მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაიას 7 წლის დის ცხედარი ამოასვენეს – ინფორმაცია ჟურნალისტებს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. დღეს ნანგრევებიდან ამოასვენეს ბავშვების დედა, ნინო ჭელიძეც.
„სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. 5 ადამიანიდან 1 ადამიანის მდგომარეობაა მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის 1 მცირეწლოვანი. ტრაგედია არის მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში ოჯახისთვის“ , – განაცხადა შს მინისტრმა.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.











კომენტარები