პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია,
მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ხელისუფლების მიმართ პარტნიორების კრიტიკა არ იქნებოდა კმაყოფილების მომგვრელი , მით უმეტეს სანქციები; არც შენი ქვეყნის თუნდაც შენთვის უსიამოვნო მედიის კრიტიკა იქნებოდა დადებითად აღსაქმელი, მით უფრო სანქცირება და ა.შ. მაგრამ ვართ კი თუნდაც მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში? – ცხადია, არა. როდესაც ჩვენთან მინიმალური დემოკრატიაც კი საოცნებო გახდა, როდესაც არასდროს მოქალაქე ასეთი უსუსური არ ყოფილა სახელისუფლებო სისტემის წინაშე, რა გზა რჩება ადამიანს, რომელსაც მხოლოდ დევნიან? რომელსაც ხელისუფლება ართმევს სამუშაოს, ეძახის აგენტს, აჯარიმებს ქუჩაში დგომისთვის, რომელსაც ართმევს ყველანაირ თავისუფლებას, რაც კი სასიცოცხლოდ სჭირდება? როდესაც ხელისუფლებას არაფერი ესმის, არც რბილად ნათქვამი, არც შუალედურად, არც მკაფიოდ, არც ხისტად, როდესაც საკუთარ მოქალაქეებთან არანაირ კომპრომისზე არ მიდის და ისედაც დაჩაგრულ მოქალაქეს კიდევ უფრო ჩაგრავს?
რა რჩება ასეთ საზოგადოებას?“მისაღები” თუ “მიუღებელი” პირობითი ცნებებია, მაგრამ თუ ქვეყანაში დემოკრატიის მინიმალური განზომილება მაინც არსებობს, მაშინ დემოკრატია უზრუნველჰყოფს თანაცხოვრებას “მისაღებსა” და “მიუღებელს” შორის.მაგრამ… ჩვენთან ის, ვისაც ძალაუფლება აქვს, თავისთვის მიუღებელს ბოლომდე დევნის, თავად კი ვისთვისაც მიუღებელია, ის ვერ ახერხებს აზრის უსაფრთხოდ გამოხატვასაც კი, არა თუ ზეგავლენას ხელისუფლებაზე.აქსიომა სწორედ ისაა, რომ ხელისუფლება იზომება “მიუღებელ” ადამიანებთან კომპრომისის უნარის ხარჯზე. თუ ეს ხელისუფლებას არ ახასიათებს, მაშინ ხელისუფლება ხდება ტოტალიტარი მდევნელი და მანადგურებელი.და რას ითხოვს ხელისუფლება დღეს? – ვისაც დევნის, ჩაგრულისაგან იყოს აღიარებული და ჩაგრული იყოს ემპათიური მის მიმართ? ეს ხომ შეუძლებელია, ჩაგრული მჩაგვრელის მიმართ ვერ იქნება ვერც ეთიკური და ვერც ემპათიური.ყველაზე მეტად კი ისაა ჩვენს ქვეყანაში უბედურება, რასაც ჩვენებურ ანდაზაში “ნაბანს ბავშვის გადაყოლას” ვეძახით ხოლმე. საბოლოო შედეგი ეს არის.
სანამ ხელისუფლება მჩაგვრელია, მის მიმართ ადამიანურ განწყობებს ნუ მოითხოვს, თავად უნდა იყოს შემწყნარებელი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვინმეს აჰკიდო მორალური ვალდებულება ხელისუფლების მიმართ შემწყნარებელი გახდეს.














კომენტარები