ისტორიკოსი ბექა კობახიძე:
,,ვარდების რევოლუციის მიმდინარეობისას ივანოვის ვიზიტი ორ მიზანს ისახავდა:
1. ვარდების რევოლუცია თავისთავად ხდებოდა, როგორც ქართული მოვლენა, ყოველგვარი რუსული გავლენის გარეშე. რუსებს არც მის მოხდენასა და არც თავიდან არიდებაზე გავლენა არ ჰქონდათ, რაც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამიტომ, რუსებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და შეეცადნენ სურათის შექმნას, რომ თითქოს მათი “ლოცვა-კურთხევით” მიმდინარეობდა ეს პროცესები;
2. რუსეთში შევარდნაძეს უყურებდნენ, როგორც მოღალატეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სსრკ-ს დანგრევაში. შევარდნაძეზე დიდი როლი ცხადია გორბაჩოვმა ითამაშა, მაგრამ გორბაჩოვი რუსი იყო, ხოლო შევარდნაძე “ინაროდეცი”, რომელიც, მათი რწმენით, კი არ შეცდა, არამედ საგანგებოდ უმუხთლა მატუშკა რასიას, როგორც ქართველმა.
ამ მხრივ მას განსაკუთრებით ვერ იტანდნენ რუსი ძალოვნები, ხოლო საგარეო პოლიტიკაში პირადი მტრობა ჰქონდა ევგენი პრიმაკოვთან.
ამიტომ, რუსებს უხაროდათ მისი დასჯა.
მე აქ არ ვაფასებ ვინ იყო და რა იყო შევარდნაძე, მე იმას ვამბობ თუ როგორ უყურებდნენ მას რუსეთში.
ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია თბილისში ივანოვის ვიზიტი.
ამერიკელებს 1990 და 1991 წლებში არ სურდათ სსრკ-ს დაშლა, რადგან ეშინოდათ და თან თავიანთ მეგობარ გორბაჩოვსაც აფარებდნენ ხელს.
ასევე არ უნდოდათ 2003 წლის რევოლუცია, კონკრეტულად რევოლუციის მიმდინარე ეტაპზე. შევარდაძეს არ წირავდნენ. ამას არამხოლოდ რევოლუციის ლიდერები ამბობდნენ, არამედ ამერიკის მაშინდელი ელჩის, რიჩარდ მაილსისგან პირადადაც მაქვს ეს მოსმენილი. თუმცა, შევარდნაძეს ეგონა, რომ ამ მოვლენების უკან ამერიკელები იდგნენ. რომ მოხდა რევოლუცია, შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ შეიყვარა ის, მაგრამ რეალობა სხვა იყო 2003 წლის ნოემბერში.
თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს.
არც მიხეილ სააკაშვილს უთქვამს რამე სხვა თავის პოსტში, მაგრამ მისი სხვანაირად დაწერა ან საერთოდ არ დაწერაც შეიძლებოდა.“











კომენტარები