თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ორი ახალი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. აქამდე, ღვანიკეთში 10 დადასტურებული შემთხვევა იყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრებელი არ შემოწმდება.
„ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას, მათ მიეწოდებათ სასურსათო მარაგი, ასევე გაიხსნება აფთიაქი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მედიკამენტით, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების ჩვენი მოსახლეობისთვის“ – განაცხადა შალამბერიძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გუშინ ჩაიკეტა. ადგილზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.
კომენტარები