სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის ციხე, სადაც პაატა ბურჭულაძის დასაკითხად, საღამოს საათებში, ისე მივიდნენ, რომ პაატა ბურჭულაძის ადვოკატი არც კი გააფრთხილეს, ცოტა ხნის წინ დატოვეს.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით სუს-ის თანამშრომლები კითხვებს სვამდნენ იარაღზე, რომელიც მათივე მტკიცებით თბილისთან ახლოს ტყეში დამარხული იპოვეს.
ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, როგორც აგვიხსნეს საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს.
ამასთან, დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი, მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მის მიერ კანონის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები არის უკვე გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ჩვენება, ან ინფორმაცია, რომელსაც იგი მისცემს, მითუმეტეს ასე დაუგეგმავად, ასე უცბად მოსვლით, შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე, ჩვენების მიცემაზე ბურჭულაძემ, მათ შორის სუს-ისთვის განაცხადა უარი.
ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად, თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, ამ მიმართულებით ჩვენ არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ბუნებრივია ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას. თუმცა მადლობა, თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა, რომ მოვასწარი მოსვლა სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავითარი კანონდარღვევის პოტენციალი არ შემიმჩნევია თანამშრომლებში, რისთვისაც ისინი იმსახურებენ ჩვენგან მადლობას.
ბატონ პაატას და მე ამაზე საუბრისთვის თავისუფალი დრო არ გვქონია, თუმცა ჩემი აზრით, ეს არის იმ სპექტაკლის გაგრძელება, რომელსაც “ქართული ოცნება” ცდილობს, ისინი ცდილობენ გარკვეული პუტჩის ძიებას და შექმნეს, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დროს შეიქმნა ექიმების საქმე, მეგრელების საქმე და ა.შ.. ძალიან უპერსპექტივო საქმე არის მდინარაძეს მინდა ვუთხრა, არის სრული სისულელე, მასზე სიცილის გამოწვევის მეტი არაფერი არ შეუძლია – მიხვიდე პაატა ბურჭულაძესთან და კითხო ტყეში იარაღი ხომ არ დამარხა, ეს არის სისულელე წმინდაწყლის. არავითარი რელევანტურობა პაატა ბურჭულაძეს ამ საქმესთან არ აქვს. მე პირადად მგონია, რომ მეს საქმე არის შეთითხნილი, ეჭვი მეპარება, რომ რეალური იყოს, თუმცა როგორც ჩანს “ქართული ოცნების” პროპაგანდონისტული ტელევიზიები აგრძელებენ ამ პიარით კვებას, თავიანთი მომხრეების იმ ნაწილის, რომელსაც მარტივად ატყუებენ. იმედი მაქვს, რომ ყველა თავის დროზე მოეგება გონს.
მე მაქვს ვარაუდი, რომ [ზოდელავასთანაც] იყვნენ შესულები იმიტომ, რომ რამდენიმე გამომძიებელი იმყოფებოდა და განაწილდნენ პატიმრებთან, თუმცა შინაარსი ამ დაკითხვის, მე მას არ ვესწრებოდი და ბუნებრივია არ ვიცი,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით, 4 ოქტომბერს “დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო”.
როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
სუსს იარაღზე ბრიფინგი 5 ოქტომბერს ჰქონდა, იმავე დღესვე აცხადებდა რომ იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორის დაკითხვა მაინც ასე დაგვიანებით და თან სასწრაფოდ, გვიან საღამოს, ადვოკატის გარეშე, დაუგეგმავად დაიწყო.
“ბ.ჭ.-მ იყიდა იარაღი, გადაუღო ვიდეო და ვიდეო შეინახა ტელეფონში” – სუსი
კომენტარები