21 ნოემბერს ოპოზიიცის მადისკრედიტირებელმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანი (არქივი) აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, სავარაუდოდ ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად “პლანზე, 1 გრამიანებზე” მუშაობის დაწყება. ვიდეოს თან ერთვის კომენტარი “ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან”.

22 ნოემბერს ტიკტოკ გვერდზე “DaDash Pirveli” გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ შედის კორპუსის სადარბაზოში კაცი და გაზის მრიცხველებთან იხრება. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: “არ ვარო ხო ბარგინგაო თორნიკე რაზმაძემ?”

22 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა განულებული ოპოზიცია გამოაქვეყნა თორნიკე რაზმაძის ფოტო მგლოვიარე, შავებში შემოსილ ქალთან ერთად, რომლის იდენტიფიცირება გავრცელებული ვიზუალით შეუძლებელია, წარწერით “ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა: “თორნიკე რაზმაძის მსგავსმა ბარიგებმა შეიწირეს ჩემი შვილი”. პოსტის აღწერაში დაკონკრეტებულია, რომ საუბარია დავით ბუაჩიძის დედის ემოციურ წერილზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ არის მითითებული არც წერილის ავტორის ვინაობა, არც პოსტის ლინკი.

ფეისბუქსა და ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოები, სადაც თორნიკე რაზმაძე 1. ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს; 2. კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები. მესამე პოსტი, რომელსაც ანონიმური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს, მტკიცებულების გარეშეა და მისი ღია წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
ანონიმური ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს გადამოწმების შედეგად შემდეგი გარემოებები იკვეთება:
- თორნიკე რაზმაძის მეტყველება შენელებული და მისი რეალური ხმის ტემბრისგან განსხვავებულია.
- ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვერსიაში სახეზე მარცხენა თვალთან ჩანს ხალი, რაც ავთენტურ ვიდეოსთან შეუსაბამოა.
- თვალშისაცემია ტუჩების დისპროპორციაც და უძრავი მიმიკა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვერსიაზე იკვეთება.

“პოლიტიკანის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო InVID-ის თანახმად, 96%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოშედარებით მოკლე და დაბალი რეზოლუციის არის. ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანის სახე სრულყოფილად არცერთ კადრში არ ჩანს, რაც მის იდენტიფიცირებას ართულებს. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო Sightengine-ით გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ვიდეოც 77%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია.

რაც შეეხება “განულებული ოპოზიციის” მიერ გამოაქვეყნებულ პოსტს, ის მტკიცებულებების გარეშეა, რადგან არ არის დაკონკრეტებული დედის სახელი, რომელიც შვილის ნარკოტიკებით გარდაცვალებაში თორნიკე რაზმაძეს ადანაშაულებს, არც სოციალური მედიის პოსტის ლინკია მითითებული. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია დავით ბუაჩიძის ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ერთიანობაში სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები და ფეისბუქ პოსტი თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათზე მიანიშნებს. ანონიმური ფეისბუქ გვერდები “განულებული ოპოზიცია” და “პოლიტიკანი” ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული; ისევე როგორც ტიკ ტოკ გვერდი DaDash Pirveli.
(R)











კომენტარები