ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი, ანი იმედაშვილი:
რადგანაც დედას (მაია კოხტაშვილის) საქმე დასრულდა ხალხის არნახული მხარდაჭერით, ამ ხალხზე მინდა მცირედი დავწერო, უიმედობის სამკურნალოდ.
და სამადლობლად.
პირველივე დღიდან მოყოლებული ბოლო დღემდე არ შეწყვეტილა ხალხის დინება გინდ სახლში და გინდ დედას კაბინეტში.
ხოდა ეს ხალხია ჩვენი ქვეყანა, ნამდვილი საქართველო:პენსიონერების რიგი ლიბერთი ბანკის ბანკომატთან.
გირაოს შესაგროვებლად საქართველოს ბანკთან რიგში ხალხის გადაძახილები, ვისაც მეტის ჩარიცხვა შეეძლო, ჯერ ისინი მიეშვათ, რომ მალე შეგროვილიყო თანხა.
90 წლის ქალი, რომელმაც პენსია აიღო და 300 ლარი მოგვიტანა.
რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც ოქრო დააგირავა ლომბარდში.
პაციენტი, რომელიც თელავში ჩავიდა და თავის ექიმთან იზოლატორში შესვლას ითხოვდა.
ხანდაზმული ცოლ-ქმარი, დაკავების დღეს, რომ გასინჯა მაიამ და ცოლს ნაქსოვი წინდა აჩუქა. ქალს, რომ ორი დღე ის წინდა ეჭირა და დასტიროდა.
შუახნის კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ ერთხელ მკვდარი შვილი დაიტირა და მეორედ მაია ექიმი.
ხანდაზმული, ლოგინად მწოლი პაციენტი, რომელსაც წნევა 200-დან მხოლოდ მაშინ ჩამოუვიდა და შეწყვიტა ტირილი, როცა იზოლატორიდან გამოსული მაია ექიმი ონლაინ ჩაერთო და დაენახა.
ახმეტის კლინიკის სტაციონარში სამი პაციენტი, რომ იწვა, მაიას გამო ნერვიულობის გამო, რომ მოხვდნენ კლინიკაში.
ქისტმა ბებომ ორ დღეში (დაკავების დღეებში) ტირილით, რომ მოქსოვა ფაჩუჩები და სამსახურში მაია ექიმს მიუტანა.
პირველი პროცესის დროს დედას მოძღვარი და მრევლი რომ შეიკრიბა და მაია ექიმისთვის, რომ ლოცულობდა.
ამავე დროს ახმეტის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მრევლი, რომ შეიკრიბა და ერთად ილოცეს.
პანკისელმა მუსლიმმა ქისტებმა, რომ ერთად ილოცეს.
თუშებმა, რომ მოგვწერეს, თუშეთის ჯვარ-ხატებს ვევედრებითო.
ქისტები, რომ ყოველდღე გემრიელობებით გვკვებავდნენ, რადგან ის დღეები სახლში საჭმელს ვერ ვამზადებდით.
იზოლატორში დედას ყავა, რომ არ დაალევინეს, სისხლით ხარ დაკავებული, არ შეიძლებაო. ხოდა სახლი ყავის ქილებთ, რომ გვაქვს სავსე.
ყველა სახის და ჯიშის ყვავილის სურნელით რომ იყო ჩვენი სახლი გაჟღენთილი.
ყოველი დილით ეზოში დატოვებული საჩუქრები. ვისაც რა ჰქონდა სახლში: წიპწის ზეთი, ვარდის მურაბა, ვაშლის ძმარი, გუდის ყველი, წაბლი, ანწლის ნაყენი…
საჯარო მოხელეები, რომლებმაც გვითხრეს, რომ რცხვენიათ იმ ჭაობის, სადაც მუშაობენ.
საჯარო მოხელე, ასაკიანი ქალი, რომელმაც მაია ექიმის მხარდამჭერი პოსტი დაწერა, უთხრეს ამის გამო სამსახურს დაკარგავო. ხოდს ეს ტექსტი ხელნაწერად, რომ მოგვიტანა.
სასამართლო პროცესზე საზოგ. ტრანსპორტით მიმავალ ხალხს მძღოლმა ფული, რომ არ გამოართვა, ამით მაინც ვცე პატივიო.
მძღოლები, მოძრაობას რომ წყვეტდნენ ქუჩას როცა ვკვეთდით.
და კიდევ ბევრი ასეთი სიკეთის ამბავია, ყველა მხრიდან რომ მოედინება.
ამით უნდა გავიდეთ დამსახურებულ ნაპირზე!
ცნობისთვის, ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც მაია კოხტაშვილს დაუწესდა – მას 6 თვის ვადით მართვის უფლება ჩამოერთვა.
ახმეტელი ექიმი კლინიკაში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
თელავის სასამართლოსთან იმყოფებოდნენ მაია კოხტაშვილის პაციენტები, ახლობლები და სხვა გულშემატკივრები. მოსამართლის გადაწყვეტილებას ისინი აპლოდისმენტებით და შეძახილებით შეხვდნენ – “სამართალმა იზეიმა”.
“ჩვენ გვქონდა გადახდილი გირაო, შევთანხმდით ჯარიმაზე… მხოლოდ და მხოლოდ მართვის უფლების აკრძალვა იქნა გამოყენებული და ამით დასრულდა აღნიშნული პროცესი. ჩვენი მოთხოვნა იყო ჯარიმის გამოყენება, ვინადან ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე და ვითხოვდით რომ მინიმალური სასჯელი ყოფილიყო გამოყენებული”, – თქვა ადვოკატმა ილია ოთარაშვილმა.











კომენტარები