ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:
სტალინის მიერ რეპრესირებული პატარები: კოლპინოს ბავშვთა კოლონია და ბოროტების იმპერიის ყველაზე შავბნელი კანონი
1935 წლის 7 აპრილს საბჭოთა კავშირში ძალაში შევიდა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს ერთობლივი დადგენილება N73/164, რომელმაც საბჭოთა იურიდიულ პრაქტიკაში უპრეცედენტო, უსასტიკესი, სრულიად არაადამიანური ნორმა დაამკვიდრა. კანონის თანახმად, 12 წლის ასაკს მიღწეულ მოზარდებს ზრდასრულების ტოლფარდი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ — მათ შორის, სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის (დახვრეტის) გამოყენების უფლებით.
ამ დეკრეტმა საფუძველი ჩაუყარა გულაგის სისტემაში სრულიად ახალი, სპეციფიკური ინფრასტრუქტურის შექმნას — ბავშვთა შრომით-გამასწორებელი კოლონიების ქსელს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასტიკი კოლპინოს ბავშვთა შრომითი კოლონია გახდა.
1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანების დასაწყისში გატარებულმა იძულებითმა კოლექტივიზაციამ, „დეკულაკიზაციამ“ და შიმშილობამ (ჰოლოდომორმა) მილიონობით ოჯახი გაანადგურა. შედეგად, საბჭოთა ქალაქები წალეკა მიუსაფარ, ობოლ და მშიერ ბავშვთა ტალღამ.
სისტემამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო ამ ბავშვების სოციალური რეაბილიტაცია, პრობლემის მოგვარება უმარტივესი გზით — სისხლისსამართლებრივი ტერორით გადაწყვიტა.
12 წლის ბავშვებს გასამართლება ემუქრებოდათ ქურდობის, ძალადობის, სხეულის დაზიანებისა და „პოლიტიკური მავნებლობისთვისაც“ კი.
თითქმის საუკუნის შემდეგ გახსნილმა არქივებმა დაადასტურა, რომ 1935 წლის დეკრეტი მხოლოდ დაშინების იარაღი არ ყოფილა — მრავლად არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები 13-16 წლის მოზარდების დახვრეტის შესახებ.
ბავშვთა კოლონიებში მასობრივად ხვდებოდნენ რეპრესირებული მშობლების შვილებიც, რომლებსაც ავტომატურად ენიჭებოდათ „სოციალურად საშიში ელემენტების“ სტატუსი.
ლენინგრადთან ახლოს, კოლპინოში მდებარე ბავშვთა შრომითი კოლონია ენკავედეს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის) პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ეს იყო გულაგის შემცირებული, მაგრამ არანაკლებ სასტიკი ასლი.
12-დან 16 წლამდე მოზარდებს აიძულებდნენ, 8-10-საათიანი ცვლებით ემუშავათ მძიმე ინდუსტრიულ საწარმოებში, დაზგებთან, ლითონდამუშავებასა და მშენებლობებზე.
კოლონიაში მოქმედებდა გულაგის კლასიკური პრინციპი — „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბავშვებს უმცირებდნენ კვების რაციონს ან არ აძლევდნენ საკვებს, რასაც ისინი სრულ ფიზიკურ გამოფიტვამდე მიჰყავდა.
მცირე გადაცდომის, იარაღის/ინსტრუმენტის გაფუჭების ან გაქცევის მცდელობისთვის მოზარდებს საჯარიმო იზოლატორებში სვამდნენ, სადაც ყინვასა და შიმშილს მრავალი მათგანი ვერ უძლებდა. პატარები აქ პანტაპუნტით იხოცებოდნენ.
ენკავედეს შიდა უწყებრივი ანგარიშები მოწმობს, რომ ბავშვთა კოლონიებში კატასტროფული მდგომარეობა სუფევდა: ტუბერკულოზი, დისტროფია, ტრავმატიზმი და ინფექციური დაავადებები კოლპინოსა და სხვა მსგავს კოლონიებში ყოველდღიურობა იყო, სამედიცინო დახმარება კი პრაქტიკულად არ არსებობდა.
⚙️ ენკავედეს ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა ზრდასრულ ან უფროსი ასაკის სისხლის სამართლის დამნაშავეებს მოზარდების დასამორჩილებლად, რასაც თან სდევდა სისტემური ძალადობა და ჩაგვრა.
სრულწლოვანების მიღწევისთანავე, მოზარდები ავტომატურად გადაჰყავდათ გულაგის ზრდასრულთა ბანაკებში, სადაც მათი შემდგომი კვალი ხშირად საბოლოოდ ქრებოდა.
1935 წლის 7 აპრილის კანონი და კოლპინოს მსგავსი ბავშვთა კოლონიები რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ასპექტს წარმოადგენდა.
იმპერიულმა ტერორმა არათუ გაანადგურა ოჯახის ინსტიტუტი და წაართვა ასიათასობით ბავშვს მომავალი, არამედ თვით სახელმწიფოს მიერ დაობლებულ მოზარდებს საკუთარი შეცდომების, შიმშილისა და რეპრესიების ფასი მათივე სიცოცხლითა და იძულებითი შრომით გადაახდევინა.











კომენტარები