“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას ეხმიანება და მას არაპროპორციულ ქმედებად აფასებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, DRI მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე; დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად; დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე.
DRI-ის გარდა, წუხანდელ მოვლენებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, ISFED, საია და EMC გამოეხმაურნენ. მათი აზრით, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ” კონსიტიტუციური უფლების დარღვევაა.
კომენტარები