უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კიევს აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები აღმოსავლეთში, შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატო-ს, – ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ მოიპოვეს გეგმის პროექტი, რომელიც ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩართულობით შეიმუშავა. უიტკოფმა, გეგმასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარა რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფმა და კუშნერმა გეგმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსტემ უმეროვთან.
აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა, გეგმა ზელენსკის ხუთშაბათს წერილობით წარუდგინა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ გეგმის შეცვლა შესაძლებელია მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველზე. ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების დროს ბევრ საკითხთან დაკავშირებით დადებითად იყო განწყობილი და მოახერხა მისი ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება.
გეგმის თანახმად, უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება; რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება; მოსალოდნელია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება; რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი, შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები; უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს; უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600 000 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება; უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნატო-ში არ შევა, ხოლო ნატო თანახმაა, თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინას არ მიიღებს მომავალში; ნატო თანახმაა, უკრაინაში ჯარები არ განათავსოს; ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან.
ამასთან, გეგმის პროექტის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის დაკარგავს გარანტიას; თუ რუსეთი უკრაინას შეიჭრება, გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი. ასევე, თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვისკენ ან სანქტ-პეტერბურგისკენ, უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და ამ საკითხის განხილვის პერიოდში მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი გლობალურ ეკონომიკაში რეინტეგრირდება. სანქციების მოხსნა ეტაპობრივად და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და შეთანხმდება; რუსეთს კვლავ მიიწვევენ „დიდ რვიანში“ გაწევრიანებისთვის. ამ შეთანხმების ყველა დებულების დაცვის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი კანონმდებლობით განამტკიცებს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას.
გეგმის პროექტის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად – 50:50-ზე – გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის.
რაც შეეხება ტერიტორიებს, დოკუმენტის თანახმად, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნებიან რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ.
ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ.
რუსეთი უარს იტყვის ხუთი რეგიონის გარეთ მის მიერ კონტროლირებად სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე.
უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ და ეს გაყვანის ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამომავლო ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გავრცელდება.
რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებაში და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ.
გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი: ყველა დარჩენილი ტყვისა და ცხედრის გაცვლა მოხდება „ყველა ყველაზე“ პრინციპით. ყველა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მძევალი დაბრუნდება, მათ შორის ბავშვები. ამოქმედდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა. უკრაინაში 100 დღეში არჩევნები ჩატარდება.
კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ მომავალში არ წამოჭრის რაიმე პრეტენზიას ან არ განიხილავს რაიმე საჩივარს.
შეთანხმების შესრულება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. შეთანხმების დარღვევებისთვის სანქციები დაწესდება.
დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ როგორც კი ყველა მხარე დაეთანხმება მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.














კომენტარები