“სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე – საქართველოს წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული საქმე დასაშვებად ცნო, ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა და მთავრობას €16 000-მდე დააკისრა.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას.
სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა.
განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ დასკვნაში ხაზს უსვამს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი.
სტრასბურგი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სამი განმცხადებლიდან თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაავალდებულა. ამას გარდა, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის, საჩივრის შეტანასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, დამატებით 9 812 ევროს, ჯამში €16 000-მდე გადახდა დაეკისრა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები