“საჭიროა, ვუპასუხოთ ცინიზმს”. – ევროპული საქართველოს წევრები და მხარდამჭერები 26 იანვარს, 22:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
“თქვენ არასდროს იქნებით მარტონი”. – ამ სიტყვებით მოგვმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირიდან 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა და ვიქტორ იუშჩენკო, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ომის დროს თბილისში ჩამოვიდა.
პრეზიდენტ იუშჩენკოს სიტყვები არა მხოლოდ თანადგომას გამოხატავს, არამედ რეალობასაც ასახავს – ჩვენ, არათუ არ, არამედ ვერ ვიქნებით მარტონი რუსეთის აგრესიის პირისპირ, რადგან რუსეთის ამოცანა არასდროს ყოფილა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება. რუსეთის მმართველი საბჭოთა კავშირის დანგრევას რუსი ხალხის ტრაგედიად და მეოცე საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს, ამიტომ ისტორიის რევიზიას ცდილობს და ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის სუვერენიტეტს ანადგურებს, ან ვასალი რეჟიმების მეშვეობით, ანაც ღია სამხედრო ინტერვენციით და ამ გზით, ცივი ომის დროინდელი გავლენისკენ მიისწრაფვის.
დღეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე უკრაინაა და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საფრთხე, ჩვენი საფრთხეცაა.
სამწუხაროდ, კრემლის დიდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ დროს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც, უკრაინელი ხალხის თანადგომის და თანაზომადი ძალისხმევის ნაცვლად, ან სამარცხვინოდ დუმს, ან უღიმღამო “ტვიტებით” შემოიფარგლება.
ეროვნული ღირსების შემლახავი დუმილის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოთქმული იმედი, რომ საქართველომ ჭკუა ისწავლა და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, თითქოს ქართველებმა თავისუფლებაზე, თავისუფალი სამყაროს წევრობაზე ავიღეთ ხელი.
ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი დუმილით შეხვდა. არ უნდა შეგვეშალოს და ვიფიქროთ, რომ დუმილის პოლიტიკა პრაგმატულია და გადაგვარჩენს. პირიქით, ჩვენი დამუნჯება მხოლოდ რუსეთს ეხმარება, ჩვენი სუვერენიტეტის უჩუმრად და უმტკივნეულოდ განადგურებაში.
სამწუხაროდ, ვერც ევროპული საქართველო და ვერც სხვა ოპოზიციური პარტია ვერ შეამცირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მოყენებულ ზიანს, მანამ, სანამ ამ რეჟიმს არ დავამარცხებთ.
მაგრამ იქამდე საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენი, ევროპული საქართველოს პასუხი გავცეთ რუსეთის ხელისუფლების ცინიზმს. ამიტომ ოთხშაბათს, 26 იანვარს, 22:00 საათზე, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან გავმართავთ ღონისძიებას და თანამოაზრეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.
Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან
21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო “დაბალანსებულ” პოლიტიკას გაატარებს. წერილს საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.














კომენტარები