ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა “ევროსკოპს“ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა:
“ეს არის ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება მოჰყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას. ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობას და კომისია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული. ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან.
“საკითხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის, ახალი ზომების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, დაიცავენ თუ არა უნგრეთი და სლოვაკეთი ამ პოლიტიკას იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა: “გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ასეთი პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები შესაძლებელი აღარ არის“














კომენტარები