ივლისში „ალიას“ საიტზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი – „რატომ მიდიან ქართველები საქართველოდან“. თემამ მოიტანა და მასში მორალური თვალსაზრისით პარალელი გავავლე კანონიერ ქურდებსა და პოლიტიკოსებს შორის. თავიანთი ცხოვრებისეული წესის მიხედვით, ზნეობრივი თვალსაზრისით, ქურდები გაცილებით მაღლა აღმოჩნდნენ პოლიტიკოსებზე. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა. ამას მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მეკითხებიან, თუ რას შეცვლიდა კანონიერი ქურდების არსებობა დღვანდელ სიტუაციაში. სათითაოდ პასუხის გაცემას, საქვეყნოდ მირჩევნია განვმარტო ეს საკითხი:
როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ქართველი ხალხის ქონების წართმევით ფულის შოვნა, ამ საქმის აღსრულებაში ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი მოიცილა, – ვითომ რეფორმების გატარებით დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები, ხოლო ქურდები, რომლებიც ხალხის მხარეს შეიძლებოდა დამდგარიყვნენ, მანამდე არგაგონილი კანონის მიღებით განდევნა თავიანთი სამშობლოდან. ამით მას დარჩა ბურთი და მოედანი და რაც დაატრიალა ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას:
ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს მორიგი პოლიტიკური სპექტაკლია, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს, თუ ხელისუფლება ვერ ასიგრძეგანებს მოსალოდნელ საშიშროებას. ორივე შემთხვევაში, ხალხი დაზარალდება და მეტიც, შეიძლება, როგორც ერი, საერთოდ გავქრეთ. რაც შეეხება ხალხის სიმრავლეს, რითაც ნაცებზე ზეგავლენის მოხდენას აპირებს ოფიციოზი, 90-იან წლებში მომხდარ ერთ ამბავს გაგახსენებთ: ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, როდესაც განდევნილი პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ათიათასობით შეკრებილ დემონსტრანტს, ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე კაცმა, რასაც დიდი მსხვერპლი და მათი დაშლა მოჰყვა. მასის დაპირისპირება ასეთ ბოროტ ძალასთან, მხოლოდ ხალხის გაწირვაა. სააკაშვილის, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სატკივარის და ჭირის დამარცხება შეუძლია ერთადერთ ძალას და ეს უნდა ვაღიაროთ. ხუმრობის დრო აღარ გვაქვს ქართველებს, – ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები ქუჩაში სცემენ ხალხს უკვე წიხლებით და გამკითხავი არავინაა. ცნობილი მწერალი და დისიდენტი სოლჟენიცინი იგონებდა, ცომბირის შორეულ ბანაკებში მომხდარ ასეთ ამბებს: ეზოში პატიმრებს რომ ჩაამწკრივებდნენ და დაიძახებდნენ, რომ ქურდები ერთი ნაბიჯით წინ გასულიყვნენ, ქურდები გადიოდნენ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ. მათ იცოდნენ, რაც ელოდათ, მაგრამ გადიოდნენ და სახელს ეწირებოდნენ. სოლჟენიცინი ამბობს, რომ იდეისთვის ასეთი თავგანწირვა არცერთ დისიდენტს არ შეეძლო. ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ეს ინსტიტუცია არსებობს და მხოლოდ მათ შესწევთ ძალა, დაუპირიპირდნენ ამ ურდოს, რომელიც საქართველოს ასაოხრებლად ემზადება. ამისათვის პარლამენტის ერთი შეკრებაა საჭირო და ქურდული სამყაროს შესახებ კანონის გაუქმება. ხელისუფლების მხრიდან ეს იქნება, მხოლოდ სახელის გამო განდევნილი მოყვასის სამშობლოში დაბრუნების პროცესი, რაც კაცთმოყვარეობის უდიდეს გამოვლინებად ჩაიწერება ისტორიაში. მოწიწებით და მოკრძალებით ვიტყვი იმასაც, რომ ალბათ, ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა თავისი უსამართლოდ განდევნილი შვილების დასაბრუნებლად. ამის შემდეგ, როგორც კი პირველი კანონიერი ქურდი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ნაცის ხსენება აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ყოველგვარი ბრძოლის გარეშე ავირიდებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, დამთავრდება საბოტაჟი და ამდენი ხნის გატანჯული ქართველი ერი შვებით ამოისუნთქებს. შემდეგ, ალბათ, დავჯდებით და ვიფიქრებთ, როგორ აღვადგინოთ სააკაშვილის მიერ განადგურებული სამართალი. რაც შეეხება დამნაშავეთა სამყაროს, მე აქვე დავდებ ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის ძალიან პატარა მონაკვეთს, რომელიც მხცოვანი კრიმინალური ავტორიტეტის მონოლოგს წარმოადგენს. ის ამბობს და ეს სიტყვები, სინამდვილეშიც მას ეკუთვნის: „სანამ იარსებებს ქვეყანაზე ძალმომრეობა, მანამ ვიქნებით ჩვენც, როგორც ამბოხებულები.“ – მე კი ვინატრებდი, რომ შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც აღარ იქნება ძალმომრეობა.
“ვინ ვართ ჩვენ, ვისაც გვიწოდებენ დამნაშავეთა სამყაროს? – დასვა კითხვა გოროზამ და თავადვე გასცა პასუხი. – ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი წესებითა და კანონებით, რომელთა წარმოშობა და შემდეგ გაერთიანება, სათავეს იღებს მეფის რუსეთის არსებობის დროიდან. ვინ ვართ, როგორ წიაღში ვიშვით, როგორ გავერთიანდით და როგორ შეიქმნა ჩვენი იდეოლოგია? ჩვენ ვართ მჩაგვრელთა წინააღმდეგ ამბოხებული სულები, რომლებმაც ვერ ავიტანეთ იმპერიის მიერ დაბალი ფენის საშინელი ექსპლოატაცია და სწორედ იმ ჩაგრულთა ფენაში ვიშვით. ჩვენ გაერთიანებაზე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მებრძოლი ხასიათით გამორჩეული თითოეული ჩვენგანი, იოლად ვჩანდით ხალხის წიაღში და ერთმანეთის მოძებნა არ გაგვჭირვებია. რაც შეეხება იდეოლოგიას, ჩვენ კონკრეტული კანონები და ცხოვრების წესები არ შეგვიმუშავებია და მეტადრე, არ დაგვიწერია, რადგან ის თითოეული ჩვენგანის გულში თავიდანვე იყო ამოტვიფრული და ჩაწერილი. ნუთუ კაცს, რომელსაც შეუძლია მეგობრისთვის თავგანწირვა, დაჩაგრული ადამიანის თანადგომა, მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც სიცოცხლის ფასად, პატიოსანი და მორალით გამართული სულით ცხოვრება, კანონების დაწერა და შექმნა სჭირდება?! ამიტომ ჰქვია ამ ყველაფერს დაუწერელი კანონები. აქედან გამომდინარე, სანამ იარსებებს იმპერია, სანამ იქნება ქვეყანაზე ძალმომრეობა და სახელმწიფო კანონი დაჩაგრავს დაბალ ფენას, მანამ ვიქნებით ჩვენც, როგორც უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხებულები.”
მწერალი თამაზ ალავიძე