• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცნობი ისტორიები მეუფე ისაიაზე – “არასდროს დამავიწყდება ერთი დიალოგი მეუფესთან” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:11 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

ეს ამბები ცალ-ცალკე არაერთი ადამიანისთვის მომიყოლია და მგონი დროა ერთიანად “შევკრა”.

მეუფე ისაია 2009 გავიცანი. მაშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვმუშაობდი და საოკუპაციო ხაზს ვპატრულირებდით. ზემო ნიქოზი არათუ საოკუპაციო ხაზთან, არამედ ქალაქ ცხინვალთან არის ერთი კილომეტრის მანძილზე.

მე მახსოვს რუსული დაბომბვის შედეგად გადამწვარი ეპისკოპოსის მეათე საუკუნის რეზიდენცია, ის ვაგონიც თვალწინ მაქვს, სადაც მეუფე ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა. თვეში ან ორ თვეში ერთხელ მაინც ვხვდებოდით წლების მანძილზე და თვიდან თვემდე, ყოველ ჯერზე სულ ახალ-ახალ სიხარულს გვახვედრებდა. რამდენადაც კამერების წინ სიტყვაძუნწია მეუფე, იმდენად კარგი და ვრცლად მოსაუბრეა ადამიანებთან. თითო შეხვედრა 5-6 საათს გრძელდებოდა. გვიყვებოდა წარსულზე, გვაცნობდა აწმყოს და გეგმავდა მომავალს.

ნიქოზის ეპარქია, ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ, მეხუთე საუკუნეში დაარსა ვახტანგ გორგასალმა. ის ცამეტ საწყის ეპარქიათა შორის იყო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ავტოკეფალიის წართმევის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნიდან ეპარქია გაუქმდა და, აი, 1995 წელს აღდგა, ისაიას ეპისკოპოსობით. გვახსოვს ეს რა წლებია… როდესაც მეუფე ადგილზე ჩავიდა, სარკმელებში შუშა არ იყო, სახურავიდან წყალი ჩადიოდა, ტაძარი არ იყო შემოღობილი. ნელ-ნელა, სასულიერო პირებისა და თანასოფლელთა შრომით ეს ყველაფერი მოწესრიგდა.
საერთოდ, ნიქოზი არაჩვეულებრივი ადგილია: ნიქოზში არის დაკრძალული გორგასლის თანამედროვე, პირველმოწამე წმინდა რაჟდენი, ნიქოზელი იყო კათალიკოსი კირიონ მეორე, იქვე დისევიდან არის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე და ა.შ.

მეუფე ისაია, ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ანიმატორი (მულტფილმებს აკეთებდა). 1980-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ახალგაზრდა კაცი. მერე, როგორც თვითონ გვიყვებოდა, ბევრი დაპირისპიების მომსწრე შეიქნა პოლიტიკაში და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მსახურებას სასულიერო წოდებაში უფრო შეძლებდა. 1993 წელს დაიწყო სასულიერო მსახურება აფხაზეთში, გაგანია ომისას. ჭუბერით დევნილებთან ერთად გადმოიარა აფხაზეთი და 1994 წელს ბერად აღიკვეცა. როგორც უკვე ვთქვი, 1995 წლიდან გახდა ნიქოზის ეპისკოპოსი და მასვე ჩაბარდა ყოფილი “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორია.

ომმა აქაც მოუსწრო. 2008 წლის 9 აგვისტოს ჩვენი ჯარები და მოსახლეობა გავიდნენ ნიქოზიდან. სოფელში დარჩა ოთხი მოხუცი და მათ პატრონად მეუფე ისაია. იმ კვირების მანძილზე იმ და მეზობელი სოფლების მოხუცებს მეუფე პატრონობდა, კარდაკარ დადიოდა, მიჰქონდა საკვები და სხვა საჭირო პროდუქტები. უშუალოდ საკათედრო ტაძრის ტერიტორია მძიმედ დაიბომბა, 31 ჭურვი ჩამოვარდა, რამაც იმსხვერპლა ეპისკოპოსის რეზიდენცია. შემდეგ დაიწყო რუსული სახმელეთო ჯარების ოკუპაცია, მოროდიორობა და სხვა. ამ მოვლენებზე თავად მეუფეს აქვს დოკუმენტური ფილმი გადაღებული

მეუფე გვიყვებოდა, რომ ის და რამდენიმე სასულიერო პირი, 2008 წლის აგვისტოში გადავიდნენ ცხინვალში მოკლული ქართველი ჯარისკაცების გადმოსასვენებლად. ეს დაემთხვა დღეს, როდესაც რუსეთმა აღიარა “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. ქალაქში იყო ზეიმი, ხოლო ჩვენი სასულიერო პირები ქართველ გმირებს გლოვობდნენ, ტიროდნენ. შემზარავი ემოციით იხსენებდა ამ მომენტს მეუფე.
გმირობისთვის ის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოთიც დააჯილდოვა და ძვირადღირებული ჯიპიც აჩუქა. ამ ჯილდოთი არასდროს “გაპრანჭულა”, ხოლო ჯიპი გაყიდა და სოფლის ბავშვებს სკოლის ავტობუსი უყიდა.

თავადაც სჭირდებოდა მაღალი გამავლობის მანქანა, რადგან ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი მონასტრები მიუვალ მთებშია. რაღაც ძველისძველი ჯიპი ჰყავდა, რომელიც 3000 დოლარად უყიდია და საოკუპაციო ხაზზე მდებარე სამების მონასტერში რომ აგვიყვანა, გზაში წყალი აუდუღდა. მერე ნივაც ყავდა, ცხენზე ამხედრებულიც დადიოდა. მოკლედ…

ტაძრის ეზოდან ხელის გულზე ჩანს ცხინვალი. მან გადაწყვიტა საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ბავშვებისთვის მიეცა მომავალი და ამით გაემაგრებინა, დაცლისგან დაეცვა სოფლები. ის ხელოვანია, არაჩვეულებრივად ხატავს და აკეთებს მულტფილმებს, ფილმებს. მან ნიქოზში შექმნა ხელოვნების სკოლა, რომელსაც საკუთარი რეზიდენცია დაუთმო. ნიქოზშივე გაკეთდა ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა ქვეყნიდან საოკუპაციო ხაზთან ჩადიან ხელოვნები.
მახსენდება ამერიკელი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭი (სახელი დამავიწყდა), რომელიც დარჩა ნიქოზში, ისწავლა ქართული, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ამ სკოლაში ბავშვებს ასწავლიდა ინგლისურს. ხატვას თავად მეუფე ასწავლიდა. ნაცვლად დომინოს თამაშისა, ალკოჰოლის სმისა და უკეთეს შემთხვევაში თბილისში გადასვლისა, ბავშვებს ნიქოზში გაუჩნდათ მომავალი. სკოლის შემდეგ ისინი ნიქოზის ხელოვნების სკოლაში მიდიოდნენ და სწავლობდნენ სხვადასხვა ხელობას, ხელოვნებას, ენას. მეუფემ სკოლაში მიიყვანა თავისი მასწავლებელი თეატრალური ინსტიტუტიდან, გელა კანდელაკი, რომელმაც ჩრდილების თეატრის სკოლა შექმნა.

არასდროს დამავიწყდება ერთი დიალოგი მეუფესთან: ვურეკავ, შეხვედრა მინდა შევუთანხმო და გამარჯობის თქმასაც არ მაცდის: “ბექა, იცი რა მოხდა?! ჩემმა ბავშვმა კონსერვატორიაში ჩააბარა! გახსოვს ჩემთან შემოსასვლელში პიანინო რომ დგას? აი ის უნდა ვაჩუქო!”
საკუთარი შვილის არ გაგიხარდება კაცს ასე, ის რომ გახარებული იყო. მთელი გულით შემიყვარდა…

ამასობაში, გავარდა სოფლებში ხმა, რომ ასეთი ამბავია და უამრავმა ბავშვმა დაიწყო ხელოვნების სკოლაში სიარული. ავტობუსი კი ჰქონდა ნაყიდი და ატარებდა ამ ბავშვებს, მაგრამ მის რეზიდენციაში ვეღარ ეტეოდნენ. ცალკე სკოლა იყო ასაშენებელი და რაღაცით უნდა დაეწყოთ. მეუფემ მოაწყო სკოლის ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ნიქოზში დაპატიჟა დიპლომატები, შეძლებული ადამიანები და მოგროვდა რაღაც ფული. საძირკვლის გასათხრელად იყიდა პატარა ექსკავატორი, თავად ისწავლა მართვა და ერთ-ერთი ვიზიტისას მასზე მჯდომი დაგვხვდა, საძირკველს თხრიდა.

საერთოდ, ისაიას რომ ხელს ჩამოართმევ, მისი ნაშრომი ხელის გული არ მოგატყუებს, მისი თვალები არ მოგატყუებს თუ რა კაცთან გაქვს საქმე. ბევრს ბერის კაბა ან ანაფორა უქმნის აურას, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეუფე ისაია ზურაბ ჭანტურიად რომ დარჩენილიყო, იგივე სიკეთის, იგივე გაქანების და იგივენაირად პატივსაცემი ადამიანი იქნებოდა.

მოგონებებს რომ დავუბრუნდეთ, საძირკველს შენობა უნდა მოსდევდეს და დაწერა მეუფემ საგრანტო პროექტები, მიიღო დღეს უკვე საგმობი საერთაშორისო დაფინანსება, აშენდა ნიქოზის ხელოვნების სკოლა! ნიქოზელი ბავშვების მიერ გაკეთებული ერთ-ერთი პატარა ანიმაცია:

ამის შემდეგ დადგა მძიმე ჟამი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთადერთი ქართული მონასტერი, იკოთის დედათა მონასტერი, ახალგორის რაიონში. მეუფეს ის ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა. მონასტერი არ უნდა დახურულიყო, ეს იყო საქართველოს ერთადერთი ცოცხალი ნაწილი. ხშირად დადიოდა. საოკუპაციო რეჟიმმა განუცხადა, რომ ან აქ დარჩი ან წადი და აღარ ჩამოხვიდეო. ე.წ. “პროპუსკს” ან “ფორმა ნომერ ცხრას” აღარ აძლევდნენ იმ იმედით, რომ გაგვეცლება თავის მონასტრიანად და საქართველოს ბოლო ნარჩენიც დაიხურებაო. წელიწადნახევარი თუ მეტი იცხოვრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ ოკუპანტები მის სიჯიუტეში არ დარწმუნდნენ. ის ადგილზე მეტ ახალგორელს იზიდავდა, ამიტომ ჯობდა მიეცათ “პროპუსკი” და გამოეშვათ.

მე ეს მრავალგზის მინახავს საკუთარი თვალით, მაგრამ თუ დოკუმენტურ ფილმს უყურებთ თქვენც დარწმუნდებით: მეუფე ისაია დადის ჩვეულებრივი ბერის კაბით, თანასწორია თანასოფლელთა შორის, ადამიანების მეგობარია და არასდროს დგას პიედესტალზე. ამასწინადაც დავწერე, მასზე სულ მეცხრამეტე საუკუნის სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე მახსენდება, რომელიც ჯორზე ამხედრებული რომ დაინახა ქუთაისის რუსმა გუბერნატორმა, ეპისკოპოსის შიკრიკი ეგონა.

ასევე მახსენდება გრიგოლ ხანძთელი – “ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი” და “რამეთუ ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა.”

ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობთ, ალბათ დამემოწმებით, რომ ასე აღმატებით არასდროს არავისზე დამიწერია. ზოგადად, არ მჯერა ინდივიდის უნაკლობისა, მაგრამ არიან მყავს ორი გამონაკლისი – საერო ისტორიაში ეს იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, ასევე სრულიად დაუფასებელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი საქართველოსთვის იცხოვრა (ვისაც დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ დიმიტრი შველიძის “აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი!”) და ჩემთვის ასეთია მეუფე ისაია.

არასდროს, არც ერთ ეტაპზე, მეუფეს არ უცდია ყოველივე ეს, რაც ძალიან მოკლედ მოგიყევით, ფართო საზოგადოებისთვის ეცნობებინა. გაურბის კამერებს, 5-6 საათს დაგელაპარაკება და ოდნავაც ვერ შეატყობ თვითკმაყოფილებას, არც ერთ ეტაპზე არ უცდია შეექმნა საკუთარი პიროვნების კულტი, რისთვისაც ესოდენ ნოყიერი ნიადაგია საქართველოში. ასე მორჩილად, თავმდაბლად ემსახურება თავისი ეპარქიის ხალხს, ღმერთს და საქართველოს.
ვისაც გინდათ, რომ ღმერთის გწამდეთ, იარეთ ნიქოზში, გაიცანით, დააკვირდით და იწამებთ.

საქართველო, ზოგადად, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ ამ ქვეყნისთვისაც კი მეტისმეტია ხელიდან გაშვებული ეს შესაძლებლობა. თუმცა, შეიძლებოდა, რომ ამ საქართველოს ასეთი მწყემსმთავარი აერჩია? ალბათ არ შეიძლებოდა. ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, სამწუხაროდ.

“მეუფე ისაიამ ნაჩუქარი “პრადო” გაყიდა და სკოლას ავტობუსი უყიდა” – ბექა კობახიძე

თეგები: ბექა კობახიძემეუფე ისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved