საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, “პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.
არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.
ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.
ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!”, – წერია განცხადებაში.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე – 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.
კომენტარები