პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია გაურკვეველია. ხელისუფლება აღნიშნულით სარგებლობს, ოპოზიცია უმოქმედოდაა, ხოლო ხალხს ლოდინის გარდა არაფერი დარჩენია.
„ჩვენი პარტნიორები გვაგიჟებენ ჩვენ და მითუფრო ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, ერთი მხრივ, ცალკეული სენატორების, კონგრესმენების, ევროპარლამენტარების კრიტიკული და ნეგატიური შეფასებებით ხელისუფლების მიმართ, მეორე მხრივ კი სენატის, კონგრესის, ევროპარლამენტის ინსტიტუციური თანამშრომლობით ამავე ხელისუფლებასთან.
ამას ცალკე ლობიზმის გავლენა დაუმატეთ.
რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? – სარგებლობს.
და რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? – დგას და შეჰყურებს ამ პარტნიორებს.
პარადოქსია, ხალხს კი არ უყურებს, სადღაც იქით, მთებს და კონტინენტებს მიღმა იყურება.
და რას აკეთებს ხალხი? – რა ვიცი, ვდგავართ და ვგალობთ. მეტს რას ვიზამთ,“- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კომენტარები