პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მიმდინარე დისკუსია სტატუსის ავკარგიანობის შესახებ ნათლად ავლენს ქართული პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობას. თავისი ისტერიულობით იგი ემსაგავსება პარლამენტის ბოიკოტისა და შარლ-მიშელის პროცესის წინააღმდეგ გალაშქრების ცნობილ ისტორიას, რომელმაც ძალიან დააზიანა ოპოზიცია და მნიშვნელოვნად დააკნინა მისი როლი პარლამენტში.
სხვათაშორის, არა თუ სტატუსის მიღება, არამედ მასზე საუბარიც კი აბსურდული იქნებოდა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის პარლამენტში ოპოზიცია არ იქნებოდა წარმოდგენილი.
სტატუსის ირგვლივ გამართულ კამათში ისეთი თემებიც ამოტივტიდა, რომელიც არახალია და ბევრჯერ შეუშლია ხელი ოპოზიციისათვის უფრო მომზადებული და მომძლავრებული შეხვედროდა არჩევნებს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული თემაა არჩევნების ბოიკოტი ( რომელიც საბოლოოდ ბოიკოტით არ მთავრდება ხოლმე). ლეგიტიმურობის საკითხის წამოწევა სხვას არაფერს ნიშნავს. მსგავსი თემები ყოველთვის ხდებოდა ოპოზიციაში განხეთქილების ჩამოგდების საფუძველი.
სტატუსის ირგვლივ პოზიციის განსაზღვარა იმის მიხედვით, თუ ვის მეტ სარგებელს მოუტანს იგი, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, არის ყველაზე დიდი შეცდომა. სტატუსი სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ხალხი (ამომრჩეველი) ყველაზე კარგად აცნობიერებს ამას.“
კომენტარები