უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:
„ოლიგარქია აღქმით
დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში 2024 წლის არჩევნებში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსამზადებლად. ამისათვის კი აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება და ხელისუფლებაში მოსასვლელად მოედნის მოსუფთავება. აქამდე ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა – ვერ დაარწმუნეს ხალხი, რომ ბიძინა არის პუტინისაგან საქართველოში გამოგზავნილი რუსეთუმე დიქტატორი, დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების მტერი, სახელმწიფო ბიუჯეტის მჭამელი, ქვეყნის ბუნების გამნადგურებელი, მიწების უკანონოდ მიმტაცებელი, თაღლითი და მამაძაღლი ფულების მონა, რომლის მიზანი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაქცევაა. ამიტომ ახლა სხვა მხრიდან დაიწყეს შეტევა და ბევრისთვის გაუგებარი, სალანძღავად ქცეული და დემონიზირებული სიტყვა „ოლიგარქის“ მისთვის მისადაგებით უნდათ მიზნის მიღწევა.
როდესაც აღმოჩნდა, რომ უკრაინის გარდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ საქართველოსთვისაც ამ კანონის კოპირებას აპირებდა ხელისუფლება, ნაცებმა განგაში ატეხეს. „ეგ არ ითვლება, მაგ კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ვერ ხვდება“-ო და ახალი კანონპროექტი გუშინ თვითონვე შემოგვთავაზეს. ნაცების კანონ-პროექტი 19 მუხლისგან შედგება და მისი მე-4 მუხლის მიხედვით „ოლიგარქის“ განსაზღვრება ასეთია:
ოლიგარქი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:
ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იური-დიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.
ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორ უწვალიათ ამ კანონპროექტის ავტორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოექციათ მათ მიერ დაწესებულ უცნაურ და გაუგებარ 6 სტანდარტში. აქ მთავარი ის არის, რომ ნაცებისთვის დადგენილ ფაქტებად ითვლება: ა) ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება „ირიბად“, ბ) სწორედ ბიძინასთან „დაკავშირებული პირები“ იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს (განსაკუთრებით საინტერესოა „დაკავშირებული პირების“ დეფინიცია), გ) სწორედ
ბიძინა ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით, დ) სწორედ მას უკავია მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე, ე) სწორედ მისი აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქ¬ტის 0,35%, და სწორედ მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი და ბოლოს, ვ) სწორედ ბიძინას სანქცირებისკენ არის მიმართული ნაცების მთელი ძალისხმევა და იმედები.
აქ აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ საიდან გამოთვალეს კანონპროექტის ავტორებმა ეს 7 თუ 0,35%, არც იმაზე, თუ რომელ „ჭკვიან თავში“ დაიბადა „სახელმწიფოს მიტაცების“ ასეთი განსაზღვრება: „სახელმწიფოს მიტაცება – პირადი უპირატესობებისათვის, ეკონომიკური, პოლი¬ტი¬კური ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის, სისტემური პოლიტიკური კორუფციის სახეობა, სადაც პირადი (კერძო) ინტერესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“. აი, ეს „მნიშვნელოვან ზეგავლენა“ ვინ და როგორ უნდა გაზომოს, ამას კი არ გვეუბნებიან კანონპროექტის ავტორები, რადგან ეს საჭირო არც არის, მათი გაგებით, ხომ ისედაც ცნობილია, რომ სწორედ ბიძინას ზეგავლენაა „მნიშვნელოვანი“.
კანონპროექტის ნოუჰაუს წარმოადგენს „ნათესავის“ დეფინიცია. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები იძლევიან „ახლო ნათესავის“ თუ „ნათესავის“ განსაზღვრებას, ამ კანონპროექტის ნოუჰაუ იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციულად ცნობილ ნათესავის განსაზღვრებაში შედიან „აგრეთვე რელიგიური რიტუალებით დანათესავებული პირები“, ანუ ნათლიები, ნათლიები, ნათლიმამები და ნათლიდედები (ალბათ ნათლიბებიები და ნათლიბაბუებიც და მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც).
მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, ზემოთქმულიც საკმარისია ამ მკვდარდშობილი კანონ-პროექტის ავტორების უსუსური მცდელობების მიზნების და მისწრაფებების ამოსაცნობად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის კანონპროექტი, რომლის პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მის რეალიზატორებს მიეცემათ უფლება ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ საკუთარი აღქმებით, შეხედულებით და პოლიტიკური გემოვნებით ვოლუნტალისტურად შეაფასონ კონკრეტული მოცემულობები და მხოლოდ ასეთი შეხედულებებით მიაკერონ იარლიყი მათი მხრიდან დემონიზებულ „რუს ოლიგარქს“. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკურ ტორპედოდ გამოსაყენებელ ასეთ კანონს ჩვენი ის „მეგობრებიც“ მოიწონებენ და გულმხურვალედ მიესალმებიან, რომლებიც რადგან ევროპარლამენტარების მაღალ სტატუსს ატარებენ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ყველაფერი ევროპულით მოხიბლული მათი პუბლიკა უკანასკნელი ინსტანციის უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნევენ.“
კომენტარები