საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
9 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
(რუკა გამოხატავს უკრაინის დროით 14:00 საათის მდგომარეობას, მას შემდეგ უკრაინელებმა მდინარის ირგვლივ კიდევ უფრო ღრმად ჩაწიეს სამხრეთით)
– ხარკივის (ხარკოვის) რაიონში უკრაინული სამხედრო ნაწილებმა იზიუმის მიმართულებით კუპიანსკი-იზიუმის დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალი მდინარე ოსკილის (ოსკოლის) გასწვრივ რამდენიმე ადგილას გადაჭრეს. იზიუმს ცენტრალური მომარაგება აღარ აქვს და რუსები ცდილობენ შვეულმფრენებით გადასხან დესანტი ქალაქის გასამაგრებლად, თუმცა ეს რეალური მცდელობაა თუ პროპაგანდისტული კამპანია რთული სათქმელია, რადგან ოფიცრებმა არაერთგან მიატოვეს ქვეითები. უკრაინული სამხედროები იზიუმის თავზე სულ რამდენიმე კილომეტრში არიან მოქცეულები. რუსების მცდელობა სამხრეთით გაჭრილიყვნენ დოლინა-კრასნოპილიას მიმართულებით იმ იმედით, რომ უკრაინელებს თავდაცვითი პოზიციები მოშიშვლებული ექნებოდათ არ გამართლდა და დიდი დანაკარგების ფასად მოუხდათ უკან დახევა. ახლა ამ მიმართულებითაც (იზიუმის სამხრეთით) ინიციატივა უკრაინელთა ხელშია.
– უკრაინული არმია კუპიანსკს უტევს. ქალაქის მდინარე ოსკილის (ოსკოლი) აღმოსავლეთ სანაპიროსთან დამაკავშირებელი ხიდი უკრაინელთა მიერ ინტენსიურად იბომბება. პროცესში ჩართულია HIMARS და შესაძლოა M270-იც კი. რუსული რეზერვები მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადმოსვლას და ქალაქის დახმარებას ვერ ახერხებენ. კუპიანსკიდან რუსი სამხედროების ოჯახის წევრებისა და კოლაბორაციონისტების გაქცევა რუსეთის საზღვრისაკენ განხორციელდა. ბელგოროდის რაიონისაკენ მიმავალ საზღვარზე მონაკვეთზე საცობებია. ქაოსური უკანდახევის ფონზე უკრაინელები ცდილობენ სწრაფად დაიკავონ ქალაქი და გაწმინდონ იგი. რუსულ ძალებში გაურკვევლობა და პანიკაა.
– უკრაინელებმა ბოლო ოთხ დღეში სწრაფად გავლილი ყველა ქალაქის გაწმენდა დაასრულეს და დროშები აღმართეს. ამასთან დაიწყო კოლაბორაციონისტების გამოააშკარავება და მათი დაკავება. კოლაბორაციონისტები საკუთარ მოსახლეობას ატერორებდნენ და აწამებდნენ. ახლა კი ისინი პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.
– რუსები ცდილობენ ბელგოროდის რაიონიდან 10-15 ათასი სამხედროსაგან შემდგარი დანაყოფები მიაშველონ კუპიანსკს მაგრამ აქ რამდენიმე ფუნდამენტური სირთულეა მათ წინაშე:
1. აღნიშნული რეზერვი ბოლომდე ჩამოყალიბებული და შევსებული არ არის. ჯგუფებს ზოგადი ორგანიზება ხოლო ინდივიდებს სამხედროს აღჭურვა აკლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკას ბევრს უყრიდნენ თავს. ამ რეზერვს მობილურობა არ აქვს, ლოჯისტიკა გამართულად არ ფუნქციონირებს და საზღვარზე მომწყდარი კოლაბორაციონისტებისა და სამხედროების ოჯახების ფონზე შექმნილი ქაოსის გამო მათი სწრაფად გადასროლა კიდევ უფრო რთულდება;
2. ამას ემატება უკრაინული არტილერიის ძალიან დიდი აქტივობა კუპიანსკისა თუ იზიუმის დამაკავშირებელი ხაზების მიმართულებით. პერმანენტული დაბომბვის ფონზე რუსული რეზერვის მხრიდან დახმარების შედინება ძალიან რთულია;
3. ადგილზე, რაიონში მყოფი რუსული რეზერვი, რომელთაც ძირითადი ძალების მოსვლამდე უნდა შეეჩერებინათ უკრაინული დანაყოფები – აღარ არსებობს, მათი დიდი ნაწილი განადგურებული ან დაქსაქსულია.
4. რუსები რეზერვს დონეცკის რაიონზე შეტევისათვის ამზადებდნენ და უეცრად ხარკივში მათი შეყვანა ვერ მოხდება. რეზერვი სპეცდანიშნულების რაზმი არ არის.
5. რეზერვისტების ასაკი განსხვავებულია. მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკოვანია და ასეთი სწრაფი ოპერაციისათვის ნაკლებად გამოდგება.
მიუხედავად ყველაფრისა, რუსული რეზერვი საშიშია. ამიტომაცაა უკრაინელები ინტენსიურად ბომბავენ გზას და სრულიად ბლოკავენ რუსული არმიის ნებისმიერ წინსვლას.
– უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ იმ რაოდენობის რუსული შეიარაღება, რომ მექანიზებული ბრიგადაც კი ჩამოყალიბდება მათით. საუბარია არამხოლოდ დიდი რაოდენობით ჭურვებზე, ტყვია-წამალსა და მძიმე ტექნიკაზე, არამედ არტილერიაზეც კი. რუსული მძიმე ტექნიკის ნაწილი მდინარეებსა და ჭაობებშია შეტოვებული.
– კუპიანსკიზე იერიშთან ერთად უკრაინელებმა ქალაქი ხარკივის სამხრეთით ჩუჰივი-იზიუმის გზაზე ბალაკლეა-იზიუმის მონაკვეთამდე ყველა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ქალაქ ხარკივს სამხრეთიდან საფრთხე მოეხსნა – გზა ჩუჰივიდან იზიუმისაკენ გაიხსნა. თუკი ბალაკლედან კუპიანსკამდე 60 კილომეტრამდე წაიწიეს უკრაინელებმა სიღრმეში აქეთ დამატებითი 10-15 კილომეტრი ჩამოწიეს და შეუერთდნენ ბალაკლიადან წამოსულ ძალებს. ეს უკრაინელთათვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. თუმცა რუსები მაინც მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებენ და ხარჯავენ ძვირფას შეიარაღებას – ქალაქ ხარკივში ისინი საბავშვო ბაღებსა და სავაჭრო ცენტრებს ბომბავენ.
– მდინარე ჩრდილოეთის დონეცის გადამლახველმა უკრაინულმა დაჯგუფებამ, რომელმაც 3-5 სექტემბერს გახსნა შეტევა ხარკივის რაიონში ახლა უკვე ლიმანს უტევს. რთული სათქმელია მებრძოლები ლიმანის აღებას ცდილობენ თუ ადგილობრივი რუსული დანაყოფების ადგილზე მიჯაჭვებაა ამოცანა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელები რუსების ყველა სუსტ წერტილს ძალიან ეფექტურად იყენებენ.
– ხერსონის რაიონში უკრაინელების მდინარე ინჰულეცის ცენტრის შემტევმა ჯგუფმა კიდევ უფრო ღრმად წაიწია წინ. თუმცა რუსული წინააღმდეგობა ხერსონის რაიონში ჯერ კიდევ ხელშესახები და მყარია. თუმცა ეს რა გასაკვირია – უკრაინული დაანონსებული კონტრშეტევის ფონზე რუსული არმიის დიდი რაოდენობა სწორედ აქეთაა გადმოსროლილი. ამასთან, განსხვავებით ხარკივისაგან აქ რუსებს თავდაცვის რამდენიმე ზღუდე აქვთ მოწყობილი. სწორედ ამიტომ უკრაინელები ძალიან ორგანიზებულად და ფრთხილად მიიწევენ წინ. მათ იციან რომ რუსულ არმიას გასაქცევიც ძალიან რთულად აქვს – ყველა ხიდი განადგურებულია. ამასთან, უკრაინული ავიაცია ძალიან ზუსტად ბომბავს ზურგში ჩარჩენილ რუსულ სამხედრო ძალას, ხოლო თავად რუსული ავიაცია საკმაოდ სუსტია. უკრაინელებმა დღეს ორი რუსული მოიერიშე და ერთი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
კომენტარები