ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, 16 ივნისს ზურაბიშვილის დაანონსებული აქცია იმართება, 20 ივნისს ევროკავშირის მომხრეები დიდ აქციას გეგმავენ და პარალელურად იგეგმება ევროკავშირის მოწინააღდეგეთა კონტრ-აქცია. თუ ორივე აქცია გაიმართა, როგორ ფიქრობთ, საქმე დაპირისპირებამდე მივა?
– შესაძლებელია მივიდეს, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ აქციების სათანადო დონეზე ჩატარებას. 23-24 ივნისს უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი, მოგვანიჭებენ თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის პრეზიდენტი. ახლა როგორია, ამ დღეს ჩვენ აქციებითა და კონტრაქციებით, ურთიერთდაპირისპირებით შევხდეთ და შესაძლოა, ცემა-ტყეპითაც. ჩვენ რამენაირად უნდა მივაღწიოთ, ევროპარლმენტის ამ უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, დამატებით არ გავაჩინოთ კითხვის ნიშნები, ჩვენმა დაპირისპირებებმა და ურთიერთბრალდებებმა კიდევ არ გაართულოს არსებული ვითარება. სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია ჩვენი ერთიანობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ, ასევე 20 ივნისს გასამართი აქციაც უნდა იქცეს ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ნების გამოხატულებად. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ყველა ერთ აზრზე იყოს, მაგრამ ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. მინიმუმ, ხელი არ უნდა შეუშალონ განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა სააბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი ჩვენი წინაპრების ბრძოლას. ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ჩვენი წინაპარი დაეცა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ იდეას. ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ფაქტია ჩვენს თაობას, მათი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის რეალური შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კრემლის რბილი ძალის წინააღმდეგობა. თუ ქართულმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია კრემლს, მის რბილ ძალას საქართველოში, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ ევროპის ღირსები. ვინ ვინ არის, ყველამ იცის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ამ მართულ ძალებს, რომ წაართვან ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი შანსი.
– ჩვენ თავის დროზე რომ ლუსტრაციის კანონი მიგვეღო, საბჭოთა კავშირის კგბ-სთან ასოცირებულ პერსონებს, პარტიულ ნომენკლატურას აკრძალვოდა პოლიტიკაში ყოფნა და ხელისუფლებაში მაღალი პოსტების დაკავება, ამ დღეში ვიქნებოდით?
– კარგი იქნებოდა ლუსტრაციის კანონის მიღება. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა, ნიღაბი ჩამოხადა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტურას საქართველოში, ესეც ფაქტია. უჯობესია, ახლა თავი დავანებოთ ყველაფერს, წუწუნს, წარსულზე საუბარს, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა პუტინისათვის მაამებლური განცხადებებით აპელირებას, პოლიტიკური და ყველა ამბიცია დროებით გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთ, რათა მსოფლიოს წინაშე ღირსეულად გამოვჩნდეთ, ეჭვის ნატამალი არ დარჩეს ვინმეს, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს მომავალს უზრუნველყოფს, ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა და ევროპაში ჩვენი დაფუძნება და ყველანი ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.
– გეთანხმებით, რომ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ გვაქვს საამისო რესურსი? ეს პრორუსი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომლებიც რუსეთისკენ მიგვაქანებენ, არც ისე ცოტანი არიან.
-სამწუხაროდ, კრემლის დავალებების შემსრულებლები მრავლად არიან ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, საზოგადოებაში… ისინი, ცხადია, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ შეუერთდებიან და არ გაერთიანდებიან, მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და ამ პოზიციის დაფიქსირებით, მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი და ჩვენ ამ საკითხში შეგვიძლია გაერთიანება. ვინც ამ მოწოდების, ამ ზეპარტიული იდეის წინააღმდეგ წავა, მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ნათელი გახდება მთელი საზოგადოებისთვის. მე არც კი ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფი გაერთიანდება, მაგრამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და დაანახონ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ევროპიკენ მიმავალი გზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.
კომენტარები