ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი და ბლოგერი, ირაკლი ჯანყარაშვილი.
– ირაკლი, თავად აჭარელები ამბობენ, აჭარაში ისეთი კლანური მმართელობაა, რომლის მსგავსიც არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილაო.
– კი, მაგ მხრივ მართლა კატასტროფული მდგომარეობაა. გიორგი გახარია როდესაც „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი იყო საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ ბათუმში ჩამოსულმა განაცხადა, დროა, ფულის კეთებას თავი დაანებოთ და ბათუმის ეკონომიკას მივხედოთო. სიტყვა სიტყვად დარჩა. არჩევნების მერე არაფერი შეცვლილა. ბათუმის მერის არჩევნები 2021 წელს, არჩილ ჩიქოვანმა მხოლოდ 1 ხმით მოიგო მეორე ტურში, „ნაცმოძრაობის“კანდიდატი, გიორგი კირთაძე დაამარცხა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩიქოვანის გასამარჯვებლად სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და დამკვირვებლებმა არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს მის სასარგებლოდ, ჩიქოვანს არ შეიძლება ეწოდოს არჩეული მერი. ეს იმიტომ არ მოხდა, რომ „ნაცმოძრაობას“ ბათუმში დიდი მხარდაჭერა აქვს, არამედ იმიტომ, რომ არჩილ ჩიქოვანს არ გააჩნია არანაირი მხრდაჭერა. ჩიქოვანი ერთგულად ემსახურებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს და როგორც ამბობენ, იმ პერიოდში არაერთი უკანონობა აქვს ჩადენილი. 2004-2013 წლამდე სხვადასხვა პერიოდში არჩილ ჩიქოვანი აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ამავე სამმართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2010 წელს არჩილ ჩიქოვანი საქართველოს შს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი იყო. ამავე წელს ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, სადაც 2013 წლამდე იმუშავა. მისი უფროსი იყო ბაჩო ახალაიას პირადი ჯალათი, სამხედრო პოლიციის უფროსი, ამჟამად მსჯავრდებული, მეგის ქარდავა. კარგი იქნება, თუ გაირკვევა, ჩიქოვანის საქმიანობა სამხედრო პოლიციაში. „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას, ყველა არჩევნების წინ, არჩილ ჩიქოვანი ბათუმელებს ემუქრებოდა, ვინც ოპოზიციას ხმას მისცემს, ჯიბებს წამლით ავუვსებ და ციხეში გავუშვებო. 2012 წელს ასევე ციხით ემუქრებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და ბიძინა ივანიშვილს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. 2013–2017 წლებში ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს. 2018 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ ჩაიბარა, ის მთავრობის აპარატის უფროსი გახდა და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა. ცნობილი ფაქტია, რომ რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა და მისი წყალობით გახდა ჯერ მთავრობის აპარატი უფროსი, მერე ბათუმის ვიცე–მერი და ბოლოს, ბათუმის არჩეული მერი. მეგის ქარდავას „ხელის ბიჭს“ ეძახდნენ ჩიქოვანს და დღეს ბათუმში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ჩიქოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის ხულოში, ქედაში, შუახევში შეხვედრების ჩაშლის ორგანიზატორი, „ზონდერჯგუფების“ მეთაური, რომელთაც ივანიშვილის ხალხთან შეხვედრისას პროვოკაციებს აწყობდნენ. 2012 წლის აგვისტოში, ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ჩასული იყო ბიძინა ივანიშვილი, მისი კოალიციის სხვა ლიდერები და გეხსომებათ, „ზონდერებმა“ კინაღამ სცემეს ივანიშვილი, ხალხმა დაიცვა, თორემ იქ დიდი უბედურება მოხდებოდა. იმ „ზონდერებს“, სხვებთან ერთად, არჩილ ჩიქოვანიც მეთაურობდა. მოკლედ, ბათუმში „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ყველაზე დიდი მტერი, დღეს „ქართული ოცნების“ არჩეული მერია. ბევრი დაწერილა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ, რომელიც „ნაცების“ დროს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. 2011 წელს, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ცოტნე ანანიძე დააკავეს, ამ საქმეში ერთ–ერთი მოწმე დავით რიჟვაძე იყო. ცოტნე ანანიძე 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ანანიძის მთელი „დანაშაული“ ის იყო, რომ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ხელმძღვანელობდა საპროტეტსტო აქციას და მოითხოვდა იმჟამინდელი ოპოზიციისთვის ეთერის დათმობას. ასევე, დავით რიჟვაძე, როგორც მოწმე, ფიგურირებს პოლიტპატიმრების, ანზორ სოლომონიძისა და გოჩა მუხაშავრიას სისხლის სამართლის საქმეებში და თან, მათი და ცოტნე ანანიძის დაკავებაში მონაწილეობდა. მოკლედ, დღეს აჭარა არის ყოფილი „ნაცების“ ხელში, თან „ზონდერი“ „ნაცების“ ხელში. დავით რიჟვაძის შვილი, თორნიკე რიჟვაძე არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ სახელმწიფო ტენდერებს მამამისი აკონტროლებს. ზოგადად, აჭარაში სადაც დიდი ფული კეთდება, ყველაფერს უფროსი რიჟვაძე აკონტროლებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძის ქვისლი დავით გაბაიძეა. აქვე რიჟვაძისა და ჩიქოვანის ნათესობა გავიხსენოთ, რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა, და გამოდის, ერთი სანათესაოს ხელშია მთელი მთელი აჭარა. აქვე ვახსენებ ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც „აჭარელი ოლიგარქის“ სახელით არის ცნობილი. ეს კაცი იყო 2008–2012 და 2012–2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“, მერე იყო „ნაცმოძრაობის“ სატელიტი პარტიიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ–ერთი სახე აჭარაში და ამ პარტიის სიით აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. პარტიას პაატა ბურჭულაძე ხელმძვანელობდა და არჩევნებამდე, ფაქტიურად, დაიშალა. ამის მერე, გიორგი კვირიკაშვილმა ანზორ ბოლქვაძე წარადგინა მთიანი აჭარის (ხელვაჩაური–ქედა–შუახევი–ხულო)მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნებიდან“ და მოიგო არჩევნები. მთიანი აჭარაც „ნაციონალს“ ჩაუგდო ხელში „ქართულმა ოცნებამ“. მთიან აჭარაში რომ ახვიდეთ, არც ტურისტული სექტორია განვითარებული, არც სოფლის მეურნეობა,მხოლოდ ის ხალხი ცხოვრობს ნორმალურად, ვინც ანზორ ბოლქვაძესთან არის კარგად, ვინც მის ბიზნესშია დასაქმებული ან მის სხვა და სხვა ბიზნესს პატრონობს რეგიონში .ხულოს რაიონი კი, საიდანაც არის წარმოშობით ბოლქვაძე, მისი სამფლობელოა. ხულოს მუნიციპალიტეტში კაცი არ ინიშნება მისი თანხმობის გარეშე. ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის მდინარებიდან იღებს ინერტულ მასალას, ეს მისი ერთ–ერთი ბიზნესია. ამ ინერტულ მასალებს იღებს და ყიდის უკონტროლოდ, არსებული წესების უგულვებელყოფით და ამაზე ხმას არ იღებს გარემოს დაცვის ადგილობრივი დეპარტამენტი. ხულო და ზოგადად, მთიანი აჭარა ეკომიგრანტებით არის ცნობილი,არაერთი წყალდიდობა ყოფილა იქ. შესაბამისად, უკონტროლოდ მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღება დანაშაულია, ეს წყალდიდობის საფრთხეს ზრდის. ბოლქვაძე ამას ათწლეულებია აკეთებს. ხულოში აქვს ათამდე სამხერხაო და ხე–ტყის ჭრითა და რეალიზაციით არის დაკავებული. ამასაც არსებული ნორმების დარღვევით აკეთებს, რაც ხულოში მეწყერისა და ზვავის საშოშროებას ზრდის. ხულო ანზორ ბოლქვაძის გამო, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.
– რატომ აძლევენ ამდენის უფლებას ანზორ ბოლქვაძეს?
– აჭარაში ერთგვარი სამკუთხედია შეკრული –დავით რიჟვაძე–არჩილ ჩიქოვანი– ანზორ ბოლქვაძე. როგორც ვიცი, შესაბამისი „ატკატები“ მიდი უფროს რიჟვაძესთან ბოლქვაძის მიერ მოგებული ტენდერებიდან და ამიტომ მფარველობს ბოლქვაძეს. შვილს რასაც ეუბნება, იმას აკეთებს. ამ ბოლო დროს ამ სამეულს შორის დაპირისპირება იყო, დავით რიჟვაძეს ორივესთან ჰქონდა კონფლიქტი. ცხადია, ფული და გავლენები იქნებოდა დაპირისპირების მიზეზი. არჩილ ჩიქოვანი ბათუმში სამშნებლო ნებართვებს გასცემს კანონდარღვევით და ბათუმელები ამბობენ, სანაცვლოდ ყველა აშენებულ კორპუსში თითო ბინას აძლევენ დეველოპერული კომპანიებიო. ბათუმის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობს და ესეც არის განუკითხავი მშნებლობის ერთ–ერთი მიზეზი. უამრავი კანონდარღვევაა ბათუმში და არა მხოლოდ სამშენებლო კუთხით, მაგრამ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები ერთ სიუჟეტს არ კეთებენ ჩიქოვანის შესახებ. ვფიქრობ, მან თავისი„ნაციონალური“ წარსული გამოიყენა და მათთანაც და მათი მეშვეობით, ამ ტელევიზიებთანაც დაალაგა ურთიერთობა. ბათუმში სანიაღვრე სისტემებში დაიხარჯა 2 მილიონამდე ლარი და ქალაქი მაინც დატბორილია. ეს საქმეც შესასწავლია, რეალურად რაში დაიხარჯა ეს თანხა. სირცხვილია, რომ „ნაცების“ყოფილი „ზონდერები“ და დეპუტატი განაგებენ დღეს აჭარას. აჭარას, ბათუმს ბევრი უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმის წინააღდეგ. 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები კინაღამ შეაკვდნენ სააკაშვილის „ზონდერებს“ და მათ შორის, ერთი ფეხმძიმე გოგონა, რომელიც სხვებთან ერთად უმოწყალოდ სცემეს. ბევრი დაიჭირეს აჭარიდან, ბევრი გაყარეს საჯარო სამსხურებიდან, ბევრს წაართვეს ბიზნესი და კერძო ქონება „ნაცებთან“დაპირისპირების, ბრძოლის გამო და დღეს ეს ხალხი უყურებს, როგორ დათარეშობენ, გრიალებენ ყოფილი „ნაცები“ აჭარაში, ის ხალხი,ვინც მათ ცხოვრება გაუუბედურა. მათ მთელი რეგიონი როგორ აქვთ ხელში ჩაგდებული და თავის ნებაზე მართავენ. ბათუმს თავზე დაასვეს იმ სტუდენტური აქციის ერთ–ერთი დამრბევი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ხელკეტით დასდევდა სტუდენტებს. რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყვის ვინმე, მთელი „ქართული ოცნება“ დაეტაკება მას და დავით რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი რომ აგინებდნენ ბიძინა ივანიშვილს, მათი გინება ლოცვაა? თან, ირაკლი ჩიქოვანი „ქართული ოცნების“თავმჯდომარეა ბათუმში და რა გარანტია აქვთ ამ პარტიის ლიდერებს, რომ კრიტიკულ მომენტში ჩიქოვანი მათ არ უღალატებს და ისევ „ნაცებთან“ არ გადავა? მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მდიდრდება აჭარაში, აქაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, მხოლოდ ამ კლანის წევრები და მათი ნათესავები, ახლობლები შოულობენ ფულს, ყველა ბიზნესი მათია, სახელმწიფო სამსახურებშიც ისინი არიან დასაქამებულები. „ქართული ოცნება“ თუ ამ გუნდით აპირებს აჭარაში არჩევნების მოგებას, ჩათვალონ, რომ არაფერი გამოუვათ, წააგებენ არჩევნებს. კი, შეიძლება „ნაცზონდერების“ მეშევეობით მართონ რეგიონი, მაგრამ არჩევნებში მათგან გამწარებული ხალხი ხმას არ მისცემს. მით უმეტეს, რომ ხალხს სამართლიანობის აღდგენის ყველა იმედი გადაეწურა.
კომენტარები