“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
დეტალურად ჩავყვეთ ამ “განათლების დეფორმაციის კონცეფციას”, რომლის ყველა პუნქტი არაკონსტიტუციურია უნივერსიტეტების ავტონომიასთან მიმართებით და მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განათლების სტანდარტებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – აქვე მოგიკითხავთ თქვენი სამარცხვინო არაპროფესიონალიზმისთვის, ამ კონცეფციის წაკითხვის შემდეგ გაფიცულები რომ არ ხართ.
უნივერსიტეტებს უთხრეს – ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ რა პროგრამები გექნებათ და რა რაოდენობის სტუდენტები:
ა) როგორ დაგეგმოს უნივერსიტეტმა ბიუჯეტი, პროექტები, გაცვლითი პროგრამები, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა, თუ მას არ ეცოდინება, რა პროგრამები აქვს მომავალ წელს? როგორ შეუთანხმდეს პროფესორებს და ლექტორებს? პროფესორებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა როგორ დაგეგმონ თავისი სამსახური, თუ არ იციან, რა დატვირთვით რჩებიან უნივერსიტეტში?
ბ) თუ პროგრამა აღარ ექნება, სად მიდის პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელთა მიღებაში უამრავი ფული და ენერგია დაიხარჯა? სად წავა ლაბორატორიები? მაგალითად, ათასწლეულის კორპორციამ რამდენიმე მილიონი დახარჯა და ილიას უნივერსიტეტს გადასარევი საინჟინრო ლაბორატორიები გაუკეთა, ასევე გაუკეთა თსუს. ორივეს აქვს საერთაშორისო ABET აკრედიტაციის საინჟინრო პროგრამები. ორივე დაკარგავს? ილიას უნივერსიტეტის დაფინანსებით და უამრავი სამეცნიერო გრანტის შედეგად ბიოქიმიის ლაბორატორიები განვითარდა, სადაც ისეთი დონის საერთაშორისო კვლევებია, რომ რეიტინგებში სულ პირველ ადგილზეა ილია. სად წავა სეისმური მონიტორინგის ცენტრი, რომელიც სულ ამერიკული გრანტებით აშენდა? თუ საინჟინრო პროგრამები არ ექნება, რა უყოს ილიას უნივერსიტეტმა ფაბლაბს, რომელმაც ათასობით მოსწავლე დააინტერესა ტექნოლოგიებით?
გ) როცა პროგრამა მილევადში მიდის, სტუდენტს აფრთხილებენ 1 წლით ადრე მაინც. ახლა რა უთხრან? და ბოლოს, როდის და როგორ დაგეგმონ აბიტურიენტებმა უნივერსიტეტების არჩევანი? ყველა წესიერი უნივერსიტეტი მთელი წელი მუშაობს აბიტურიენტებთან, პროგრამებს აცნობს, ღია კარის დღეებს უტარებს, ახლა რა უთხრას?
კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები ხდება 3 წლიანი, მცირე გამონაკლისების გარდა.
ა) ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა უნივერსიტეტმა ათეულობით პროგრამა უნდა გადააკეთოს. პროგრამის აკრედიტაცია ვისაც გაუკეთებია, იცის, რომ მის სწორად დაგეგმვას მინიმუმ 1 წელი სჭირდება. როგორ უნდა გადაკეთდეს ეს პროგრამები – 240 კრედიტი გადანაწილდეს 3 წელზე თუ 180 კრედიტი დარჩეს? აბა ჩახედეთ საინჟინრო პროგრამებს – რა საგნებს მოაკლებდით? და როდის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, თუ აბიტურიენტმა მარტში უკვე პროგრამები და უნივერსიტეტები უნდა აირჩიოს? 1 თვეში გადაკეთდეს პროგრამა ყველა სტანდარტის დარღვევით?
ბ) როგორ გაუმკლავდება ხარისხის ცენტრი ხუთასი პროგრამის აკრედიტაციას? როდის გაუმკლავდება, 5 წელიწადში? ანუ სრულიად უხარისხო პროგრამებზე ისწავლიან მომავალ წელს პირველკურსელები?
გ) უნივერსიტეტებს მოუწევთ ერთდროულად ორგვარი პროგრამის განხორციელება – 4 წლიანის და 3 წლიანის. რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსი ეყოფა ამ დომხალს?
სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გარდა გამონაკლისისა, აეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება.
ა) იცით, რა რესურსი ჩადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამედიცინო უნივერსიტეტმა სამედიცინო ლაბორატორიების, აუდიტორიების, საგამოცდო ცენტრების და პროგრამების განვითარებაში, რომ უცხოელი სტუდენტები მიეღოთ? იცით, რომ ამ ყველაფრით ქართველი სტუდენტებიც სარგებლობენ და შესაბამისად აიწია სწავლების ხარისხმა?
ბ) საქსტატის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებს ახლა ჰყავთ 7200 უცხოელი სტუდენტი. აქედან მიახლოებითი შემოსავალია 97 მილიონი ლარი წელიწადში. სახელმწიფო ამბობს, უნივერსიტეტები უნდა განვავითაროო და 97 მილიონი ლარის შემოსავალს ართმევს – როგორ ფიქრობთ, განვითარება უნდა? სინამდვილეში, მიზანია, რომ ქოცნებასთან დაახლოებულ კერძო უნივერსიტეტებში გადავიდეს ეს 97 მილიონი ლარი. სახელმწიფო უნივერსიტეტებს სულ ჰყავთ 100000 ქართველი სტუდენტი, აქედან შემოსავალია 225 მილიონი ლარი. ესე იგი, 30%-ით უმცირებს შემოსავალს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეს აკრძალვა. ესაა განვითარება?
როგორც კი უნივერსიტეტები ასე დაიჩეხება, ბევრ ევროპულ აკრედიტაციას და წევრობას დაემშვიდობება ქვეყანა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ეწყობა, განახევრდება. არააკრედიტებული პროგრამების განხორციელება (აკრედიტაცია უბრალოდ ვერ მოესწრება ამ დროში) დიპლომების აღიარებას საგრძნობლად გაართულებს. კარგად იფიქრეთ სტუდენტებმა, რა გელით.
რექტორი, რომელმაც არ იცის, მის უნივერსიტეტს რა მოუვა 5 თვეში – რომელ პროგრამებს დაკარგავს, რომელ ცენტრებს, რომელ ლაბორატორიებს – და ახლა ხმას არ იღებს, არის გასაცოდავებული და დაბეჩავებული ადამიანი. რექტორი, რომელიც ასეთ დამანგრეველ ჩარევაზე ხმას არ იღებს, აბუჩად იგდებს საკუთარ სტუდენტებსაც, პროფესორებსაც და ადმინისტრაციულ პერსონალსაც. საბჭოთა კავშირში არ მომხდარა უნივერსიტეტების ასეთი ხელყოფა.
და ბოლოს – რა მოუვა სოხუმის უნივერსიტეტს? როგორ ჩაჯდება ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის კონცეფციაში?
ზოგადად, უნივერსიტეტების დამორჩილება დიქტატურის დამყარების ბოლო წერტილია. ამისთვის მაინც უნდა ვიბრძოლოთ.














კომენტარები