“ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, არ არსებობს ეგ პროცესი ჩემთვის, შესაბამისად ვერც განაჩენი განსაზღვრავს რამეს” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მის სასამართლო პროცესს.
ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ ციხეში არა წარწერის, არამედ დაუმორჩილებლობის, შეუგუებლობის და სოლიდარობის გამოა, რითაც ამაყობს და “ფლომასტრის მოსამართლისთვის არ სცალია”.
ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, არ არსებობს ეგ პროცესი ჩემთვის, შესაბამისად ვერც განაჩენი განსაზღვრავს რამეს. საჯარო “მეგობრული” რჩევა მინდა მივცე ბიძინასაც და მსახურ მანტიაშემოსილ ადამიანსაც, რაც არ უნდა იწვალოთ ჩემს ნებას ვერ შეცვლით, ვერც გავლენას მოახდენთ, ვერც წინააღმდეგობას გააჩერებთ, ვერც აღიარებას მოიპოვებთ, ვერც სანქციებზე მუშაობას გააჩერებთ. რაღაც ბუღალტერია სასამართლოდან პერიოდულად მოაქვთ ხოლმე და ვაბრუნებ უკან.
საერთოდ არ ვფიქრობ სასჯელზე, მიხვდებოდით, მთავარია არა ის თუ სად ვართ, არამედ როგორ ვიბრძვით. ერთი დღე არ შემიწყვეტია ბრძოლა, არც ინტელექტუალურად არც პრაქტიკულად, არც საერთო ოპოზიციურად და არც საერთაშორისოდ. ბრძოლის პრინციპი – დაუმორჩილებლობა, ბრძოლის ფორმა – არა უბრალოდ ერთობა, არამედ ერთად მუშაობა, შრომა, მითუმეტეს ახლა, როდესაც შედეგები რთულია არ შეამჩნიო.
სხვათა შორის, რას ვეტყოდი ჩემს შვილებს, როდესაც უნდა ამეხსნა მათ ცხოვრებაში სტრესი, ძალიან მკაფიოდ ჩამოვყალიბდი, რომ ბავშვებმაც სრული სიმართლე უნდა იცოდნენ, თუნდაც სკოლის ასაკიდან – რომ კომფორტი, თავისუფლად ცხოვრება, ის მულტფილმები და ფილმები, რასაც დღეს უყურებენ, ხელოვნური ინტელექტი, “კვარა” თუ ბერლინის ზოოპარკში გასეირნება, არის არა საჩუქარი, რომელიც სულ გვეკუთვნის, არამედ მოსაპოვებელი, მოსაფრთხილებელი და დასაცავი სიკეთეები, რაც პერიოდულად პირადი დისკომფორტის ხარჯზე ხდება. ეს არჩევანია, რომლის არსიც ადამიანმა ბავშვობიდან უნდა იცოდეს, ჰოდა, რასაც ჩემს შვილებს ვეუბნები ზუსტად იგივეს ვეუბნები სხვებსაც.
ციხეში არ ვარ წარწერის გამო, ციხეში ვარ დაუმორჩილებლობის, შეუგუებლობის და სოლიდარობის გამო, რითაც ვამაყობ. ხოლო “ოცნება” დიდი ხანია ჩვენც და მსოფლიოსაც ეუბნება “მე ვარ უსამშობლო რუსი” – ეს ძალიან სამწუხაროა, რომ თანამედროვეობაში ღალატის ისტორია მეორდება, მაგრამ მათთვისაც ცუდი ამბავი მაქვს მსოფლიო რუსეთს თავხედობას და ბოროტებას აღარ პატიობს, ხოლო ქართული ვერსია მათ ნამსხვრევებში მოხვდება. ვფიქრობ როგორ შევუწყო ხელი პროპაგანდის ინსტრუმენტების შემდგომ და დამატებით სანქცირებას, ასე რომ ფლომასტრის მოსამართლისთვის არ მცალია,” – ამბობს ელენე ხოშტარია.
კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო დრევანდელი პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.














კომენტარები