• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თურმე, ითხოვდა, მომკალით, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო” – დეკანოზი შალვა კეკელია

ალია ავტორი - ალია
15:08 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
302

დეკანოზი შალვა კეკელია კვირის პალიტრასთან შოვის ტრაგედიაზე და ზოგადად იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებსაც შვილები გარდაეცვალათ:

 

– ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ ამ საშინელ ტრაგედიას. დღე არ გადის, ამ უბედურებაზე არ ვიფიქრო. იმ ოჯახების ტკივილი ჩემი ტკივილიც არის. წარმოუდგენელი რამ მოხდა. გინდა ახსნა მოუძებნო და ვერ ხსნი, რატომ, რისთვის, ღმერთი რატომ უშვებს ამას – ამაზე ზოგჯერ პასუხები არ გვაქვს ხოლმე. ხშირად მიწევს შვილგარდაცვლილ მშობლებთან მისვლა და ძალიან რთულია, რა უნდა უთხრა ადამიანს. ზოგს ერთადერთი შვილი ჰყავდა და ისიც აღარ ჰყავს. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ ტკივილისგან. როცა შვილგარდაცვლილ მშობლებთან მივდივარ, ერთ რამეს ვეუბნები, რაც მათ შეემთხვათ, ეს ტკივილი არასდროს გაქრება. დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.

ყველას გვახსოვს ვაკის პარკში დაღუპ­ული ულამაზესი მარიტა. მისი მშობლები, ანი და დათო, ჩვენს ტაძარში დადიან. იმ ტრაგედიის შემდეგ მათ ერთი მსახურება არ გაუცდენიათ. ანი და დათო საოცარი მაგალითია იმისა, როგორ უნდა გაუძლო ასეთ ტკივილს. გიღიმიან, აქეთ გაძლევენ მაგალითს. ჩვენი მრევლის ერთ წევრს კი, სოფოს, შვილი, 19 წლის ნიკოლოზი გარდაეცვალა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მას გავაცანი მარიტას დედა. ანიმ ისე თბილად მიიღო სოფო, ისე ესაუბრა, რომ მასთან ურთიერთობის შემდგომ სხვანაირი სოფო დავინახე… მარიტას მშობლებმა დაიჯერეს ერთი რამ, რომ მათი შვილი ცოცხალია, რომ ახლა ის ღვთის წინაშეა, ღმერთთან. სწორედ ეს ეხმარება მათ. მარიტას დაღუპვის ტკივილთან ერთად საოცარი სულიერი სიხარული აქვთ. ღმერთშია ეს სიხარული. რამდენიმე დღის წინ ბიჭი დაიღუპა ბათუმში, 22 წლის ახალგაზრდას სკუტერმა გადაუარა. მის ოჯახშიც მივედი. დედა უმძიმეს მდგომარეობაშია. პანაშვიდი რომ გადავიხადეთ, აივანზე გავედით, ვსაუბრობდით სულის მარადიულობაზე და ამ საუბრის დროს ღვთის მადლი შეეხო დედას, თითქოს წამიერად დამშვიდდა, გაიღიმა კიდეც და საკუთარი თავის გაუკვირდა, მითხრა, მამაო, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა ამწუთას, ბედნიერი ვარ და ვერ ვხვდები, რატომ. შვილი მეორე ოთახში მიწევს გარდაცვლილი და მე ასეთი განცდა რატომ მაქვსო. ვუთხარი, სულიწმინდის მადლი შეგეხო. ღვთის მადლმა გაგააზრებინა, სად არის ახლა შენი შვილი, სულის სიხარული შემოვიდა შენში-მეთქი. ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია, როცა დიდ ტრაგედიებთან ერთად, დიდი სიხარული, ღვთის წყალობა შედის ადამიანში. ყველას, ვისაც ახლობელი გარდაეცვლება, ვეუბნები, რომ ხორციელი თვალით არ უნდა შევხედოთ ამას. მას ხორციელად ვერასოდეს ვნახავთ, ჩვენი მონატრება უსაზღვროა. ერთადერთი, რითაც ჩვენს მიცვალებულებთან ურთიერთობას ვახერხებთ, სულიერი ურთიერთობაა. ეს რომ მოახერხო, უნდა გაიაზრო, რომ ის შენთან არის სულიერად, მარადიულად.

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძეს მეუღლე და ხუთი შვილი დაეღუპა. სასოწარკვეთილებამდე მისული, რომელსაც მღვდლობის დატოვებაც კი ჰქონდა განზრახული, ეგზარქოს ისიდორე ნიკოლსკის შეგონებით სიონის ტაძარში გაბრიელის სახელით ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ნაყოფ­იერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამ ტკივილის შემდეგ ფეხზე რომ წამოდგა, არ გაჩერებულა: აღადგინა მრავალი ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე, გააქრისტიანა 18 000 აფხაზი. აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. სამაგალითო სასულიერო პირი იყო.

შოვში, მამა თოჯინით – ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა “გარდაიცვალა” ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: “წმიდათა­ თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა,­ არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი” – ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან.

მე სამი შვილი დედამიწაზე მყავს,­ ერთი – ღმერთთან. შეგრძნებების დონეზე იოანესთან ურთიერთობა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია. როგორც ჩემს სამ შვილთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს ისინი, იმაზე მეტი ურთიერთობა მაქვს იოანესთან. ჩემმა შვილმა ცხოვრება მასწავლა, მის ანგელოზთან ყოველთვის მაქვს შეხება. ახალ წელს ყოველთვის ჩემი შვილის საფლავზე ვხვდებით, მაგრამ ტრაგედიით არა, სიხარულით. ერთხელ ჩემმა პატარა ბიჭმა, ილიამ მითხრა, მამიკო, ხომ შეიძლებოდა ღმერთს არ გაეყვანა იოანე, ახალ წელს ჩვენც სახლში შევხვედროდით ჩემს ძმასთან ერთადო. შენ იოანე ზეცაში გელოდება და ღირსეულად უნდა იცხოვრო-მეთქი. უნდა ვეცადოთ ისე სუფთად ვიცხოვროთ, რომ იქ მოვხვდეთ, სადაც ის არის. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს. იოანემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სულ სხვა თვალით შევხედე ამ სამყაროს და კიდევ უფრო მეტად დავაფასე ამქვეყნიური ყველა წამი. სხვანაირად დავაფასე ურთიერთობა მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან, სამშობლოსთან. უფრო ცოცხალი გახდა ჩემთვის ეს ქვეყანა და ის მარადიული სამყოფელი, სადაც გადავინაცვლებთ. მინდა მართლა ისე წმინდად ვიცხოვრო, რომ იქ მოვხვდე, სადაც ჩემი შვილია.

ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მიჭირდა ბავშვებისთვის წესის აგება. პირველი ერთი წელი სხვა მოძღვარს ვგზავნიდი. მერე ღვთის მადლით გავიაზრე, რომ ადამიანებს ვჭირდები… შემთხვევა მქონია, ვერ გადამიხდია პანაშვიდი, იმდენი მიტირია, მსახურება ვერ ჩამიტარებია, როცა დამინახავს გარდაცვლილი ბავშვი. მსახურების დროს ვიწყებდი ტირილს და ლოცვის სიტყვებს ვერ ვამბობდი.

აუცილებელია პანაშვიდების გადახდა­, ტაძარში სიარული, შეკვეთილი წირვა,­ ძალ­იან ეხმარება ფსალმუნები,­ ვინც ფსალმუნებს კითხულობს, იმასაც დიდი ძალა ეძლევა. იმ ქვეყნად აღარ არის ტკივილი, არა ჭირი, არა ურვა, არცა სულთქმა, არც წუხილი, იქ მარადიული სიხარულია. ნუგეშისმომცემია ლოცვა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, მარადიული სიხარულია და ამას გვიმზადებს ღმერთი, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავიმსახუროთ. ყველას სატკივარი გახდა შოვის ტრაგედია. ამიტომ ნუ განვიკითხავთ, ნუ გავლანძღავთ ერთმანეთს. ასეთ მძიმე დროს ტაძარი და ლოცვაა გამოსავალი. უნდა გვახსოვდეს, მათ ვერ ვხედავთ ფიზიკურად, თორემ ჩვენი მიცვალებულები სულიერად სულ ჩვენთან არიან.

სრულად – კვირის პალიტრა

თეგები: დეკანოზი შალვა კეკელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved