სახლები დღიურად ერთ-,ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, თუმცა, არც ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა ქალაქის, თუ სოფლის საკურორტო ზონის საუკეთესო ადგილას გქონდეს სახლი და ვერ გააქირავო, რადგან სახლს მხოლოდ ადგილი ვერ აქირავებს. უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია, სისუფთავე, სწორად დარეკლამება და მთავარი – არასოდეს დაპირდე კლიენტს ის, რასაც ვერ დაახვედრებ და ვერ გაუკეთებ, რადგან ყველაზე ცუდი რეკლამა იმედგაცრუებული კლიენტია.
რაც შეეხება რეკლამას, დღეს არ მოვყვები ფასიან რეკლამაზე, ჯერ ერთი მაინც არ დამიჯერებ, გადაწყვეტ, რომ რამე ინტერესი მაქვს და იმიტომ გირჩევ ფასიან რეკლამას და მეორეც, – საკუთარი ფულის დახარჯვა უჩემოდაც კარგად გამოგდის, არა? დღეს მოგიყვები უფასო რეკლამაზე და მაგალითებით გაჩვენებ, როგორ შეიძლება სახლი თავად იყოს საკუთარი თავის რეკლამა.
“სახლი სარკე”
ეს სახლების დღიურად გაქირავების ინდუსტრიის ყველაზე მზარდი და მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა.
ძმებს ესტონეთიდან ძალიან უყვარდათ ბუნება და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ატარებდნენ. აღმოაჩინეს, რომ ბაზარზე სულ ორი სახის არჩევანია – ძველი ხის ქოხები, კომფორტის გარეშე, ცუდი მომსახურებით და ძვირადღირებული ვილები, სადაც საერთოდ გეკარგებოდა ბუნებასთან სიახლოვის განცდა. დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლება შუაგულ ტყეშიც კი, აშენდეს სახლი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტით, ისე, რომ ბუნებასთან ჰარმონიულად იყოს შერწყმული.
მალევე შექმნეს პირველი პროტოტიპი სახლის, რომლის მინიმუმ სამი მხარე სრულად დაფარულია სპეციალური ამრეკლავი მინით. სახლის შიგნიდან სტუმარი ხედავს ირგვლივ ტყეს, მთებს, ცას, გარედან კი, შიგნითა მხარე არ ჩანს და სახლის ფასადი ბუნებას ირეკლავს.
სახლები მზადდება ქარხანაში და მზა სახით გადადის ლოკაციაზე. პირველივე ფოტოების გავრცელებისთანავე პროექტი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. როცა სახლის შიგნიდან შეგიძლია გადაიღო მზის ჩასვლა, ან დათოვლილი მთები, როცა ზღვის ტალღის ანარეკლი შეგიძლია გადაიღო სახლის ფასადზე – როგორც წესი, ამ ფოტოს სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს კლიენტი და მარკეტინგში თითქმის არ გიწევს ფულის გადახდა.
დღეს – შექმნიდან 10 წელში, “სახლი სარკე” მსოფლიოს 40 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული,

რჩევები:
არ გირჩევ დამოუკიდებლად მის გაკეთებას, რადგან ეს არაა მხოლოდ სარკის სახლი, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, იმისთვის რომ სარკის ამრეკლავი ეფექტის გამო, ფრინველები არ შეეჯახნონ, გამოყენებულია სპეციალური, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი ფირები.
მინის ფასადის სახლში ტემპერატურის კონტროლის გარეშე, სათბურში გამომწყვდეული დარჩები, ამიტომ, გამოყენებულია დამცავი შუშები, სადაც ინტეგრირებულია ჭკვიანი კლიმატ-კონტროლი.
მიწისქვეშა, “ჰობიტის” სახლები
ამ სახლების ისტორია უდიდესია და უხსოვარი დროდან იყენებდნენ, თუმცა, რომ არა 1970-იანი წლების გლობალური, ენერგეტიკული კრიზისი თანამედროვე ტურისტულ ინდუსტრიაში შეგვხვდებოდა, თუ არა,- არავინ იცის.
ამერიკელმა არქიტეტორმა დაიწყო მიწაში შეჭრილი სახლების მშენებლობა, რათა ბუნებრივი ტემპერატურა გამოეყენებინა სახლის გათბობა-გაგრილებისთვის და არ ყოფილიყო დამოკიდებული ცეტრალურ ენერგო სისტემებზე
თუმცა, პოპულარობა მოგვიანებით შეიძინა, “ჰობიტონის” გადაღებისას ახალ ზელანდიაში, 1998 წელს, როცა რეჟისორმა ააგო დეკორაციები ფილმისთვის “ბეჭდების მბრძანებელი”. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ რეჟისორის ლიტერატურული შთაგონება იყო 1937 წელს გამოცემული წიგნი “ჰობიტი”, ავტორი ტოლკინი, სადაც გვხვდება ცნობილი ფრაზა – “მიწაში ხვრელი იყო, ხვრელში კი ჰობიტი ცხოვრობდა. ეს არ იყო ბინძური, ნესტიანი ხვრელი, ეს იყო კომფორტული სახლი”. ავტორმა იქვე აღწერა მრგვალი კარ-ფანჯარა, ფანჯრებიდან მწვანე ბორცვების ხედი და ხის მყუდრო ინტერიერი.
ფილმის გამოსვლიდან მალევე, 2001-2003 წლებიდან სწორედ ეს ადგილი იქცა გლობალურ ტურისტულ ადგილად, ხოლო მრგვალკარიანი, მიწით დაფარული სახლები კი არქიტექტურულ ტრენდად
თუმცა, დეველოპერებს წლები დასჭირდათ, იმის მისახვედრად, რომ ასეთი სახლები დღიურად გასაქირავებლად იდეალურია და რეკლამაც კი არ სჭირდება.

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში აშენებული “ჰობიტის” სახლი ერთ-ერთი პირველია, რომელიც დღიურად გაქირავდა და კლიენტებს აქვთ შანსი, არამხოლოდ ღამე გაათიონ და დაისვენონ, არამედ ფანტასტიკური სამყარო შეიგრძნონ.
გამომდინარე იქედან რომ მიწის სქელი საფარი ბუნებრივი იზოლატორია, ანუ, ზაფხულში გრილი და ზამთარში – თბილი, გათბობა-გაგრილებაზე ასეთ სახლებში თითქმის 70 პროცენტით ნაკლები იხარჯება.
სახლები წყალზე
სახლები წყალში ორი კატეგორიისა, ან ბოძებზე (ღრმა ბოძები ხის, ფოლადის, ბეტონის) შემდგარი, უმეტესად წყალმარჩხ სანაპირო ზოლებში ჩადგმული, ან მცურავი სახლები, რომლებიც წყლის დინებასთან ერთად მოძრაობენ, უმეტესად ტბებზე, მდინარეებზე, დაცულ არხებში და ყურეებში.
ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ წყალზე დასახლებები შენდებოდა მტრისგან თავდაცვის მიზნით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ამსტერდამში საცხოვრებლის დეფიციტი იყო, ადგილობრივებმა დაიწყეს ძველი, ჩამოწერილი გემების გადაკეთება საცხოვრებლად. დღეს ამსტერდამში 2500-ზე მეტი მცურავი სახლია
1967 წელს სამმა ამერიკელმა ევროპის კუნძულზე გახსნა პატარა სასტუმრო, ქვიშიან სანაპიროზე, პირდაპირ წყალში, ხის ბოძებზე. ძალიან მოკლე დროში ეს ადგილი იქცა მსოფლიო ტურიზმის ძვირადღირებულ ფორმატად.
დღეს სახლები წყალზე აღარ არის მხოლოდ ძვირადღირებული კუნძულების ფუფუნება, მათ ხვდები ევროპისა და ამერიკის არაერთ ადგილას. წყალზე სახლების თანამედროვე ვარიანტებში იატაკში ჩასხმულია სქელი, გამჭვირვალე მინა, საძინებლიდან კი, პირდაპირ შეგიძლია წყალში გადახტე და გაცურო.
სხვათა შორის, ეს სახლებიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, რადგან თუ კარგი გინდა გამოვიდეს, უნდა შეიძინო მზის პანელები, დაამონტაჟო წვილის წყლის შემგროვებელი სისტემა, გამწმენდი სისტემა, ბიოფილტრები კანალიზაციისთვის და ა.შ
სამაგიეროდ, დღიურ გაქირავებაში წყლის სახლებს აქვთ ყველაზე მაღალი ფასი, სწორედ იმიტომ, რომ ათეული წლებია მათზე მოთხოვნა კი არ იკლებს, – იმატებს.

ვისაც წყლის ეშინია, ის იტყვის ახლა ცნობილ ქართულ ფრაზას – რომც მაჩუქო, არ მინდა. ოღონდ, გარდა იმისა რომ ძალიან ბევრ ლამაზ ფოტოს და მოგონებას წამოიღებ, წყლის ხმა და 360 გრადუსიანი სიწყნარე სტრესს რომ აქრობს, მაგას მედიცინა ამბობს, მე – არა. ამიტომ, დარწმუნებით გეტყვი, თანამედროვე სახლები ისეა დაცული უსაფრთხოების კუთხით, რომ არაფერია საშიში და ერთხელაც თუ გაათევ ასე სახლში ღამეს, ცხოვრების დაუვაწყარი მოგონება გახდება
სახლები ხეზე
საუკუნეების წინ ხეებზე არათუ სახლებს, მთელ სოფლებს აშენებდნენ აზიისა და აფრიკის ტომები. სახლები შენდებოდა მიწიდან 40 მეტრის სიმაღლეზეც კი. ასე იცავდნენ თავს მტრისგან, წყალდიდობისგან, ცხოველისგან.
მე-16-17 საუკუნეების ევროპაში სახლები ხეზე უკვე ფუფუნების საგანი იყო და მდიდრებისთვის შენდებოდა. მაგალითად, მედიჩების ოჯახს, მუხაზე ჰქონდა აშენებული სახლი, რომელიც მარმარილოთი იყო გაწყობილი
მხოლოდ 2000-იან წლებში არქიტექტორებმა დაიწყეს სრულფასოვანი, უსაფრთხო და ლუქს-კლასის სახლების აშენება ხეზე. ხეზე სახლები შენდება დღეს უკვე ისე, რომ სპეციალური სამაგრების წყალობით, ხეს სიმაღლეში ზრდაც შეუძლია და ქარში რყევაც კი.
2010 წელს შვედურმა კომპანიამ ააშენა ტყეში დაკიდებული სახლები – სწორედ აქედან ჩაერთო “სახლები ხეზე” დღიური გაქირავების ბიზნესში.
ხეზე სახლები მინიმუმ 3-ჯერ ძვირად ქირავდება, ვიდრე იმავე ფართობის კოტეჯები თუნდაც ყველაზე დიდი ქალაქის ცენტრში. სტუმრებისთვის დაუვიწყარია შერწყმა ბუნების, ბავშვობაში დაბრუნების და თან ჯაკუზის, თანამედროვე ავეჯის – 5-ვარსკვლავიანი კომფორტის.

რჩევები:
ხეზე აშენებული სახლები მოითხოვს საინჟინრო ცოდნას და გამოცდილებას, რადგან აქ მთავარი საძირკველი ცოცხალი ორგანიზმია. იყენებენ სპეციალურ ფოლადის ჭანჭიკებს, რომლებიც ხეშივე მაგრდება და უძლებს 4-დან 9 ტონამდე წონას. კონსტრუქცია მაგრდება მოძრავ სამაგრებზე, რათა ქარში ხის რყევისას, სახლი მიჰყვეს რყევას და არ დაიშალოს. შიდა და გარე სამუშაოებისთვის კი გამოიყენება მტკიცე, გამძლე მასალები – ხის კომპოზიცია, ალუმინი, პანორამული მინა და ა.შ.
სახლები მოჩვენებებით
ერთ-ერთი ცნობილი “მოჩვენებების სახლი” კალიფორნიაშია. ცნობილი იარაღის მაგნატის ქვრივმა, სარა უინჩესტერმა დაიწყო სახლის მშენებლობა და ამ სახლს აშენებდა გარდაცვალებამდე, მთელი 38 წელი.
სარას სჯეროდა რომ მას მოკლულ ადამიანთა სულები დევნიდნენ, დიდძალ ფულს იხდიდა მკითხავებში, რომლებსაც ფულიანი კლიენტის დაკარგვა არ სურდათ და რაღას აღარ ურჩევდნენ. მაგალითად, სახლში მოჩვენებების “დასაბნევად” არის კიბე, რომელიც ჭერში წყდება, ან კარი, რომელიც პირდაპირ უფსკრულის წინ იღება, ჩახლართული ლაბირინთები, საიდუმლო გასავლელები.
დღეს ეს შენობა აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის.
დღეს ტურისტები მხოლოდ კომფორტს და სიმშვიდეს კი არა, ადრენალინსა და უჩვეულ ემოციასაც ეძებენ. სახლები, რომლებზეც ამოუხსნელი ისტორიებია, დღიურად 3-4 ჯერ უფრო ძვირად ქირავდება ვიდრე მაღალი კლასის სასტუმროები.

აქვე ვიტყვი, რომ რეალობა ბევრად ბანალურია. თუ ძველ შენობაში ქარის ქროლვა ან მილების ვიბრაცია ქმნის დაბალი სიხშირის ბგერას, ადამიანს ბგერა არ ესმის, მაგრამ სხეული რეაგირებს – იწვევ უმიზეზო შიშს, კანკალს, თვალის კაკლის ვიბრაციას, რაც თავის მხრივ, ქმნის განცდას, რომ ჩრდილები დაინახა.
დაზიანებული ელექტროგაყვანილობა ქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს, რაც ჰალუცინაციებს იწვევს და უმეტესად, განცდას, რომ იქ კიდევ არის ვიღაც.
თუ ადამიანმა წინასწარ იცის, რომ სახლში “მოჩვენებაა”, მისი ტვინი ფანჯრის, თუ იატაკის მცირე ჭრიჭინსაც კი, – მიიღებს როგორც პარანორმალურ მოვლენად
შეჯამება
მგონი უკვე ისე ავხსენი, რომ შემიძლია ვთქვა – ჯამი ჭურჭელია და წავიდე. მაინც ვიტყვი მოკლედ, როგორც ხედავ ყველაზე მეტად ფასობს ის, რაც უცნაურია, საინტერესოა, განსხვავებულია, ანუ, ის, რაც ადამიანში აღძრავს ემოციას, უქმნის განწყობას, უტოვებს უნიკალურ მოგონებას
თუ ახლა შენს ბინას უყურებ და ფიქრობ – რა ვქნა თუ არც ხეზეა, არც წყალზე, არც მიწაში – გეტყვი, რომ ემოციას რა გზით გამოიწვევ, არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა მხოლოდ სწორი, დადებითი ემოციის გამოწვევას აქვს.
ერთ მარტივ ხერხს გაგიზიარებ – სულ ერთია სად გაქვს სახლი ან ბინა და როგორი, სახლის ერთი ადგილი, ერთი კედელი, ერთი კუთხე, თუნდაც წინა ფასადი მცირე ნაწილი მოაწყვე ისე, რომ მისი დანახვისთანავე ადამიანს მოუნდეს ამოიღოს ტელეფონი და გადაიღოს ფოტო, სელფი. ეს შეიძლება იყოს ჭერის ნაწილიც კი, საოცარი განათებით, ან ჭერიდან დაშვებული დეკორატიული სანათები, ან სახლის ფასადის ერთი პატარა ნაწილის მოწყობა სარკის სახლის სტილში. უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება. სწორედ ეს, შენს სახლში თუ სახლთან გადაღებული ფოტო, სელფი იქნება შენი რეკლამა, რადგან თანამედროვე ადამიანის ემოცია თუ გამოიწვიე, ის მას აუცილებლად გააზიარებს სოციალურ ქსელში, აჩვენებს მეგობრებს, ახლობლებს, უცნობებსაც კი
თუმცა, სადღაციდან ხომ უნდა დაიწყო? – დაიწყე განცხადების განთავსებით ყველაზე ნახვად საიტზე, იქ, სადაც მრავალფეროვნება და კონკურენციაა, იქ, სადაც პირველი სტუმრების კომენტარები, შენს სავიზიტო ბარათად იქცევა.
და თუ დღეს გინდა საქართველოში სახლის ქირაობა – ვერ დაგპირდები სახლს ხეზე, წყალში ან მოჩვებებით, მაგრამ გპირდები, რომ აქ, ამ სივრცეში, თავმოყრილია ყველა საინტერესო, უცნაური, თუ განსხვავებული ვარიანტია იმ სახლებიდან, რომლებიც საქართველოში ქირავდება
მომავალ წელს, იქნებ, უცხოური ბაზარიც კი ავითვისოთ და პრინციპში, ან რატომაც არა და ან რა იქნება უცნაური, როცა საქართველოდან ამდენი ადამიანი დადის სამოგზაუროდ სხვა ქვეყნებში? – მანამდე კი, კარგ ზაფხულს გისურვებთ, მოჩვენებების გარეშე და მოგონებებით, რომლებიც მთელი წელი გაგყვებათ.
(R)











კომენტარები