მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
,,დიახ, უცნაური და არეულია თანამედროვე სამყაროს მორალი.
ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ამის შესახებ ჩემი აზრი და უთქმელობას – თქმა ვამჯობინე.
სასიხარულოა რომ სახელმწიფოების უმეტესობამ სამართლიანად აკრძალა ცხოველთა ჩხუბი. ძაღლების, მამლების თუ სხვა არსებების სასტიკი დაპირისპირება, სადაც ცხოველებს და ფრინველებს ადამიანის გასართობად ერთმანეთს აგლეჯინებენ და აკვლევინებენ. ეს აკრძალვა ცივილიზაციის ნიშნად მივიღეთ. თითქოს საკუთარ თავს ვუთხარით, რომ სხვისი ტანჯვით ტკბობა ბარბაროსობაა.
მაგრამ სწორედ აქ იწყება დიდი პარადოქსი.
იგივე საზოგადოება, რომელიც ცხოველის ტკივილზე შფოთავს, ხშირად აღფრთოვანებით, სუნთქვაშეკრული უყურებს ადამიანების ორთაბრძოლებს. იქ, სადაც მიზანი მხოლოდ გამარჯვება კი არა, მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება, სისხლის დენა და გონების დაკარგვაა. ტრიბუნები ივსება ხალახით, მილიონები ტრიალებს – ჩვენ კი ამას სპორტს, სანახაობას და თავისუფალ არჩევანს ვუწოდებთ.
აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ცხოველის ჩხუბი ბარბაროსობაა, რატომ გვიჭირს იმავე მორალური საზომის გამოყენება ადამიანზე? ადამიანზე, რომელიც რაღაც მიზეზმა – სისტემამ, სიღარიბემ, დიდების სურვილმა ან უბრალოდ ფულმა აიძულა, საკუთარი სხეულის დასახიჩრება პროფესიად ექცია.
დიახ, ადამიანი ცხოველი არ არის. მას აქვს ნება, არჩევანი და პასუხისმგებლობა. მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ მისი ღირსება უფრო მაღალი სტანდარტით. ადამიანის თანხმობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მორალურია. ისტორია სავსეა შემთხვევებით, როცა გაჭირვების, შიშის ან ამბიციის გამო ადამიანი თანხმდებოდა იმაზე, რაც საზოგადოებას უნდა შეეჩერებინა.
პრობლემა სპორტში, ძალაში, ოსტატობასა და შეჯიბრში არ არის. პრობლემა იქ იწყება, სადაც ადამიანს ღირსებას ვაცლით და მხოლოდ სანახაობის ობიექტად ვაქცევთ. როცა სისხლი ხდება რეიტინგი, ტკივილი – კონტენტი, ტრავმა – გასართობი, ხოლო სხვისი დაცემა – ტაშისკვრის მიზეზი.
და მაშინ გულზე ხელის დადებით უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ჩვენ მართლა უფრო ჰუმანურები გავხდით, თუ უბრალოდ ბარბაროსობას გავუკეთეთ ლამაზი შეფუთვა?
ძველ რომში გლადიატორები არენაზე იხოცებოდნენ. დღეს გვჯერა, რომ ეს ველური ეპოქა დასრულდა. თუმცა ხანდახან მგონია, რომ არენა არსად გამქრალა – უბრალოდ განათება გაუმჯობესდა, კამერები დაემატა, კონტრაქტები გაფორმდა და სისხლს ბრენდების ლოგოები მიეკრა.
დღეს ღირებულებები ისე აირია, ვეღარ გაგვიგია, სად მთავრდება თავისუფლება და სად იწყება ადამიანის ექსპლუატაცია; სად არის სპორტი და სად – კანონიერი ძალადობა; სად არის ღირსება და სად მისი საჯარო გაყიდვა.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ბევრს ცხოველის ტანჯვა უფრო აშფოთებს, ვიდრე ადამიანის. თითქოს ოთხფეხას დაცვა პროგრესია, ხოლო ადამიანის სისხლიანი სანახაობით ტკბობა – ნორმ.
არადა, ნამდვილი ჰუმანიზმი შერჩევითი ვერ იქნება ხალხო.
თუ ტანჯვა მიუღებელია, ის მიუღებელია მაშინაც, როცა მასზე ბილეთები იყიდება.
თუ ღირსება დასაცავია, ის დასაცავია მაშინაც, როცა ადამიანი თავისი ნებით დგას რინგზე.
თუ ცივილიზებული საზოგადოება გვქვია, კანონის ტექსტებთან ერთად საკუთარი ღირებულებებიც უნდა შევამოწმოთ. უნდა დავფიქრდეთ: რა გვიხარია, რა გვართობს და რის ხარჯზე ვიღებთ სიამოვნებას?
რადგან საზოგადოების სახე იმით კი არ იზომება, რას კრძალავს ფურცელზე კანონი, არამედ იმით, რას უყურებს აღფრთოვანებული თვალებით.“
















კომენტარები