წალენჯიხაში, ნოემბერში, მუნიციპალიტეტის სახელოვნებო -საგანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილებამ, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა მოქალაქეებს ტრადიციულად, რიგით მეხუთე, სამდღიან ლიტერატურ მარათონზე, ,,თუთა-2025“ უმასპინძლა.
ტერენტი გრანელის სახლ- მუზეუმში ბუხართან- ,,მუსიკისა და პოეზიის საღამო” გახლდათ,გივი ჩიღვინაძესთან, ნანა ქარდავასთან, ბადრი სულაძესთან, ედვარდ უგულავასთან, მარი ჩაკვეტაძესთან, ცირა ყურაშვილთან ერთად.
,,ლიტერატურული საღამო“ გაიმართა ასევე ლეო ქიაჩელის სახელობის ბიბლიოთეკაში, სადაც სტუმრებმა საკუთარ შემოქმედება თავად გააცნობენ საზოგადოებას;ჯაზის საღამო მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ელოდა სტუმრებს.
გასვლითი ღონისძიებები იყო მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში, სამცაცხვში, ნაგურუს ეკლესიაში, ენგურის ხეობაზე.
ფესტივალის ორგანიზატორი მარინე შანავაა, თანაორგანიზატორი მანანა შანავა.
ლიტერატურული ფესტივალი ,,თუთა- 2025″ ჩატარდა სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
დღე მესამე!
ლიტერატურულ- მუსიკლური ფესტივალი ,,თუთა” 2025
ბადრი სულაძე, ფესტივალის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში, წერს:
ლიტერატურული ფესტივალი „თუთა – 2025“
წალენჯიხა
მოხდა ისე, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე მონაწილეობა მივიღე ოთხ ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალში: 1. მწიგნობარი -2025 – ამბროლაურში, 2. შემოდგომის სერენადა – 2025 – ბათუმში, 3. მუხრანის პრემია – 2025 – საჩხერეში და 4. თუთა -2025 – წალენჯიხაში. ყველა ამ ღონისძიებას ორგანიზების მაღალი სტანდარტი, მაღალმხატვრული ლიტერატურული დონის შემოქმედებით პროცესებში აქტიური ჩართულობა, სტუმარ-მასპინძლობის შესაშური ნიჭის გამოვლინება, კოლეგიალური ურთიერთპატივისცემა და რაც მთავარია, ამ კონკურს-ფესტივალების მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდობის ჭკვიანი თვალებისა და უზადო ნიჭიერების ელვარება აერთიანებს.სამეგრელომდე მატარებლით ვიმგზავრეთ ფესტივალის მონაწილე პოეტებმა და მწერლებმა: ნანა ქარდავამ, მარი ჩაკვეტაძემ, გივი ჩიღვინაძემ, ედუარდ უგულავამ და მე; მოგვიანებით ცირა ყურაშვილიც შემოგვიერთდა და ჩვენს კეთილი მასპინძლებთან: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორ, ქალბატონ – მარინა შანავასთან, ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელ, ქალბატონ – მანანა შანავასთან და ამავე ცენტრის მთავარ ფინანსისტ, ბატონ – მამუკა შანავასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრს ვეწვიეთ, სადაც გვიმასპინძლა და საგანმანათლებლო სივრცე დაგვათვალიერებინა ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა – თეო კვარაცხელიამ. ამის შემდეგ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში გადავინაცვლეთ, სადაც დაგეგმილი იყო პოეზიისა და მუსიკის საღამო ბუხართან. ღონისძიების დაწყებამდე ტრაგიკული ბედის, უბადლო პოეტის ყველასგან განსხვავებულ, დრამატიზმით აღსავსე პოეტურ სამყაროს კიდევ ერთხელ გვაზიარა მუზეუმის თანამშრომელმა, ქალბატონმა – სალომე კვირკველიამ. ტერენტი გრანელის სულიერებით გაჟღენთილ გარემოში საკუთარი შემოქმდების, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენა, ბუხრის პირას შეკრებილი ბავშვების, მათი მშობლებისა და პედაგოგების კეთილმა განწყობამ გაგვიადვილა, განსაკუთრებით, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მონოსპექტაკლის ნახვის შემდეგ…იყო სიმღერა, ლექსი და მიახლოება ტერენტის სულთან… და იყო დიალოგი მასპინძლებსა და სტუმრებს შორის, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ როგორ გვჭირდება ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, ერთმანეთისთვის გულის გათბობა და ზრუნვა იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის ბედნიერი მომავალი ჰქვია…მეორე დღეს სოფელ ობუჯის პირველ საჯარო სკოლას ვესტუმრეთ, სადაც გულღიად შეგვხვდნენ კეთილღიმილიანი მასპინძლები: სკოლის დირექტორი, ქალბატონი – ეკა ლუკავა, პედაგოგები და ცოტა ხანში ისევ ულამაზესი ბავშვების გარემოცვაში აღმოვჩდით, ჭკვიანი და მეტყველი თვალებით რომ შემოგვცქეროდნენ და ყურადღებით გვისმენდნენ. ბავშვები განსაკუთრებით გაახალისა პოეტ გივი ჩიღვინაძის მიერ შეთავაზებულმა რითმოცანებმა, თუმცა არც ჩვენი ლექსების მიმართ დარჩენილან გულგრილად, რადგან ბავშვებამდე მისატანი მთავარი სათქმელი ისევ სკოლის შესასვლელშივე გამოფენილი პორტრეტებიდან მომზირალმა ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა გვიკარნახეს, ყველა თაობისთვის გასაგები რომ არის…სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჩვენი წიგნები ვუსახსოვრეთ და ბედნიერად კმაყოფილებმა ლეო ქიაჩელის სახელობის სახლ-მუზეუმისა და ბიბლიოთეკისაკენ გადავინაცვლეთ. აქაც საკუთარი შემოქმედება გავაცანით დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეების მიერ მომზადებული მუსიკალური კომპოზიციის ფონზე (პედაგოგი, ქალბატონი – სოფო აბულაძე). ღონისძიების ბოლოს წიგნები გადავეცით ბიბლიოთეკას, კერძოდ – ქალბატონ ლალი ხვიჩავას. წამით არ გვტოვებდა და საფესტივალო დღეების ფოტომატეანეს ქმნიდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი – თამარ მებონია. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა გაზეთ „ნოჯიხურის“ რედაქტორი, ისტორიის პედაგოგი, ბატონი – ვალერი ძაძამია, რომელმაც მოკლე დროში მხარის მთელი ისტორია გადაგვიშალა თვალწინ; დიდი სიამაყით შეგვახსენა წალენჯიხის, კერძოდ სოფელ ობუჯის დიდი მამულიშვილები: დანიელ ფიფია, ლეო ქიაჩელი, შოთა მესხია, ნიკოლოზ შენგელაია და ასევე, დიდი სიყვარულითა და საკითხის ღრმა ცოდნით, გვესაუბრა მეგრული ენის ლექსიკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე; ასე საუბარ-საუბარით გადავინაცვლეთ ნიკოლოზ შენგელაიას კარ-მიდამოში და გავიხსენეთ დიდი რეჟისორისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები. გზადაგზა სოფელ ობუჯის რწმუნებული ბატონი ჯონი კაკაჩია გვიყვებოდა სოფლის განვითარებისა და აქაური მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რაც იმედის მომცემად ჟღერდა, რეგიონის სამომავლო განვითარების კუთხით…წარსულისა და დღევანდელობის სწორად შემფასებელ, თუ დამფასებელ ხალხს რა თქმა უნდა აქვს სამომავლო განვითარების დიდი პერსპექტივა…ამ სასიამოვნო ფიქრებს ის მოსალოდნელი დადებითი ემოციაც ემატებოდა, რაც ჯაზის საღამოსგან გველოდა… სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის თეატრალურ დარბაზში ქართული, თუ მსოფლიო მუსიკალური შედევრები გაჟღერდა, ლელა ლომთაძისა და კახა რამიშვილის ბრწყინვალე შესრულებით. ეს იყო დადებითი ემოციების გაცვლის საღამო, რასაც დარბაზში ამღერებული თუ აცეკვებული მაყურებლის შესაფერისი განწყობაც ადასტურებდა…მესამე დღეს ნაგურუს ტაძარი და წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია მოვილოცეთ. მოვიხიბლეთ ჭანისწყლისა და ინწირას ხეობების პირველყოფილი მშვენიერებით; სხვა სილამაზით აღიქმებოდა სამცაცხვიდან დანახული წალენჯიხა და სოფელი ნაკიფუ, წამოსვლისას, ბატონ იაგოს რომ ვთხოვეთ მანქანით ხვიჩა კვარაცხელიას სახლის შორიახლოს გაევლო, ხვიჩას სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად… მოვდიოდით და დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები გვახსენდებოდა – სამეგრელოში საქართველო ვნახეო…დიახ, სამეგრელოში ის საქართველოა, რომელიც გვიყვარს და გვეიმედება…უღრმესი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს არაჩვეულებრივი ფესტივალი ჩაიფიქრა და განახორციელა, ვინც მხარში დაუდგა ამ დიდი საქმის ბოლომდე მიყვანას, მადლობა ჩვენს კეთილ მასპინძლებს, რომლებმაც მოგვხიბლეს სულიერების სიკაშკაშითა, თუ მეგრული კულინარიული საოცრებების სრულყოფილებით. ამიტომაც არ გაგვიჭირდა ფესტივალის ფარგლებში, ორგანიზატორების მიერ მოცემული, დავალების შესრულება, რაც ლექსის დაწერას გულისხმობდა შემოთავაზებული ფრაზის შესაბამისად – „შემოდგომის სურნელება დადგა…“ ჩემი ლექსი ასე გამოიყურება –***შემოდგომის სურნელება დადგა,ხურმის რტოებს აქანავებს ქარი, –და მიწაზე თუ ვერ ვძებნი ადგილს,ხურმების და ქარის ბრალი არის;მინდა, ზამთარს შევეგებო ფრენით,შემოდგომას რომ მოჰყვება მალე,მანამდე კი სიხარულით ვრჩები,სიყვარულის ფერთა მოთვალთვალედ;ყველაფრიდან მზე ანათებს თითქოს,ხურმისფერი ისე მეფობს ირგვლივ, –და გინდა, რომ შეადარო მითოსს,ზეცა მიწას როგორ ადგამს გვირგვინს;ვიცი, ფრენას ვერ ვისწავლი უცებ,დავთვლი დღეებს გასავლელს, თუ გავლილს, –და გავყვები შეყვითლებულ ქუჩებს,შემოდგომის სურნელებით მთვრალი…
მოვდიოდით და მოგვყვებოდა წალენჯიხაში გატარებული დღეებით მიღებული უდიდესი შთაბეჭდილების სითბო, კოწახურის ხეზე შეტეხილი წითლად მოელვარე რტოების დარად…
პატივისცემით და დიდი სიყვარულით – ბადრი სულაძელიტერატურული ფესტივალი „თუთა – 2025“წალენჯიხა















კომენტარები