ნანა სულავა
„ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ლევან ხაჭაპურიძე, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა აიძულა ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაეტოვებინა საქართველო. ის წარმოშობით დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ ქურთადანაა. სულ ახლახან ლევან ხაჭაპურიძე ამერიკული, ბრიტანული და მათი მოკავშირეების ოცწლიანი ოკუპაციისგან განთავისუფლებული ავღანეთიდან დაბრუნდა თბილისში და, როგორც თავად განაცხადა, მას ჟურნალისტებთან 2015 წლიდან ურთიერთობა არ ჰქონია. მანამდე ლევან ლომისელით იცნობდნენ. ის „ალიას“ დაუკავშირდა და სიტყვასიტყვით გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს (ინტერვიუსების ციკლი სრულად იბეჭდება გაზეთ „ალიაში“)
– ბატონო ლევან, თქვენი მხრიდან აქამდე უცნობმა ბევრმა ფაქტმა ქართველ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ასეულობით კომენტარი გაკეთდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ აზრი გაიყო. ზოგი წერს, აქამდე სად იყო, არჩევნების წინ რომ გამოჩნდაო…
– მე ხალხს არ ვამტყუნებ. ბევრი რომ ეჭვით არის განწყობილი ჩემს მიმართ. დიდ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი: თუ სინამდვილეს სკეპტიციზმის თვალით არ შეხედავ, სიმართლეს და ჭეშმარიტებას ვერასდროს დაინახავო. ყველა სიმართლე სამ ეტაპს გადის: დაცინვას, იგნორს და აღიარებას. ამ 30 წლის განმავლობაში, ქრისტიანული ნათლისღების მისტერიულმა თვალთახედვამ ხალხს გონების თვალი აუხილა და იმედია, აწი არ მოტყუვდებიან. დრომ და ჟამმა თუ არ მოიტანა ბუნებრივად ის სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი, მოქმედებას აზრი არ აქვს. სხვა შემთხვევაში დაცინვის ობიექტი გახდები და ხალხის სალანძღავი. ამიტომ შენ თუ არ ხარ ღრმად დარწმუნებული სიმართლეში, სიტყვა არ უნდა თქვა, ხალხი შეცდომაში არ უნდა შეიყვანო. როგორც ზვიადი ბრძანებდა, „ყველაზე დიდი ცოდვა საკუთარი ერისა და ხალხის მოტყუებააო“. ქრისტიანი ადამიანი ორი სახისაა: ერთი – მებრძოლი, მეორე კი – ბრმად შობილი. მე ვცდილობ, მებრძოლი ქრისტიანი ვიყო. ხალხს არ ვამტყუნებ იმაში, რომ უცბად გამომცხვარი პოლიტიკოსის 90 % უშიშროებიდან იმართება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მე ახლად გამომცხვარი კი არა, დიდი სტაჟის მქონე პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ რადგან ჩემზე ეს ეჭვი გაჩნდა, რომ თითქოს სტიქიურად მოვევლინე დღევანდელ „გასაოცარ დემოკრატიას“, მაშინ, როცა თქვენნაირ მოუსყიდველ ჟურნალისტს ვაძლევ ინტერვიუს, უმჯობესია, ჩემს შესახებ მეტი იცოდეთ თქვენც და თქვენმა მკითხველმაც. თუმცა საკუთარ თავზე საუბარი ჩემი სტილი არ არის.
დავიბადე 1969 წლის 26 აპრილს, სამაჩაბლოში, სოფელ ქურთაში. 1986 წელს დავამთავრე ქურთას საშუალო სკოლა. ცხინვალის მე-4 ქართულ სკოლაში მივიღე მუსიკალური განათლება, კარგად ვუკრავ აკორდეონზე, 1987-1989 წლებში ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, სარაკეტო ბრიგადაში. ჯარიდან ჩამოსვლისთანავე, 1989 წელს ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩავები. 1989 წლის 23 ნოემბერს ცხინვალთან ცნობილი აქციის შემდეგ, სამაჩაბლოელმა ქალბატონებმა მაშინდელი პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობასთან აქცია დაიწყეს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების და როკის გვირაბის დაკეტვის მოთხოვნით. ამ აქციას დედაჩემი ხელმძღვანელობდა. მე მაშინ ვემზადებოდი უნივერსიტეტში ჩასარიცხად. საღამოს კი აქციის მონაწილეებს ვუერთდებოდი. აი, სწორედ მაშინ გავიცანი ზვიად გამსახურდია და მისი მეუღლე მანანა არჩვაძე. მაშინ აქციამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ერთ საღამოსაც ქალბატონმა მანანამ სთხოვა დედაჩემს, მანანას, რომ ზვიადი მარტო არ სადილობს ხოლმე, კარგი მოზელილი ლობიო მაქვს, ლევანი წავიყვანოთ და წავიდეთო. იმ საღამოს დავახლოვდით მე და ზვიადი.
-მაშინ თქვენ რამდენი წლის იყავით?
– მე ოცი წლის ვიყავი, ზვიადი – 50-მდე. 21 წლის უკვე უნივერსიტეტში მოვეწყე ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაშინ გახდა ზვიადი პრეზიდენტი. მასთან შესახვედრად ხშირად ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრთან მერაბ მინდიაშვილთან ერთად მივდიოდი. ეს ის მერაბ მინდიაშვილი იყო, რომელსაც მეტსახელად „ვიროს“ ეძახდნენ, რომელიც ოსებმა 1991 წლის იანვრის თვეში ხეზე მიაბეს და დაწვეს. მერაბის პაპა ილია და ბებიაჩემი თამარი და-ძმა იყვნენ. მერაბ მინდიაშვილის სიკვდილის შემდეგ ზვიადი გვერდიდან არ მიშორებდა. ერთხელ ნოდარ ნათაძის „სახალხო ფრონტის“ ბიჭები დამიკავშირდნენ, რომლებიც, როგორც გაირკვა, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ბიჭების დახმარებით, ტყვია-წამალს ყიდულობდნენ განჯის საავიაციო პოლკიდან.
- ნოდარ ნათაძის ბიჭებს ტყვია-წამალი რისთვის უნდოდათ?
– ნოდარ ნათაძემ შეიარაღებული დაჯგუფება „იმედი“ შექმნა. ეს მაშინ შეიქმნა „მხედრიონის“ პარალელურად. პუტჩის დროს „იმედი“ გაიყო, 30 პროცენტი დადგა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, ხოლო 70 პროცენტი პუტჩისტებს შეუერთდა. როგორც გიორგი ჭანტურიას ორასკაციანი დაჯგუფება იყო დაუნდობელი, ისე იყო ის 70 პროცენტი დაუნდობელი ნოდარ ნათაძის სახალხო ფრონტიდან და მერე, როცა იარაღი შემოაკლდათ, კიტოვანმა და ყარყარაშვილმა რუსებს სთხოვეს იარაღი, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. და ამ იარაღს წინ მიუძღოდნენ თენგიზ კიტოვანი, გელა ლანჩავა და, სამწუხაროდ, ბიძაჩემი ვაჟა ხაჭაპურიძე. ეს ყველაფერი მერე მიამბო იმელის შენობაში გელა ლანჩავამ, როცა ის იყო კომენდანტი. ლანჩავას მოადგილე იყო ვინმე გაბუნია, სახელი არ მახსენდება. დავაკონკრეტებ, ერთ ოთახში იმელის შენობაში ისხდნენ ლანჩავა, გაბუნია და ხაჭაპურიძე. მაშინ ჩვენ რუსთაველზე შემთხვევით შეგვხვდა ბიძაჩემი ვაჟა ხაჭაპურიძე. მე ჩემს ძმასთან, ჰამლეტთან ერთად ვიყავი. ჩვენ სტუდქალაქში ერთად ვცხოვრობდით. ვაჟა ხაჭაპურიძემ დამცინავად გვითხრა, თქვენმა ზვიადმა მოგცათ იარაღი, მასთან რომ დადიოდითო? არ მესიამოვნა მისი ირონიით დასმული კითხვა, ვუთხარი, არა-მეთქი. მან მითხრა, მე მოგცემთო.
– ბატონო ლევან, ვაჟა ხაჭაპურიძე ხშირად დადიოდა საქართველოს რესპუბლიკის რედაქციაში, კერძოდ, ჩემს ოთახში, ჟურნალისტ მარადი ანასაშვილთან და ხშირად იბეჭდებოდა თქვენი ბიძის შესახებ კარგი წერილები.
– უი, ქალბატონო ნანა, სად მუშაობდით, თურმე. ჟურნალისტი მარადი ანასაშვილი ბიძაჩემმა ვაჟა ხაჭაპურიძემ გამაცნო.
– რატომ?
– ის შევარდნაძის გაზეთში „მშვიდობა ყოველთა“ მუშაობდა პარალელურად. იმ მოტივით შემახვედრა ანასაშვილს ბიძაჩემმა, რომ პატრიარქს უნდოდა ისეთი პიროვნება, ვინც ირანელ ჩრდილოქართველებს ჩამოუყვანდა საქართველოში. მარადი ანასაშვილმა შემახვედრა პატრიარქს და ასე გავიცანი ეს ჟურნალისტი. დავუბრუნდეთ თემას. როცა ვაჟამ შეგვიყვანა მე და ჩემი ძმა ჰამლეტი იმელის შენობაში, პირველ სართულზე დიდი ოთახი იყო, სადაც ზემოთ დასახელებულ ვაჟბატონებთან ერთად იჯდა ვაჟა ადამია. ეს ოთახი გაძეძგილი იყო ყუმბარმტყორცნებითა და ტყვია-წამლით. მე და ჰამლეტს ელდა გვეცა. როცა ვაჟა ხაჭაპურიძე პუტჩისტების გარემოცვაში დავინახეთ. გულში ვფიქრობდით, მე და ჩემი ძმა, ეს რომ გვცოდნოდა, რომ პუტჩისტებთან შევდიოდით, ჩემს ბიძასთან ერთად ყველას მივასიკვდილებდით. ამის შემდეგ ვაჟა ხაჭაპურიძე ლიახვის ხეობაში არ შეგვიშვია, მიუხედავად იმისა, რომ ის გორის გუბერნატორი იყო და, შევარდნაძეს ჩემი დაჭერა რომ უნდოდა ხეობაში, ვაჟა კაცურად დამიდგა მაშინ გვერდით. ის არ შემიძლია დავივიწყო, რომ ბალუაშვილს და კვირაიას სულ კეთილები აგინა. კიდევ ბევრ დეტალზე მითხრა ჩვენი რეგიონის მილიციის უფროსმა და ისიც დასძინა, ბიძაშენი ვაჟა ხაჭაპურიძე კაცი ყოფილაო. როცა ჩემზე არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა, მას ჩემზე უთქვამს, ის ჩემი ახლო ნათესავია, კაცურად იცავს ხეობას, ღმერთმა გაუმარჯოს და ვინც მაგას შეეხება ცუდად, ჩემთან ექნება საქმეო. მოკლედ, ამ შემთხვევაში ის მართლაც კაცურად მოიქცა, მაგრამ ჩემზე ხომ არ არის ლაპარაკი, სამშობლოზეა ლაპარაკი. სამშობლოს ხომ უღალატა! დღემდე ვცდილობ, გამოვისყიდო ის დანაშაული, რაც ჩემმა სისხლმა და ხორცმა ჩაიდინა, რათა ჩემს გვარს სამუდამო წყევლა ავაცილო, რადგან თითოეული გვარის წყევლა იმ გვარის წევრის დანაშაულია. აბა, დააკვირდით, ქალბატონო ნანა, მამა გაბრიელს დღეს რომ ასე ყველა ეთაყვანება, ეს იმიტომ არის, რომ როცა მამამისი ეკლესიებს ანგრევდა, სულმნათმა რამხელა ტანჯვა-წამება იტვირთა და გამოისყიდა გვარის დანაშაული. საუბარია იმ კაცზე, ჩემს სისხლზე და ხორცზე, ვაჟა ხაჭაპურიძეზე, რომელმაც ჩემთან განაცხადა, რუს ჯარისკაცებს მივეცით დიდი ფული, რომ ტექნიკაზე რუსები დაესვათ გადატრიალების დროსო. და ეს მაშინ გავიგეთ, საერთოდ, რა ფული დარიგდა, როგორ დარიგდა, იმ დღეს გავიგეთ მე და ჩემმა ძმამ იმელის შენობაში.
– კი მაგრამ, ბატონო ლევან, თქვენ კონსტიტუციურ ხელისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტს კი იცავდით, მაგრამ ტყვია-წამალს ეზიდებოდით აზერბაიჯანიდან, ეს არ იცოდნენ პუტჩისტებმა?
– არ იცოდნენ. ამას არავისთან ვამბობდი. ეს იცოდა მხოლოდ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ვიწრო გარემოცვამ, საიდანაც მოგვქონდა ტყვია-წამალი, თათრების ავტობუსებში იყო სამალავები. პირველი იარაღი პუტჩისტებს ნათაძემ მიუტანა. ერთ პარტიაზე 400 ცალი ერგე-42 ლიმონკა ჰქონდა წამოღებული და უკლებლივ მიაწოდა პუტჩისტებს ნოდარ ნათაძემ… საუბედუროდ, ასე იყო. მერე კი მოინანია ნათაძემ. იმასაც ვიტყვი, იმიტომ მოინანია, რომ მამით იყო ქართველი, დედით კი – რუსი და ქართულმა გენმა გადაძალა. მე პირადად მაქვს ნათქვამი ნოდარ ნათაძისთვის, რომ ის იყო პირველი პუტჩისტი.
– რა გიპასუხათ?
– გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ის დიდ სინანულში იყო. გვიან მიხვდა, რომ მის მიერ შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფება „იმედი“ უშიშროებიდან იყო მართული. მაშინ გაიყო შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ ტყვია-წამალი სამაჩაბლოს დასაცავად გვინდოდა. ამიტომ შსს იქნებოდა თუ თავდაცვა, პერიოდულად გვაძლევდა. დიდი ლიახვის ხეობას მე და ჩემი ბიჭები ვიცავდით. და იქ ვერც მხედრიონმა და ვერც ვერანაირმა დაჯგუფებამ გაბედა შემოსვლა. შევარდნაძეს არაერთხელ ვასროლინეთ კუდით ქვა, ეს არაერთხელ აღვნიშნე. პატარა ლიახვის ხეობას მოღალატე, გვარგადაკეთებული ვაჟა ადამია და მისი ბანდა იცავდა. მე მივედი ზვიადთან და ავუხსენი, რომ განჯის საბჭოთა ავიაბაზა მალე აპირებდა ამ ტერიტორიის დატოვებას და ტყვია-წამალს და იარაღს იაფად ყიდდნენ. ზვიადმა გამაგზავნა კომისიაში, რომელიც იძლეოდა თანხას იარაღის შესაძენად. ეს კომისია იყო უზენაესი საბჭოს შენობაში, მეორე სართულზე, სიმონ ხელაშვილის კაბინეტში. კომისიაში იყვნენ: გურამ აბსანძე, ტარიელ გელანტია, ბესო ქუთათელაძე და თავად სიმონ ხელაშვილი. მათ გამომიყვეს 24 ათასი მანეთი, წავედი, ჩამოვიტანე და მას შემდეგ პერიოდულად ვეზიდებოდით. ერთხელ, ეს იარაღი ანძაზე ავიტანეთ, მაგრამ როცა ბოლო პარტია ჩამოვიტანე, 25 დეკემბერს, სახელმწიფო გადატრიალება უკვე დაწყებული იყო. ვცდილობდი, იარაღი როგორმე მიმეწოდებინა ბესო ქუთათელაძისთვის, რომ შეგვძლებოდა უზენაესი საბჭოს დაცვა, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა. 28 დეკემბერს კი ბესო ქუთათელაძემ გვიღალატა, გათიშა ანძა და იარაღი ჩააბარა პუტჩისტებს. მე ვერ შევძელი ბუნკერში ჩასვლა. დარჩენილი ტყვია-წამალი სამაჩაბლოში ჩავიტანე. მილიციის უფროსი ჩემი მეგობარი იყო. ვიცავდი სამაჩაბლოს.
– ბატონო ლევან, ერთი კითხვა დამრჩა, რომელიც თავის დროზე ვერ დაგისვით. თქვენ მერაბ მინდიაშვილი ახსენეთ, სამაჩაბლოს გმირი, რომელიც ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში „სამი განზომილება“ ჰყავს მოხსენიებული. იოსელიანი ამბობს, სამაჩაბლოს გმირი „ვირო“ მინდიაშვილი გოგა ხაინდრავამ და მისმა ამფსონებმა თბილისში, რესტორანში, დაათვრეს და ოსებს გადასცეს, ხეზე მიაბეს და დაწვესო, ხოლო ხაინდრავამ ეს ყველაფერი ვიდეოფირზე ასახაო. თქვენ რა პასუხს გასცემთ ამდენი ხნის შემდეგ ჯაბა იოსელიანს?
– არ არის მართალი. ჯაბას წიგნში ბევრი სიმართლე წერია, მაგრამ ბევრი ტყუილიც. მე და მერაბ მინდიაშვილი გარდაცვალებამდე, 1991 წლის 17 მარტს, შევხვდით ბატონ ზვიადს უზენაესი საბჭოს შენობაში. ვუთხარი ყველაფერი ვაჟა ადამიას შესახებ, რაზეც ძალიან გაბრაზდა. ბატონმა ზვიადმა მერაბს უთხრა, რომ ხვალ, 18 მარტს, დღის 14 საათზე, მოდი ჩემთან, ვაჟასაც მოვიყვან და სამაჩაბლოს მომარაგებას მთლიანად შენ ჩაგაბარებო. წამოვედით სამაჩაბლოში, 4.5 ტონიანი ბენზომზიდით. ერედვში მერაბმა მანქანა ბირჟაზე შეგროვილ ხალხთან გააჩერა. ჩვენთან წამოსულ იარაღს რომ ფილტრავთ და მარტო თოფებს უშვებთ დიდი ლიახვის ხეობაში ვაჟა ადამიას მითითებით, ხვალიდან ასე არ იქნება. ხვალ ზვიადს ვხვდები და მე მაძლევს რწმუნებასო. მეორე დღეს, 1991 წლის 18 მარტს, დილის 8 საათზე, „წვერიახოს“ მთაზე აფეთქების ხმა გაისმა და შავი ბოლი ავარდა. როგორც მერე გაირკვა, მერაბი ცოცხლად დაწვეს ოსებმა, ქართველების დაბეზღებით. ცეცხლი ბიჭებს ჩაექროთ, მაგრამ დღესაც შოკში ვარ იმ ფაქტის გამო, იქ ასე ოპერატიულად, წამებში საიდან გაჩნდა გოგა ხაინდრავა? ეს დღემდე გაუგებარია ჩემთვის, ასევე ხეობელებისთვის. ლოგიკას თუ გავყვებით, მერაბის მკვლელობა იყო წინასწარ დაგეგმილი და ხაინდრავა საქმის კურსში იყო. ეს ხდებოდა პუტჩის წინა დღეებში. მანამდე მან ცხინვალში ოსების მიერ დატყვევებული აჩაბეთელი ქართველი ბიჭები ვიდეოზე გადაიღო და მსოფლიოს გააგებინა, რომ თითქოს ქართველებს ჰყავდათ ოსები დაჭერილი, ყველაფერი აჩვენა შებრუნებულად და გაყალბებულად. ის თავისი გადაღებული კადრებით სისტემატიურად აწვდიდა დეზინფორმაციას მთელ მსოფლიოს, თითქოს ამას ყველაფერს ქართველები ჩადიოდნენ. მერე კი მივხვდით, ამას რატომ აკეთებდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიასთვის სახელი გაეტეხა. როდესაც უკვე სააკაშვილის რეჟიმი იყო, 2005 წლის 6 ივლისს, ჩემი ძმა და ბიძაშვილი გაიტაცეს. ხეობაში ჩამოსული ხაინდრავა გავაფრთხილე, არ მჭირდება შენი დახმარება, შენი და ოსი სააკაშვილის დახსნილი არც ძმა მინდა და არც ბიძაშვილი-მეთქი. მაშინ ხაინდრავა მინისტრი იყო. გვერდზე გავიყვანე და პირში ვუთხარი, შენ ტყვიის ღირსი ხარ იმის გამო, რაც ზვიად გამსახურდიას გაუკეთე და ხეობის წინაშე რა დანაშაულიც მიგიძღვის, მაგრამ დღეს სტუმარი ხარ-მეთქი. გავაფრთხილე, რომ ხეობაში აღარ შემოსულიყო.
2005 წლის 19 ივლისს, აჩაბეთთან, გზები გადაკეტილი გვქონდა. მისმა „ჯიპმა“ რომ გაიარა, მე „ნივით“ გავეკიდე, თამარაშენში დავეწიე, გააჩერე-მეთქი, ხელი ამიქნია, თავზე ორი „აბოიმა“ დავაცალე, მაგრამ გამექცა. ხაინდრავა ყველგან იმას ამბობს, ზვიადს იმიტომ ესროლეს, რომ ღირსი იყო, აბა, მე რატომ არ მესროლესო. რა, მე არ ვიყავი, ორი „აბოიმა“ რომ დავაცალე თავზე? მე მაშინ „ნეზავისიმაია გაზეტას“ მივეცი ინტერვიუ, სადაც ვთქვი, კიდევ თუ შემოვა ხეობაში, პირდაპირ შუბლში მივცემ ტვიას-მეთქი.
ბოლოს, გია ვოლსკიმ შეგვარიგა, რადგან აღიარა, ცრემლად დაიღვარა, ეს რა გავაკეთე ზვიადის წინაშეო. გოგა,მე მაშინ გითხარი, თუ ამას გულით ამბობ და ინანიებ, აი, ჩემი ხელი და შენც მომეცი ხელი-მეთქი. ხომ იცი, „ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოკლავ, დააყოვნე“. მე მაშინ შენი ქართველი მამის, ჩემი სეხნიის, ლევანის გამო შემოგირიგდი, მაგრამ მეორე მხარეს, დედის მხარეს… ხომ ხედავ, როგორც კი მის სახელს ახსენებენ ჟურნალისტები შენთან, ისეთი რამ გემართება, როგორც ეშმაკისეულს იესოს ხსენებისას. ჩემი თხოვნაა, ახლა მაინც მოერიო საკუთარ თავს, ნუ იქნები გაორებული, შუაში ნუ იდგები, ან ქრისტიანი იყავი, ან იუდეველი!
კანონიერი ხელისუფლების წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული გურამ ბერუაშვილსაც. მეტსახელად „სიპი“. დღეს ეს მოღალატე ოცნებას ჰყავს ჩახუტებული ერედვის გამგეობაში.
ამ ინტერვიუში არ შეიძლება ერთი ისტორია არ გავიხსენო: როცა 1991 წელს სამაჩაბლოსა და თბილისში დაიძაბა სიტუაცია, სანამ შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყებოდა, ზვიადმა მითხრა, დღეს, სამ საათზე ბიჭები მოიყვანე და ჩემთან კაბინეტში მოდიო. დაახლოებით 30 კაცი შევედით ბატონ ზვიადთან. ვხედავ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გენერლები: პატრიკიევი, მისი მოადგილეები გრეკოვი და ბეპაევი და ორი პოლკოვნიკი პრეზიდენტის მაგიდას არიან შემომსხდარი. მეორე მხარეს კი სხედან ჯონი ფირცხალაიშვილი, დილარ ხაბულიანი და ზვიადი მათ გვერდით ზის. მე და მიშა მაისურაძე გვერდით დაგვსვა. დანარჩენი ბიჭები ფეხზე იდგნენ. ზვიადმა გვითხრა, ილაპარაკეთ, ბიჭებო, როგორ იბრძოდნენ რუსები სამხედრო ტექნიკის შენაერთებით, ჩვენს წინააღმდეგ, ვიდეომასალა მოგვეცითო. იქ გვყავდა მიყვანილი ორივე სამხედრო ნაწილის პროპორშჩიკები, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქართველები.ჩვენ გენერლებს ვუმტკიცებდით, რომ რუსის ჯარი იყო ჩარეული ჩვენს წინააღმდეგ. ტექნიკის, შვეულმფრენის ნომრებიც დავუსახელეთ.
ზვიადი მოგვიტრიალდა და გვითხრა, შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ ამ სცენარის ავტორი არის შევარდნაძე. ყველა უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, სწორედ მისი ხელით ხდება. შევარდნაძეზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლიაო, გვითხრა ზვიადმა. გენერლებმა რომ გაიგეს შევარდნაძის გვარი, დაიბნენ. თავები ჩაღუნეს და თვალებში ვეღარ გვიყურებდნენ. ისევ მოგვიტრიალდა ბატონი ზვიადი, შეხედეთ ამათ თვალებს, რა დღეში არიანო.
ამის შემდეგ როგორ განვითარდა ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები, ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ უმასპინძლა სარდალმა პატრიკეევმა ახალ წელს სიგუას და კიტოვანს. ეს ყველაფერი კარგად უწერია პუტჩისტ დუმბაძეს თავის წიგნში: „თქვენთვის, ბიჭებო“.
შემდეგ იყო სამეგრელოს მოვლენები, სადაც ჩვენ გორის ბატალიონში ვიბრძოდით, შექმნილი გვქონდა სამაჩაბლოს სპეცდანიშნულების ბატალიონი და 30 წლის შემდეგ ზოგიერი სულმოკლე ქართველი, ფსევდოპატრიოტები, რომლებსაც ცხოვრებაში ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ხელებს რომ იშვერენ ჩვენკენ, მათ მივმართავ: გაჩერდნენ მაინც!
ახლა მაინც გაიგოს „ალიას“ მკითხველმა და ქართველმა საზოგადოებამ, საიდან მოვდივარ. თუ ვინმე შეგაწუხებთ, მიეცით ჩემი ტელეფონი: 577 50 97 98. ტელეფონი არასდროს შემიცვლია და 24 საათი ვპასუხობ.
გაგრძელება იქნება
კომენტარები