რთული, მოვლენებით დატვირთული. თქვენ ზრდასრული, გონიერი, შეგნებული ხალხი ხართ, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ეს. რომელსაც ესმის, რომ ამ დროს იქნება ბევრი ზეწოლა. პოლიტიკური, საინფორმაციო, სხვადასხვა სახის ზეწოლა, რათა დაგვასუსტონ. რათა წაგვაჩხუბონ. მტერს არ სძინავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენ არაფერი გამოგვივიდეს. მივცემთ თუ არა მათ უფლებას ეს გაგვიკეთონ? არ გვაქვს უფლება.
და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვისაც სურს ჩვენი განადგურება სურს, ცუდად გვიცნობენ. არ ესმით, ვინ ვართ სინამდვილეში. რის შესახებ ვართ, რისთვის ვართ, როგორი ადამიანები ვართ. ჩვენ ტყუილად არ აღვნიშნავთ სახელმწიფო დღესასწაულის დონეზე ღირსებისა და თავისუფლების დღეს. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ. როგორია ჩვენი ღირებულებები.
ჩვენ ვიმუშავებთ დიპლომატიურ ველზე ჩვენი მშვიდობისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთიანად ქვეყნის შიგნით ჩვენი მშვიდობისთვის. ჩვენი ღირსებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. და მე მჯერა და ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ჩემთან არის ჩვენი ხალხი, საზოგადოება, მეომრები, პარტნიორები, მოკავშირეები, მთელი ჩვენი ხალხი. ღირსეულნი, თავისუფალნი, ერთიანნი. ღირსებისა და თავისუფლების დღეს გილოცავთ! დიდება უკრაინას!“
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მოამზადა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.














კომენტარები