პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
🏫 მეექვსე ქართულ-გერმანული გიმნაზია ჩვენი იდენტობის ნაწილია, ჩვენ “მეექვსელები” ვართ, ერთგვარ ორდენს მივეკუთვნებით, მიუხედავად ჩვენი ასაკისა თუ სხვა მახასიათებლებისა.
🔴 რა ნიშანი გამოარჩევთ ჩვენი ორდენის წევრებს, ამაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ.
მხოლოდ ერთს აღვნიშნავ – ჩვენ ვსწავლობდით საქართველოს და გერმანიის პრიზმიდან შევიმეცნებდით ევროპულ სივრცესა და თანამეგობრობას. ჩვენს მასწავლებლებს უნდოდათ, რომ გვცოდნოდა, გვყვარებოდა ჩვენთვის ყველაზე ახლობელი – ქართული ენა, ლიტერატურა, ჩვენი ქვეყნის ისტორია და გეოგრაფია, მაგრამ ამავდროულად შეგვესწავლა შორეული გერმანია, გაგვეთვალისწინებინა მისი გამოცდილება, დაგვეწყო სწრაფვა გერმანული და ევროპული სამყაროს მიღწევებისკენ… და ამგვარად უკეთესი გაგვეხადა ჩვენი მშობლიური ქვეყანა. ჩვენ სახელმწიფო სკოლაში ვსწავლობდით, ოღონდ საავტორო პროგრამით და ამგვარად ვერ გვჩაგრავდა ვერც ერთი კერძო სკოლა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ 21-ე სკოლის ნგრევა, დასუსტება, გაფანტვა, უსახლკაროდ დატოვება მხოლოდ ჩვეულებრივი საჯარო სკოლის განადგურება არ არის (ესეც უდიდესი ტრაგედიაა!). ამ სასწავლებლის ქუჩაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გულში მახვილს უყრის მეექვსე სკოლის იდეის უკანასკენელ ნაწილაკებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალია პეტრიაშვილის ქუჩაზე. ეს ნიშნავს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ხიდისთვის ყველაზე მყარი საყრდენის გამოცლას.
🔴 დავანებოთ თავი დიდ საკითხებს და ტექნიკურ დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება:
1. რატომ მივიდა აქამდე საქმე? შენობა, რომელშიც 1200 მოსწავლე სწავლობს, როგორ მივიდა ავარიულ, გამოუვალ მდგომარეობდამდე? ვთქვათ, დღეს ავარიულობის ხარისხი მესამე კატეგორიისაა, მანამდე ხომ იყო მეორე კატეგორიის დაზიანება, პირველი კატეგორიის დაზიანება… სანამ საქმე ნგრევის აუცილებლობამდე მივიდოდა, მანამდე ვინმემ ხმა ამოიღო? ვინმემ შეისწავლა საქმე? განათლების სამინისტრომ არ უნდა იცოდეს უდიდესი ისტორიის მქონე სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა? ქალაქის შუაგულში თავზე გვენგრევა თურმე სკოლის შენობები და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება პერიფერიაში, საიდანაც ხმის მოწვდენა ათჯერ უფრო რთულია…
2. ჩვენს სკოლას რამდენიმე წლის წინ გაუვლია ავტორიზაცია… მაშინ რაიმე ითქვა იმის შესახებ, რომ გარემო საფრთხის შემცველი იყო მოსწავლეებისათვის? მაშინ არ ჩანდა ნიშნები, რომ სულ ცოტა ხანში შენობა დასანგრევი გახდებოდა?
3. თუ სამხარაულის ბიუროში ჰქონდათ მასალები გაგზავნილი, სკოლის ადმინისტრაციას და სამეურვეო საბჭოს (წლების წინ ვიყავი ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და მაშინდელი პრაქტიკები კატასტროფული იყო) სწავლის დაწყებამდე ორი-სამი თვით ადრე არ უნდა მოეთხოვა ექსპერტიზის პასუხები, რათა გამოსავალზე ფიქრი დროულად დაეწყოთ? რა უბედურებაა კატასტროფის აღმოჩენა სწავლის დაწყების შემდეგ და გამოსავლის ძიება სწავლის დაწყების შემდეგ!
4. ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს ეშინიათ!
ამასწინათ, მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულმა (რომელიც ორდენის წევრი არასდროს ყოფილა მისი შეზღუდულობის გამო) – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსები უნდა გაიყიდოსო… ბოლო 20 წელია ქალაქის ცენტრში ყველაფერს ანგრევენ, ანგრევენ სახლებს, ისტორიულ შენობებს, ფუნქციას უცვლიან საჯარო სკოლებს, უნივერსიტეტებს… ყველაფერი, რაც ამ ქალაქის ისტორიისა და ტრადიციის ნაწილია, ინგრევა ან განიდევნება ქალაქის ცენტრიდან და მის ადგილს ტოტალიზატორები, რესტორნები, სასტუმროები და კორპორატიული სივრცეები იკავებენ.
თუ ფილოსოფიის ინსტიტუტში კაზინო “ჟუილი” გაიხსნა, რატომ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ჩვენი სკოლის ადგილზე მორიგ “ტრამპტაუერს” ჩადგამენ?
✊️ სოლიდარობა მეექვსე სკოლას!
❌️ არა ნგრევას!
🤝 ყველა სკოლაში სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ალუმნი საზოგადოება, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენს სასწავლებლებს მივეხმაროთ!P.S. მადლობა გოტას, რომ დღეს ადგილზე მივიდა.











კომენტარები