თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას“.
წყაროების ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებიან და “ყველა ზომას იღებენ თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი უფლებების დასაცავად”.
ასევე, თურქული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის. თურქული მედია ასევე ავრცელებს აღნიშნული საუბრის ვიდეოჩანაწერის ნაწილს.











კომენტარები